დეკანის მიმართვა



გამარჯობა,
გილოცავთ, თქვენ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტი გახდით.
თქვენ იწყებთ ახალ და საინტერესო გზას ჩვენს აკადემიაში, ჩვენთან ერთად და თქვენი ეს არჩევანი მიუთითებს იმაზე, რომ აირჩიეთ არა მხოლოდ მედიკოსის პროფესია, არამედ ის ღირებულება და ფასეულობა, რომელსაც 27 წლის მანძილზე, ჩვენი აკადემია ნერგავს და ზრდის თავის სტუდენტებსა, თუ საზოგადოებაში.
ჩვენი ფასეულობების საუკეთესო გამოხატულებაა თსა-ს მისია, რომელიც გადმოსცემს ჩვენი არსებობის ისტორიას და მომავლის ხედვას:
თსა, როგორც სტუდენტზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ინოვაციური მიდგომით და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნის გამოყენებით, უზრუნველყოფს ეროვნული და საერთაშორისო ჯანდაცვის მიმართულებით პროფესიონალების მომზადებას. ამავდროულად, კვლევაზე დაფუძნებული აქტივობების განხორციელებით, წვლილი შეაქვს საქართველოს საზოგადოების განვითარებაში.”
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას ბევრი შეუძლია შემოგთავაზოთ სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს კუთხით. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს განახლებული და სრულად აღჭურვილი სასწავლო ოთახები, ვირტუალური (VR) და აუგმენტირებული რეალობის  (AR) ოთახები, განახლებული ლაბორატორია და სიმულაციური კლინიკა კლინიკური უნარების ცენტრით. ჩვენი ბიბლიოთეკის მეშვეობით გექნებათ წვდომა დღევანდელ დღეს ხელმისაწვდომ პრაქტიკულად სრულ და სანდო სამეცნიერო ბაზებთან და საბიბლიოთეკო რესურსებთან. სულ მალე რეკრეაციული ზონაც - თეატრი, სპორტული დარბაზი, თქვენს სამსახურში ჩადგება, რაც თქვენს აქ ყოფნას უფრო სასიამოვნოს და სასარგებლოს გახდის.
ამასთანავე, მიუხედავად ზრდის ასეთი ტემპისა, განათლების ხარისხი ჩვენი უპირობო პრიორიტეტია. კვლავ ვიღებთ სტუდენტების მხოლოდ შეზღუდულ რაოდენობას, რაც საშუალებას გვაძლევს, დავაკმაყოფილოთ თქვენი ნებისმიერი ინტერესი სწავლის, კვლევის, მეცნიერებისა თუ პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების კუთხით. 
ჩვენ სრულად მხარში დაგიდგებით, რომ გქონდეთ აქტიური, თვით- და საზოგადოების  განვითარებაზე ორიენტირებული ცხოვრება. მხარს დაგიჭერთ, განავითაროთ კრიტიკული აზროვნება, ინოვაციური და ამავდროულად, მზრუნველი, მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული უნარები 21 საუკუნის გამოწვევების საპასუხოდ. ამისათვის თქვენთან ერთად ვვითარდებით. იმდენივეს ვსწავლობთ თქვენგან, რამდენსაც გასწავლით და ერთად მივდივართ დასახული მიზნისკენ.  და აქ არ არის საუბარი მხოლოდ ექიმის პროფესიაზე, აქ არის საუბარი ადამიანზე. ადამიანზე, რომელიც თავისი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეა, რაც ყოველდღიურ შრომაში და სხვაზე ზრუნვაში მჟღავნდება.
„ჩვენ ვსწავლობთ, რომ ვემსახუროთ, და ვცხოვრობთ, რომ გვიყვარდეს“ - ეს დევიზი თქვენი მომავლის მოტივატორად უნდა აქციოთ, რათა მიღწეული მიზანი იყოს ფასეული.

მედიცინა იწყება აქ!

პატივისცემით,
ნინო კეკენაძე
მედიცინის სკოლის დეკანი