ისტორია

თბილისის სამედიცინო აკადემია დაარსებულ იქნა 1992 წელს გამოჩენილი ქართველი ექიმის, პედიატრიული ქირურგის, პეტრე შოთაძის მიერ. 1970 წლიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მთელი მისი საექიმო , სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა დაკავშირებული იყო ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტთან (საქართველოს სახ . სამედიცინო აკადემია), სადაც განვლო გზა ასპირანტიდან ბავშვთა ქირურგიის კათედრის გამგემდე და რექტორამდე. პ. შოთაძის ინიციატივით დაარსდა თბილისის სამედიცინო აკადემია, რომელსაც 1999 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ “პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია” (თსა) ეწოდა. დაარსების დღიდან თსა-მ აღზარდა 1500-ზე მეტი ექიმი და დიპლომირებული მედიკოსი, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ საქართველოსა და საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში, უნივერსიტეტებში და სამეცნიერო კვლევით ცენტრებში.