ეროვნული სკრინინგ ცენტრი თბილისის სამედიცინო აკადემიასთან ერთად პროექტს იწყებს
2019-11-28

ეროვნული სკრინინგ ცენტრი, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიასთან ერთად, სკრინინგის მნიშვნელობისა და სკრინინგ პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის დონის განსაზღვრისთვის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია, საზოგადოების ცოდნის, შიშებისა და განწყობის დადგენა სკრინინგის პროგრამასთან მიმართებაში. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, დაიგეგმება საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიმართული იქნება იმ განწყობების საპასუხოდ, რაც გამოიკვეთება კვლევის შედეგების მიხედვით. აღნიშნული ხელს შეუწყობს სკრინინგ პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის მაჩვენებლის გაზრდას და სკრინინგის კვლევების ჩატარების აუცილებლობის გაცნობიერებას. პროექტის ფარგლებში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა, ეთერ კიღურაძემ შეხვედრა გამართა პროექტის მონაწილე სტუდენტებთან და პრეზენტაცია გამართა სკრინინგის მნიშვნელობაზე, როგორც კიბოს პრევენციის საშუალებაზე, მომართვიანობის სტატისტიკასა და პროგრამის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მიმართულ ღონისძიებებზე. ასევე, ეთერ კიღურაძემ ყურადღება გაამახვილა კვლევის მნიშვნელობაზე და საზოგადოებაში სკრინინგის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხრივ ძალისხმევასა და სტუდენტების პროექტში მონაწილეობის როლზე. „პირველ რიგში, მინდა მადლიერება გამოვხატო სამედიცინო აკადემიის მიმართ, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი გახდა ამ პროექტის განხორციელება. მოხარული ვარ, რომ ამდენმა სტუდენტმა გამოხატა სურვილი, კვლევაში ჩართულიყო. ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, ერთი მხრივ, როგორც ახალგაზრდების, რომელთაც დიდი როლი მიგიძღვით საზოგადოებაში სკრინინგის ჩატარების კულტურის ჩამოყალიბებაზე და აცნობიერებთ თქვენს სოციალურ პასუხისმგებლობას და მეორე მხრივ, როგორც მომავალი ექიმების, რომლებიც აქედანვე იღებენ პასუხისმგებლობას პაციენტების ჯანმრთელობასა და პრევენციული ღონისძიებების დანერგვაზე“, - განაცხადა ეთერ კიღურაძემ. პრეზენტაციის შემდეგ, ცენტრის დირექტორმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და ეროვნული სკრინინგ ცენტრი დაათვალიერებინა.