განხორციელებული პროექტები


თსა-ს სტუდენტების წარმატება სამეცნიერო ასპარეზზე

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია მუდმივად ისწრაფვის, რათა ხელი შეუწყოს სტუდენტებს შორის სამეცნიერო პოტენციალის გამოვლინებასა და განმტკიცებას. სწორედ ამ მიზნით, თსა-ს სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტების ფარგლებში, 2017 წელს დაფინანსდა საქართველოს ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების (YSU) მიერ განხორციელებული პროექტი, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი თსა-ს სტუდენტები.
პროექტი მიზნად ისახავდა ლაბორატორიულ თაგვებში სტრესის პირობებში ერლიხის კარცინომის სიმსივნური ზრდის განვითარების დინამიკისა და მოცირკულირე კორტიკოსტერონის დონის შეფასებას.
თსა-ს აქტიური მხარდაჭერით მოხდა ტრენინგების ორგანიზება პროექტში ჩართული ახალგაზრდა მეცნიერებისათვის, ექსპერიმენტული კვლევის დაგეგმვისა და შესაბამისი გარემოს შექმნის გზების შესახებ. აღსანიშნავია, რომ კვლევითი პროცესის მნიშვნელოვანი წილი განხორციელდა სწორედ თსა-ს ლაბორატორიიის ბაზაზე,
აღნსანიშნავია, რომ პროექტში კვლევის სხვადასხვა ეტაპზე ასევე ჩართულნი იყვნენ ივანე ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ლუგარის ლაბორატორია, აგრარული უნივერსიტეტის იმუნოლოგიის ლაბორატორია, არასამთავრობო ორგანიზაცია „ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაცია“ და სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი „ვიტალისი“.
პროექტის შუალედური შედეგები წარდგენილ იქნა 2017 წლის ოქტომბერში გამართული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში, ივანე ბერიტაშვილის სახ. ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში გამართულ “ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე”.
ამჟამად, კვლევის საბოლოო მონაცემები დამუშავების ფაზაშია, ხოლო ფინალური შედეგები გამოქვეყნდება სამეცნიერო სტატიის სახით.

თსა მიესალმება სტუდენტთა ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით აქტივობებში, მადლობას უხდის პროექტის მონაწილე სტუდენტებს აქტიური და ფასეული ჩართულობისათვის და მომავალშიც მხარს დაუჭერს სამეცნიერო-კვლევით აქტივობებს.   

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “Medi Club Georgia”-ში

2016  წლის 17 დეკემბერს “Medi Club Georgia”-ში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ანტიბიოტიკორეზისტენტობის თემას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. პროექტი ორგანიზებული და განხორციელებული იქნა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის მიერ.
პროექტის მიმდინარეობის პროცესში, თსა-ს სტუდენტები ჩართულნი იყვნენ აკადემიის აფილირებულ სხვადასხვა კლინიკაში მიმდინარე კვლევებში და აკადემიის პროფესორებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სამეცნიერო პროცესში.
თსა-ს სტუდენტებთან ერთად მომხსენებლები წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი უნივერსიტეტებიდან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროექტის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

თსა-ს ადმინისტრაცია მადლობას უხდის “Medi Club Georgia”-ს ხელმძღვანელობას და პროექტში ჩართულ ყველა მონაწილეს გაწეული შრომისათვის.



„რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგები საქართველოში”

  

2016 წლის იანვრიდან დღემდე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე, ტუბერკულოზის მართვის ეროვნული პროგრამისა ფარგლებში,თსა-ს სტუდენტების, ნინო ძაგანიასა და მაჰმუუდ მოჰამმედ საბერუდდინ მაჰმუუდის მონაწილეობით ხორციელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა თემაზე: „რეზისტენტული ტუბერკულოზის  მკურნალობის შედეგები საქართველოში“ („Drug Resistant Tuberculosis Treatment in Georgia“). კვლევა ტარდება ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტის უფროსის, პროფ. ნესტან ტუკვაძის და თსა-ს ასოცირებული პროფესორის, მაკა ზარნაძის ხელმძღვანელობით. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემის შეჩერებას და ქვეყანაში ავადობის ელიმინაციას. თსა-ს ადმინისტრაცია მხარს უჭერს სტუდენტთა ჩართულობას გლობალური ჯანმრთელობის პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში და მადლობას უცხადებს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასა და მეცნიერებს გაწეული შრომისათვის. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული



„პალიატიური რადიოთერაპია და მისი დადებითი შედეგები“

2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით, ფრიდონ თოდუას კლინიკური მედიცინის ცენტრში განხორციელდა მეტად საინტერესო რეტროსპექტული ტიპის სტუდენტური კვლევები თემებზე: „პალიატიური რადიოთერაპია და მისი დადებითი შედეგები“ ( Advantages of Palliative Radiotherapy), და „კანის მწვავე ტოქსიურობა რადიოთერაპიული მკურნალობის დროს“ (Acute skin Toxicity in Radiotherapy). კვლევას ახორციელებდნენ თსა-ს ინგლისურენოვანი მედიცინის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები, დუმპატი ტირუპატი და ალსაეფ მოჰამმად რიდჰა იმადი მაშადი. კვლევების სამეცნიერო ხელმძღვანელი გახლდათ რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რადიაციული ონკოლოგის სპეციალისტი, ირაკლი ზუმბაძე. ჩატარებული კვლევის შედეგებით 2016 წლის 7-8 მაისს სტუდენტები ზეპირი მოხსენებით წარდგნენ საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციისა და კლინიკური მედიცინისა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ რადიოლოგთა მე-4 საერთაშორისო კონგრესზე, რომელსაც მასპინძლობდა სასტუმრო „Radisson Blue Iveria“. გამომსვლელთა მოხსენებებმა დამსწრე სამეცნიერო საზოგადოების ინტერესი და დადებითი შეფასებები გამოიწვია. თსა-ს ადმინისტრაცია მადლობას საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციისა და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებს და ულოცავს სტუდენტებს ამ წარმატებას.



სტუდენტთა XVIII სამეცნიერო კონფერენცია თსა-ში.

4 ივნისს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა სტუდენტთა XVIII სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 21 სტუდენტის სამეცნიერო მოხსენება. თსა-ს სტუდენტების გარდა კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტის“ სტუდენტები. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები, ხოლო 2 საუკეთესო მოხსენებელს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი.