ნანუკა ყაჭიური / Nanuka Katchiuri
თსა-ს სტუდენტი / TMA Student
ჩემი მოგზაურობა გერმანიაში: კვლევიდან შთაგონებამდე
ზაფხულის დასაწყისში მე, ნანა ყაჭიური და მარიამ ქევხიშვილი, ორ გერმანელ სტუდენტთან ერთად შეგვარჩიეს 6 თვიან კვლევით პროექტზე, რომლის მთავარი მიზანია: თბილისის მოსახლეობაში ჰაერის დაბინძურებისა და მისი ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესახებ ცოდნის, ჯანმრთელობის რისკის აღქმისა და პრაქტიკის შეფასება.
ამ კვლევის დამსახურებით, ჩვენ მიგვიწვიეს გერმანიში, ბერლინის აკონის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენი კვლევა წარგვედგინა ახალგაზრდა მკვლევართა სიმპოზიუმზე.
სიმპოზიუმი ჩატარდა 11-12 ოქტომბერს, და ეს მართლაც დაუვიწყარი გამოცდილება იყო, გავეცანით ახალგაზრდების კვლევებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გავცვალეთ იდეები და დავამყარეთ ახალი სამეცნიერო, ასევე კულტურული, კავშირები, რაც მომავალში დაგვეხმარება საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაში. ამ გამოცდილებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩვენი ხედვა კვლევითი საქმიანობისადმი, შეგვძინა ახალი ცოდნა და უნარები, გაგვაძლიერა როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად და კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა, რომ აქტიურად განვაგრძოთ საქმიანობა კვლევითი კუთხით, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში.
11 ოქტომბერს ჩვენ ასევე დავესწარით ვირხოვის პრიზის ცერემონიას, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს იმ ადამიანებს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გლობალურ ჯანმრთელობაში.
წელს ლაურეატებად დასახელდნენ პროფესორი კვარაიშა აბდულ ქარიმი, ქალებში აივ ინფექციის პრევენციის პიონერული კვლევებისთვის და დოქტორი ზულფიქარ ბუტა, რომელიც ათწლეულებია იბრძვის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ცერემონია ძალიან შთამბეჭდავი იყო. იქ შეკრებილი ადამიანები და მათ მიერ მოყოლილი ისტორიები გვახსენებდა თუ რამდენად დიდი ძალა აქვს მეცნიერებასა და თანაგრძნობას ერთად.12-14 ოქტომბერს ასევე მონაწილეობა მივიღეთ მსოფლიო ჯანმრთელობის სამიტში, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფორუმში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში. სამიტმა შეკრიბა მეცნიერები, სამედიცინო ექსპერტები და პოლიტიკის შემმუშავებლები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რათა განეხილათ ისეთი თემები, როგორებიცაა კლიმატი და ჯანმრთელობა, თანასწორობა, ინოვაციები და ციფრული მედიცინა.
ჩემთვის, როგორც მომავალი გინეკოლოგისთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო ქალთა ჯანმრთელობაზე ორიენტირებული სესიები. მათი მეშვეობით დავინახე თუ რამდენად ნაკლებად არის ქალთა დაავადებები შესწავლილი და თუ რამდენად მცირედ ყურადღებას ვაქცევთ, ჩვენ ექიმები მათ სიმპტომებს.
ჩემთვის ეს შეხვედრა უბრალო კონფერენციაზე მეტი იყო. ეს იყო გამოცდილება, რომელმაც მაჩვენა, თუ როგორ უკავშირდება გლობალური იდეები ადგილობრივ ქმედებებს და როგორ შეუძლია თუნდაც მცირე კვლევას დიდი ცვლილების ნაწილი გახდეს.
