ბერლინური დღეები
მას შემდეგ, რაც გავიგე რომ ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო
სიმპოზიუმზე დასწრებისა და კვლევის წარდგენის საშუალება მექნებოდა, მოუთმენლად ველოდი
ამ დღის დადგომას. სიმპოზიუმი ბერლინში, აკონის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში
იმართებოდა, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო სამიტის სატელიტი ღონისძიება.
საოცარი გამოცდილება მივიღე ამ რამდენიმე დღის განმავლობაში. შესაძლებლობა
მქონდა მომესმინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც
გვიზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებასა თუ ცოდნას ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების
შესახებ. მათთან საუბარი და კონტაქტის დამყარება ძალიან ინფორმაციული იყო, რამაც კიდევ
უფრო ნათლად დამანახა სხვადასხვა გამოწვევა და ის, რომ მიუხედავად კულტურული თუ სხვა
უამრავი განსხვავებისა, ძალიან ბევრი საერთო პრობლემის წინაშე დგას მსოფლიო და მსგავსი
ღონისძიებები გვეხმარება ერთმანეთის გამოცდილების და ცოდნის გაზიარებით ამ პრობლემების
გადაჭრის გზები ვიპოვოთ.
ძალიან გამიხარდა, რომ ამ სიმპოზიუმზე თსა-ს პროექტის წარდგენის
საშუალებაც მომეცა. “ფოტოკამერის ობიექტივში: სოფლად მაცხოვრებელთა ჯანმრთელობაზე მოქმედი
ფაქტორების შესწავლა მედიცინის სტუდენტებთან ერთად” - ასე ჰქვია ჩვენს კვლევას, რომელმაც
ძალიან დააინტერესა მსმენელი. პრეზენტაციის წარდგენისას ვხედავდი მსმენელების სახეებს,
როგორ შთაბეჭდილებას ახდენდა მათზე ფოტოები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია
გადაღებული და ასახავს იმ გამოწვევებს, რომლებთანაც სოფლის ექიმებს ყოველდღიურად აქვთ
შეხება. ვხედავდი, როგორ მოსწონდათ ფოტოები, სადაც ჩანდა ექიმებისა და პაციენტების
თბილი დამოკიდებულება ერთმანეთისადმი.
პრეზენტაციის შემდეგ დისკუსიაც გაიმართა. ბევრი მსმენელი სიმპოზიუმის
დასრულების შემდეგ გაგვესაუბრა და გვიზიარებდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებს, გვისვამდნენ
კითხვებს. როგორც ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, ,,არ მეგონა ამ საკითხის ასეთი
კუთხით დანახვა თუ შეიძლებოდაო“. სასიამოვნო იყო, იმის მოსმენა, რომ ჩვენმა კვლევამ
ასეთი შთაბეჭდილება დატოვა მსმენელზე და სხვა კუთხით დაანახა ჯანმრთელობის განმსაზღვრელი
ფაქტორები.
ცალკე კიდევ უამრავი რამის დაწერა შეიძლება იმ გამოცდილებაზე, რომელიც
ჯანმრთელობის მსოფლიო სამიტზე მივიღე, თუმცა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, Virchow
Prize 2024-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გამომსვლელის სიტყვებით დავასრულებ წერას. რადგან
ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მიღებული გამოცდილება ყველაზე მეტად დამეხმარა იმის
გააზრებაში, რომ ,,ჯანმრთელობა ყველა ადამიანის უფლებაა'' და ჩვენც, სამედიცინო სფეროს
თითოეული წარმომადგენელი, პასუხისმგებლები ვართ ამ ყველაფერში შევიტანოთ წვლილი.


