· 3 წუთი საკითხავი · სტუდენტური ცხოვრება
მე ვარდისფერში
მე ვარდისფერში



მე ვარდისფერში


როგორც წესი, ოქტომბერი  შემოდგომის ნარინჯისფერი ტონებით მოდის, თუმცა, წლევანდელი ოქტომბერი ვარდისფერი იყო და მეც მქონდა პატივი, ვყოფილიყავი ამ ცვლილების ნაწილი.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს უნივერსიტეტს, თსა-ს, რომ მიჩვენა სწორი მიმართულება.  მე, როგორც ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის სტუდენტური ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით გავმართე პირველი ღონისძიება - “She leads!”

სტუდენტების ხელმძღვანელობით, ამ ღონისძიებამ გააერთიანა ჯანდაცვის ორგანიზაციები მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ქალების როლს ჯანდაცვის სექტორში.
გარდა ამისა, ვხელმძღვანელობ კამპანიებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით „Mental Health Unscripted”, ეს არის ახლადდაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის მიზანია საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, ონკოსაზოგადოება “ჰოუფთან” ერთად მონაწილეობა მივიღე აქტივობაში სახელწოდებით “BAKE OF HOPE”, რაც გულისხმობდა ვარდისფერი ორცხობილების გამოცხობას, რომელიც თბილისის მასშტაბით დარიგდა ძუძუს კიბოს შესახებ,  და ზოგადად,  ამ დაავადების ადრეული გამოვლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. 

ვარდისფერი დღე თსა-ში, ეს ერთ-ერთი გამორჩეული დღე იყო. შეიძლება იფიქროთ, რომ ფერადი სამოსის ტარება არ განგასხვავებთ სხვებისგან, მაგრამ ამჯერად ეს ასე არ იყო. ვარდისფერმა სამოსმა ხალხში გააჩინა კითხვები, მათ დაიწყეს ამაზე საუბარი და ბევრმა მათგანმა შეიტყო, რომ ეს ფერი ძუძუს კიბოსთან არის დაკავშირებული. საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევნიშნე, რომ ადამიანები მიყურებდნენ, საუბრობდნენ ჩემს ვარდისფერ პერანგზე, რამდენიმეს გაეცინა კიდეც, მაგრამ მე ამის გამო არ შემრცხვა, პირიქით, მიხაროდა, რომ მათში ამ ყველაფერმა ინტერესი გამოიწვია და ცნობისმოყვარეობა დააღვიძა. ალბათ  აინტერესებდათ, რატომ მეცვა ასე, ასევე შენიშნეს ჩემი ვარდისფერი ბროშიც, აკვირდებოდნენ, აინტერესებდათ, რისი სიმბოლო იყო ეს. იქნებ გაიგონ მეტიც ძუძუს კიბოს შესახებ და მისი ადრეული გამოვლენის მნიშვნელობაზეც დაფიქრდნენ.


ძუძუს კიბო, ერთ-ერთი ყველაზე განკურნებადი სიმსივნეა. 

მთავარია, მისი ადრეული დიაგნოსტიკა. ონკოსაზოგადოება “ჰოუფის” წარმომადგენელი ქალები, ამისი ნათელი მაგალითი არიან. ეს საოცარი ქალები ხშირად გვსტუმრობენ თსა-ში და  დროთა განმავლობაში ისინი ჩვენი ახლო მეგობრებიც გახდნენ. ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, უკვე თბილი ჩახუტებით მესალმებიან. ქალბატონი ანა, საზოგადოების ხელმძღვანელი, მეძახის კიდეც "მის შვილს, მის დათუნიას" და ეს არის სახელი, რომელსაც სიამაყით ვატარებ. 

თსა-ში გატარებული ხუთი წლისთავზე, განსაკუთრებული ოქტომბერი დადგა ჩემს ცხოვრებაში. ასე ახლო კავშირი თავისუფლების მოედანთან არასოდეს მიგრძნია. თითქოს მთელი ქალაქი ჩვენს გარშემო ტრიალებდა. ონკოსაზოგადოება “ჰოუფთან”ერთად წმინდა გიორგის მონუმენტის გარშემო ჩავჭიდეთ ხელები, შევკარით ცოცხალი ჯაჭვი, ცაში გავუშვით ვარდისფერი ბუშტები და ერთად ვთქვით ხმამაღლა:  "თქვენი სიცოცხლე თქვენს ხელშია". ჩემთვის ვარდისფერი სამოსის ტარება საამაყო გახდა, სწორედ ისე, როგორც სერიალ “თანამედროვე ოჯახის” პერსონაჟი კემი ამბობს “ვარდისფერს ვუყვარვარ”. თუ ერთი ადამიანი მაინც დაფიქრდება, მიიღებს შესაბამის ზომებს, მოიძიებს ინფორმაციას ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ, ჩემთვის ეს იქნება გამარჯვება.
 


გაზიარება: Facebook Telegram