თავგადასავლებით სავსე საზაფხულო სტაჟირება
მე მარიამ ბექაური ვარ, თბილისის სამედიცინო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი. მინდა ჩემი საინტერესო ზაფხულის შესახებ მოკლედ მოგიყვეთ.
თბილისის სამედიცინო აკადემიის საზაფხულო სტაჟირების ფარგლებში ამ ზაფხულს საოცარი შესაძლებლობა მქონდა, გამევლო სტაჟირება ლიეტუვაში, კლაიპედას საუნივერსიტეტო საავადმყოფოში და განმევითარებინა ჩემი, როგორც მომავალი ექიმის, სამედიცინო უნარ-ჩვევები. ამ პროექტის ფარგლებში არაერთი გამოცდილი და თავისი საქმის ოსტატი ექიმი გავიცანი. იქ, სხვა კურსის სტუდენტებიც იყვნენ, რაც სტაჟირებას განსაკუთრებით საინტერესოს და დასამახსოვრებელს ხდიდა.სტაჟირების განმავლობაში, გამიმართლა და შესანიშნავი პროფესორი მყავდა, რომელიც შემდეგ ჩემი მენტორიც გახდა. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა, განსაკუთრებით ენდოკრინოლოგიურ დარღვევებთან დაკავშირებით. მაქსიმალურად შევეცადე, რაც შეიძლება მეტი მესწავლა მისგან, რათა ეს ცოდნა ჩემს მომავალ პრაქტიკაში გამომეყენებინა. ეს შესანიშნავი და თავგადასავლებით სავსე ზაფხული ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტში გავატარე, სადაც ბევრი საინტერესო პაციენტი ვნახე. შევხვდი არაერთ იშვიათ დაავადებას, მათ შორის ისეთებს რომელთა დიაგნოზების შესახებ მხოლოდ სახელმძღვანელოებში თუ მქონდა წაკითხული. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, რაც ვნახე, ედისონის დაავადების მქონე პაციენტი იყო. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩემი პროფესორის დამსახურებით, ფარისებრის ულტრაბგერითი გამოკვლევაც კი ჩავატარე. ვაღიარებ, თეორიის პრაქტიკაში გამოყენება მართლაც, რომ გასაოცარი და ამაღელვებელი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს დროს ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტში ვატარებდი, მედიცინის სხვა დარგის ოპერაციებსაც ვესწრებოდი. ამ ოპერაციებიდან Whipple's ოპერაცია ყველაზე რთული, ხანგრძლივი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. აქამდე საოპერაციო გარემო ჩემთვის სრულიად უცხო იყო, რადგან ოპერაციებზე დასწრების საშუალება საზაფხულო სტაჟირებამდე არასდროს მქონია. სიმართლე გითხრათ, ბევრმა ფაქტორმა გამოიწვია ჩემში აღტაცება, მათ შორის იმ ფაქტმა, რომ ოპერაციისას ექიმები როკ მუსიკას უსმენდნენ, თითქოს ეს მუსიკა უფრო მშვიდ და ფოკუსირებულ ატმოსფეროს ქმნიდა. საოცარი გარემოს მიუხედავად, ექიმების პროფესიონალიზმი და თბილი დამოკიდებულება მეხმარებოდა მათთან კომუნიკაციაში და არაერთი მნიშვნელოვანი უნარის შესწავლაში.
თავისუფალ დროს ქალაქის დათვალიერებას, უცხო კულტურის შეცნობასა და ზღვის სანაპიროზე ფრენბურთის თამაშში ვატარებდით. ასევე შესაძლებლობა გვქონდა დავმტკბარიყავით მზის ჩასვლით, რომელიც მართლაც ულამაზესი იყო ბალტიის ზღვის ფონზე. ხშირად იახტითაც გადავდიოდით სხვა ზღვისპირა ქალაქებში და ვტკბებოდით ლიეტუვის სილამაზით, წყნარი და მშვიდი გარემოთი. ევროპის შუაგულში მდებარე, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსსაც ვესტუმრეთ, რომლის ისტორია ჯერ კიდევ ნეოლითის ხანიდან იწყება. რამდენიმე დღე ლატვიაშიც დავყავით, დავათვალიერეთ რიგა. ქალაქის ღირსშესანიშნაობებით, ისტორიით, კულტურითა და არქიტექტურით აღფრთოვანებული დავრჩით. ასევე მოვინახულეთ არაერთი მუზეუმი, რამაც ჩვენს მოგზაურობას საინტერესო ისტორია შემატა.
ვფიქრობ, ამ სტაჟირებამ შესაძლებლობა მომცა მედიცინა სხვა კუთხით დამენახა და
პიროვნული განვითარებისთვის წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადამედგა. ჩემთვის ეს ზაფხული ძალიან ნაყოფიერი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რადგან არაერთ საინტერესო ადამიანს შევხვდი, ბევრი ახალი მოგონება შევქმენი და დიდი გამოცდილებაც მივიღე. უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტმა შემმატა მოტივაცია, რათა უფრო მეტი რამ ვისწავლო და გავხდე ღირსეული ექიმი. ვთვლი, რომ ეს სტაჟირება ყოველთვის განსაკუთრებული იქნება ჩემი, როგორც ექიმის, თავგადასავლებით სავსე გზაზე.


