· 3 წუთი საკითხავი · აკადემიური
ევროპული მოგონებები კლაიპედადან
ევროპული მოგონებები კლაიპედადან



ევროპული მოგონებები კლაიპედადან


კლაიპედაში გატარებული ერთი თვე გახლდათ ზუსტად ისეთი, ალბათ, როგორც თითოეულ ჩვენგანს მხოლოდ ტელესერიალებში გვაქვს ნანახი. ეს გახლდათ მიქსი კლინიკური და კულტურული თავგადასავლებისა.

მე საბა ზაქრაძე ვარ, თსა-ს მე-3 კურსის სტუდენტი და ჩემი ერთთვიანი სტაჟირება კლაიპედას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იყო ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილება. 

ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის განყოფილებებში გატარებულმა დრომ მომცა უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება მოწინავე ქირურგიული ტექნიკებისა და საავადმყოფოს პრაქტიკის შესახებ. ჩემი გამოცდილების ყველაზე საინტერესო ასპექტი, რობოტული ქირურგია გახლდათ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული საქართველოში. გარდა ჩემი კლინიკური მოვალეობებისა, მე ასევე მქონდა შესაძლებლობა გამომეცადა კლაიპედას, როგორც ევროპული ქალაქის, ცხოვრება და ჩავრთულიყავი სხვადასხვა კულტურულ და რეკრეაციულ აქტივობაში.

კლაიპედაში ჩასვლის მომენტიდან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა კარგად სტრუქტურირებულმა და ეფექტიანმა კლინიკის სისტემამ. საავადმყოფო, სადაც მე ყოველდღიურად დავდიოდი და ვესწრებოდი დღეში არაერთ ოპერაციას, აღჭურვილი იყო თანამედროვე ტექნოლოგიებით, ხოლო სამედიცინო პერსონალი იყო მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი. მომეცა საშუალება გავცნობოდი ტრავმატოლოგიურ ქირურგიასა და ორთოპედიას, იმ ორ სფეროს, რომლებიც დინამიკური და კრიტიკულია დაზიანებებისა და ძვალ-კუნთოვანი მდგომარეობების სამკურნალოდ.

ოპერაციები, რომლებშიც ვმონაწილეობდი, მერყეობდა მოტეხილობების რუტინული შეკეთებიდან უფრო რთულ ორთოპედიულ პროცედურებამდე, როგორიცაა სახსრების შეცვლა-რეკონსტრუქცია, კიდურების ამპუტაცია. თითოეული ოპერაცია წარმოადგენდა უნიკალურ გამოწვევას ჩემთვის და მე ყოველ ჯერზე მაოცებდა ის სიზუსტე და გუნდური მუშაობა, რომელსაც ქირურგები ყველა ოპერაციის განმავლობაში ავლენდნენ. ქირურგები იყვნენ არა მხოლოდ ტექნიკურად დახელოვნებული, არამედ გამორჩეულნი ემპათიით - ხაზს უსვამდნენ პაციენტის მოვლასა და შედეგებს ყველა ეტაპზე. მათ გვერდით მუშაობამ საშუალება მომცა გავცნობოდი ქირურგიული მოვლისა და პოსტოპერაციული გამოჯანმრთელების სხვადასხვა მიდგომას, გამიფართოვა ტრავმისა და ორთოპედიული ქირურგიის შესახებ ჩემი აღქმა. 

კლაიპედაში ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მომენტი იყო ჩემი მონაწილეობა რობოტულ ქირურგიაში. საქართველოში რობოტით დამხმარე ოპერაციები ჯერ კიდევ შედარებით იშვიათია, ამიტომ ამ ტიპის პროცედურების ყურება და მასში მონაწილეობა განსაკუთრებულად საინტერესო გამოცდილება იყო. რობოტული სისტემების სიზუსტის დონე გასაოცარია და ცხადია, ეს ტექნოლოგია აძლიერებს შედეგებს პროცედურების ინვაზიურობისა და გამოჯანმრთელების დროის შემცირებით. ქირურგის ხელებით შესრულებული რობოტის თითოეული მოძრაობა განსაკუთრებულად ამაღელვებელი გახლდათ, რადგან ასეთი გამოცდილების მიღების საშუალება დამერწმუნებით ყოველ დღე ნამდვილად არ გვაქვს. ამ ოპერაციებში მონაწილეობამ დამარწმუნა, რომ იქ მიღებული გამოცდილება აუცილებლად უნდა დაინერგოს ჩვენს ქვეყანაშიც, რათა კიდევ უფრო მივუახლოვდეთ ევროპული მაღალკვალიფიციური მკურნალობის მეთოდებს. მე მჯერა, რომ რობოტული ქირურგიის ინკორპორაცია უფრო მეტ საავადმყოფოში გლობალურად, მათ შორის საქართველოშიც, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პაციენტების მოვლას და ქირურგიის წარმატების მაჩვენებელს. შთამაგონებელი იყო იმის დანახვა, თუ როგორ შეიძლება მოწინავე ტექნოლოგიების შეუფერხებლად ინტეგრირება საოპერაციო ოთახში.

საავადმყოფოს მიღმა, ჩემი გამოცდილება კლაიპედაში ისეთივე საინტერესო გახლდათ, როგორიც კლინიკაში. თავად ქალაქი ბალტიის ზღვაზე დამალული ძვირფასი ქვაა, ისტორიული არქიტექტურისა და თანამედროვე კეთილმოწყობის მომხიბვლელი ნაზავით. თავისუფალ დროს ქალაქის ბევრ პარკს ვათვალიერებდი და სხვადასხვა კაფეს ვსტუმრობდი.  სტაჟირებამ საშუალება მომცა გამომეცადა არამხოლოდ ევროპულ კლინიკაში მუშაობა, არამედ ამდენი ხნის განმავლობაში ულამაზეს ზღვისპირა ქალაქში ცხოვრებაც.


მშვიდმა ატმოსფერომ და მეგობრულმა ხალხმა ჩემი ყოფნა კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა. ჩემი დრო კლაიპედაში იყო არა მხოლოდ პროფესიული ეტაპი, არამედ პირადი თავგადასავალიც. ბალანსი საავადმყოფოში მკაცრ მუშაობასა და ახალი კულტურის შესწავლაში, ამ მოგზაურობას, მართლაც, განსაკუთრებულს ხდიდა. ამ ერთთვიანმა ყოფამ ასევე დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი გამოცდილების მიღება და შემდეგ მათი დანერგვა განსაკუთრებით, როდესაც მედიცინის სფეროს წარმომადგენელი ხარ. კლაიპედაში დარჩა უამრავი მოგონება და თავგადასავალი, მაგრამ თან წამოვიღე უზარმაზარი გამოცდილება, ცოდნა, შევიძინე ახალი მეგობრები და გამოვცადე სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში თანაცხოვრება ჩემს კოლეგებთან ერთად.



გაზიარება: Facebook Telegram