· 4 წუთი საკითხავი · აკადემიური
აღმოჩენებით სავსე ერთი თვე
აღმოჩენებით სავსე ერთი თვე

                                                                                                                                                                                                                ნია ნიშნიანიძე / Nia Nishnianidze


აღმოჩენებით სავსე ერთი თვე

მე ვარ ნია ნიშნიანიძე, თბილისის სამედიცინო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტი და ერთთვიანი გაცვლითი პროგრამით კლაიპედას საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ვიმყოფებოდი.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტია, რომელმაც საშუალება მოგვცა კლინიკურ გარემოში მიგვეღო პრაქტიკული გამოცდილება. ჩემი სურვილიც სწორედ ეს იყო, რომ დავსწრებოდი ოპერაციებს, ექიმების კოლექტიურ მუშაობას, რომელთა თითოეული ინსტრუმენტი არჩეულია კონკრეტული მიზნისთვის და თითოეული მოძრაობაც მიზანმიმართულია.  ასევე, მინდოდა გავცნობოდი უცხო კულტურას. კლაიპედაში გატარებულმა ერთმა თვემ კი, ნამდვილად მომცა ამის საშუალება და უამრავი სასიამოვნო მოგონებაც დამიგროვდა. 

ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში დაგვხვდა მეგობრული გარემო. ყველა ცდილობდა ჩვენთვის გასაგებად აეხსნა ოპერაციის მსვლელობის პროცესი. ამოუწურავ პასუხს გვცემდნენ ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე და ყურადღებას გვიმახვილებდნენ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ოპერაციის დამღლელ საათებს საინტერესოს ხდიდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია Neilas Ceinorius-ის ღვაწლი, რომელიც ჩამოსვლის დღიდან იყო ჩვენი მეგზური. ყველანაირად გვეხმარებოდა, რომ ყოველი დღე ყოფილიყო პროდუქტიული და საინტერესო. ყურადღებას გვაქცევდა, გვაძლევდა რჩევებს, მხარს გვიჭერდა და გულწრფელად იზიარებდა ჩვენს თითოეულ წარმატებას.

კლაიპედაში ყოფნის დროს  დავესწარით ლაპაროსკოპიულ ქოლეცისტექტომიას, linea alba hernioplasty, laparoscopic inguinal hernioploasty, umbilical hernioplasty, partial gastrectomy. ამ
ოპერაციების შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ლაპარასკოპიული ქირურგია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა ქირურგიაში, რადგან არის მინიმალურ-ინვაზიური, აქვს ნაკლები პოსტოპერაციული ტკივილი, ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია და რაც მთავარია, გართულების რისკი ძალიან დაბალია.

ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ოპერაცია იყო Haemorrhoidectomy, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი Sniuolis, მე კი ვიყავი  ასისტენტი. თავიდან რა თქმა უნდა ვნერვიულობდი, მაგრამ ოპერაციის მსვლელობის დროს ამ ამპლუაში ყოფნა ისე მომეწონა, რომ ყველა შიში გამიქრა. საოპერაციო პერსონალიც გვერდით მედგა. ოპერაციის დასასრულს კი ხელი ჩამომართვეს და მომილოცეს ჩემი პირველი ასისტი, რაც ძალიან დასაფასებელი ჟესტი იყო. უცხო მიწაზე, უცხო ხალხის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა უფრო სასიამოვნო და დასაფასებელია.

იყო დღეები, როცა არ იყო მუცლის ღრუს ოპერაციები დანიშნული, მაგრამ მაინც გვქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდით კარდიოქირურგიულ და სისხლძარღვთა ქირურგიულ ოპერაციებს. აქედან გამოვარჩევდი ღია გულის ოპერაციას, რომელიც იყო ძალიან ამაღელვებელი ჩემთვის, რადგან პირველად ვიყავი მსგავსი ტიპის ოპერაციაზე და პირველად მქონდა შესაძლებლობა ასე ახლოდან დამენახა გულის ფეთქვა. აღსანიშნავია ქირურგიული გუნდის ოსტატობა, სიზუსტე, სიმშვიდე, რაც ხაზს უსვამს მათ პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას.

დღის ბოლოს ძალიან ვიღლებოდით, მაგრამ მაინც ვპოულობდით დროს, ვიკრეფდით ენერგიას და ვათვალიერებდით ქალაქს. კლაიპედა, ლიეტუვის საპორტო ქალაქი, გამოირჩეოდა ისტორიული და თანამედროვე ქუჩების ნაზავით. ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ქუჩა იყო ტილტუ, რომელიც მდებარეობდა ძველი ქალაქის შუაგულში და მომხიბლავი იყო ვიწრო, ისტორიული შენობებით, რომლებიც ასახავდა ქალაქის მდიდარ საზღვაო მემკვიდრეობას. უნდა აღინიშნოს კლაიპედას სანაპიროებიც, რომლებიც ნამდვილად დაგვეხმარა დასვენებაში და უფრო გაგვილამაზა დღეები.


გაცვლითმა პროგრამამ საშუალება მოგვცა  პრაქტიკულ მეცადინეობებთან ერთად გამოგვეძებნა დრო და დაგვეთვალიერებინა ქალაქები, რაც უფრო მრავალფეროვანს ხდიდა ჩვენს მოგზაურობას.

კლაიპედას გარდა, ვიყავით ვილნიუსში, ლიეტუვის დედაქალაქში, რომელიც არის შუა საუკუნეების ძველი ქალაქი და შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ვილნიუსი მომხიბლავი იყო  არაჩვეულებრივი ისტორიით, კულტურით, არქიტექტურით, ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით. ჩვენ მოვინახულეთ მრავალი ღირსშესანიშნაობა, მათგან გამოვარჩევდი Orthodox church of the Holy Spirit, Church of St. Theresa, Vilnius St. Virgin Maria's Church, and Vilnius picture gallery.

გარდა ამისა, ვიყავით რიგაში, რომელიც ასევე შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. ამ  ქალაქის ხიბლი იყო ქვაფენილიანი ქუჩები, შუა საუკუნეების შენობები და სხვა  მრავალი ღირსშესანიშნაობა. ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო იყო House of the blackheads, რომლის დიდი დარბაზები და ინტერიერი ძალიან დახვეწილია და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს არის რიგის მდიდარი ისტორიული და არქიტექტურული მემკვიდრეობის საკულტო სიმბოლო.

საბოლოოდ, კლაიპედაში გატარებულმა ერთმა თვემ ნაყოფიერად ჩაიარა. შევიძინე ახალი მეგობრები.  ვფიქრობ, პიროვნულადაც უფრო გავიზარდე. დავაგროვე ცოდნა, რომელიც ჩემი კარიერული წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია. ვისწავლე, თუ როგორი აუცილებელი და საჭიროა გუნდური მუშაობა პაციენტის სიცოცხლისთვის.

 

გაზიარება: Facebook Telegram