· 3 წუთი საკითხავი · აკადემიური
საუკეთესო ორი კვირა ერევნის კლინიკაში
საუკეთესო ორი კვირა ერევნის კლინიკაში

საუკეთესო ორი კვირა ერევნის კლინიკაში


Barev dzez, მე ბარბარე მარანელი ვარ. თსა-ს მე-4 კურსის სტუდენტი. 

ორი კვირის განმავლობაში, საზაფხულო გაცვლითი პროგრამით გახლდით ერევანში, სადაც სტაჟირებას გავდიოდი მიქაელიანის ქირურგიის ინსტიტუტში, ტრავმატოლოგიის განყოფილებაში. მანამდე, საქართველოშიც მქონდა შეხება ტრავმატოლოგიასთან და ჩემთვის საინტერესო იყო, ქვეყნის გარეთაც მენახა როგორი მიდგომები არსებობს, რა განსხვავება და მსგავსებაა. კლინიკაში ქირურგებთან შეხვედრა იყო ნამდვილად თბილი, მათი მხრიდან იგრძნობოდა ყურადღება და დაინტერესება, რომ ესწავლებინათ უფრო მეტი.

სტაჟირების პირველ დღეს გავიცანი ბატონი არა გაზარიანი, განყოფილების ხელმძღვანელი, რომელმაც გადაგვამისამართა ქირურგ ატომა არგამოვიჩთან, თავის საქმის პროფესიონალ, ყურადღებიან ადამიანთან. ის არის ქირურგი, რომელსაც გინდა მიბაძო პროფესიონალიზმსა და ცოდნაში, ოპერაციის მსვლელობისას გვიხსნიდა ყველაფერს დეტალურად და ცდილობდა პროცესში ჩვენს ჩართვას.

ჩემთან ერთად სტაჟირებას გადიოდნენ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუდენტებიც, რომლებთანაც საერთო ინტერესები გამოვნახე. ჩვენ ვუზიარებდით ერთმანეთს ცოდნას. როგორც მე გავიგე მათი ქვეყნის შესახებ ბევრი რამ, ისე მათ შეიტყვეს უამრავი საქართველოს შესახებ. გარდა სწავლისა, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი მიზანი ჩემი ქვეყნის გაცნობაც იყო. ახალი მეგობრების შეძენა სხვადასხვა ქვეყნიდან, ყველაზე კარგი და ამავდროულად, ამაღელვებელი მომენტია, რადგან გიწევს დაშორება, თუმცა ვიცით, რომ ერთმანეთი გვემახსოვრება და კიდევ შევხვდებით, აუცილებლად…

კლინიკაში ასევე გავიცანით ბატონი კარლენ ოგანიანი, რომელიც მეოთხე წელია ორდინატურაზე სწავლობს პლასტიკური ქირურგიისა და მიკროქირურგიის მიმართულებით. მან ორი კვირა გაატარა ჩვენთან ერთად და ყოველთვის გვეხმარებოდა ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში. იგი წინასწარ გვაწვდიდა ინფორმაციას ოპერაციებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდებოდა დღის განმავლობაში. მან გაგვაცნო კლინიკის წესები, დაგვათვალიერებინა გარემო და გვპასუხობდა ყველა კითხვაზე. ზრუნავდა ჩვენი ცოდნის გაღრმავებაზე, ჰქონდა ყოველდღიური კავშირი ჩვენთან და არასოდეს ვიღებდით უარს თუ მოგვინდებოდა რაიმე სამედიცინო მანიპულაციაში ჩართვა.

ჩემი შიშები, რომ რაიმე შეუძლებელია, ან არ გამომივა, გაქრა. ეს კი, ქირურგების კეთილგანწყობამ და მეგობრულმა დამოკიდებულებამ განაპირობა. ამ გაცვლით პროგრამაში დიდი გამოცდილება და ცოდნა მივიღე, შევიძინე მეგობრები და გავატარე საუკეთესო დღეები კლინიკაში, რომელიც არ დამავიწყდება.

კლინიკაში გატარებული ყოველი დღის ბოლოს, აუცილებლად მივდიოდით ქალაქის დასათვალიერებლად. ერევანი ეს არის ძველი ქალაქი, სადაც ყველა კუთხეს, ადგილსა თუ ნივთს თავისი ისტორია აქვს. ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან მოჩანს ულამაზესი არარატი. მოსახლეობა საოცრად სტუმართმოყვარე და მეგობრულია, ყველა ადამიანს ხვდებიან დიდი სიყვარულითა და სითბოთი. ჩემთვის კი, ძალიან მნიშვნელოვანია, თავს ვგრძნობდე ისე, თითქოს სახლში ვარ.

გამომგზავრებამდე ერთი დღით ადრე, გადავწყვიტეთ წავსულიყავით წიწერნაკაბერდის მუზეუმში მონუმენტთან, რომელიც მიუძღვნეს სომხეთის გენოციდს. ეს დღე იყო ჩემთვის ემოციურად დატვირთული. აქ ვნახე ორი პარალელური სამყარო. ერთი - მომავალი ექიმები, რომლებიც სწავლობენ, რათა გადაარჩინონ სიცოცხლე და მეორე, რომელიც არ უფრთხილდება ამას. არ ვიცოდი, რომ ამ ქვეყანას ჰქონდა გამოვლილი ასეთი მასშტაბის ტრაგედია. სწორია, რომ ამაზე საუბრობენ და არ მალავენ. ასევე, მუზეუმის ეზოში ვნახეთ ნაძვი, რომელიც საქართველომ აჩუქა სომხეთს გენოციდის აღიარების ნიშნად.

ეს იყო ჩემთვის დიდი გამოცდილება. იმედი მაქვს, კიდევ შევძლებ სხვა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღებას და ბევრი სხვა ქვეყნის მედიცინისა და ისტორიის გაცნობას.





გაზიარება: Facebook Telegram