საზღვრებს გარეთ
საზღვრებს გარეთ - რა როლი ითამაშა გაცვლითმა პროგრამამ ჩემს აკადემიურ და პირად განვითარებაში
მე ვარ ლიზი მოყვანიძე, თბილისის სამედიცინო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტი. მე მქონდა წარმოუდგენელი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო ორმხრივ გაცვლით პროგრამაში - ვილნიუსის უნივერსიტეტში, ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ სასწავლებელში აღმოსავლეთ ევროპაში. ხუთი თვის განმავლობაში ვილნიუსში მშვიდ, უსაფრთხო და მომხიბვლელ ქალაქში ცხოვრება იყო გამოცდილება, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
ვიცოდი, რომ ეს გაცვლითი პროგრამა ახალ გამოცდილებებს შემძენდა, მაგრამ რეალობა იმაზე ბევრად კარგი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. გაცვლითი პროგრამა დამეხმარა აკადემიურ, კულტურულ და პიროვნულ განვითარებაში.
ვილნიუსის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს დინამიურ აკადემიურ გარემოს, სადაც თეორიული ცოდნა შესანიშნავადაა შერწყმული პრაქტიკულთან. მე მქონდა პატივი მესწავლა შესანიშნავი პროფესორებისგან და მემუშავა ნიჭიერი თანატოლების გვერდით. ვილნიუსის უნივერსიტეტმა ასევე მომცა საშუალება დავსწრებოდი მსოფლიო დონის კონფერენციებს, როგორიცაა „ნაადრევი დაბადება: გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელიც ეხებოდა ნეონატოლოგიასა და დედათა ჯანმრთელობას, ასევე „1st UEMS HPB ქირურგიის მოსამზადებელ კურსს“, სადაც საშუალება მქონდა შევხვედროდი ბრწყინვალე ქირურგებს და რეზიდენტებს მთელი მსოფლიოდან.
როგორც კვლევით დაინტერესებულ სტუდენტს, საშუალება მომეცა, გავმხდარიყავი კვლევითი კლუბის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობენ შესანიშნავი პროფესორები. გარდა ამისა, ლიეტვაში მქონდა შესაძლებლობა, დავკვირვებოდი თუ როგორ ფუნქციონირებს ჯანდაცვის სისტემა. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მეგობრებთან კომუნიკაციამ კი დამანახა მათი ქვეყნების ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები და ინოვაციები, მათი მიდგომები პრობლემების გადასაჭრელად.
ვილნიუსში ცხოვრება სასიამოვნო თავგადასავალი იყო. ქალაქის ისტორიული ღირშესანიშნაობების შერწყმა, როგორიცაა გედიმინას კოშკი და ვილნიუსის ტაძარი, დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნიდა. ლიეტვური კულტურის გაცნობამ, მათი ტრადიციული სამზარეულოს შეცნობამ, საახალწლო სამზადისის ნახვამ ნამდვილად შესძინა ჩემს გამოცდილებას თავისი ხიბლი.
ჩემი გაცვლითი პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიტიური გამოცდილება იყო სხვადასხვა ქვეყნიდან საერთაშორისო და სხვა გაცვლითი პროგრამების სტუდენტებთან შეხვედრა. მათი უნიკალური პერსპექტივები და გამოცდილებები ჩვენს საერთო მოგზაურობას დიდ ინტერესს სძენდა. ჩვენი ურთიერთობა არ მოიცავდა მხოლოდ აკადემიურ ცხოვრებას. ჩვენ აღმოვაჩინეთ ვილნიუსის სილამაზე, გავიზიარეთ ერთმანეთის კულტურა, ერთმანეთს ვედექით გვერდით იმ გამოწვევების წინაშე, რაც ახალ ქვეყანაში გადასვლას ახლავს თან. შესაძლებლობა მქონდა შემეძინა მეგობრები, რომლებთანაც ვიმედოვნებ, რომ გავაგრძელებ კონტაქტს, როგორც მეგობრულს, ასევე პროფესიულს.
ნამდვილად მჯერა, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა არის ის, რაც გვიბიძგებს გავიზარდოთ პიროვნულად. არც ეს გაცვლითი პროგრამა იყო გამონაკლისი. ახალ ქვეყანაში გზის გაკვლევისას, ნაცნობი სახეებისა და დახმარების გარეშე, ვისწავლე გამძლეობა, ადაპტირება და მუდმივად განვითარების აუცილებლობა.
ჩემ მიერ გატარებულ დროს ვილნიუსში დაუფიქრებლად დავარქმევ გარდამტეხს. უზომოდ მადლობელი ვარ თბილისის სამედიცინო აკადემიისა და ვილნიუსის უნივერსიტეტის ამ შესაძლებლობისთვის. გულწრფელად ვურჩევ ყველა სტუდენტს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი გვთავაზობს და მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში.

