· 2 წუთი საკითხავი · სტუდენტური ცხოვრება
გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტის თვალით დანახული მოგზაურობა
გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტის თვალით დანახული მოგზაურობა
 


გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტის თვალით დანახული მოგზაურობა


მე ვარ მარიამ ჯორბენაძე, თბილისის სამედიცინო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტი. სემესტრული გაცვლითი პროგრამით ვიყავი ვილნიუსის უნივერსიტეტში, ლიეტუვაში. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა ჩემი დიდი სურვილი და მიზანი იყო, მინდოდა ჩემი ცოდნის გაღრმავება, დამოუკიდებლობისა და უცხო გარემოსთან ადაპტირების უნარების გაძლიერება. ლიეტუვაში ყოფნის პერიოდიც ზუსტად ამაში დამეხმარა და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე.

ვილნიუსი ასხივებს სილამაზეს თავისი ცოცხალი ფერებითა და დიდებული ძველი შენობებით, რომელთაგან თითოეული ასახავს ქალაქის მდიდარ ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას. ვილნიუსის უნივერსიტეტი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც გამოირჩევა ულამაზესი ინფრასტრუქტურით და სწავლების მაღალი ხარისხით. 

აღსანიშნავია, ლიეტუვის მხარდაჭერა სტუდენტებისადმი. კერძოდ, ვილნიუსის უნივერსიტეტი გამოირჩევა მრავალი საგრანტო, სასტიპენდიო პროგრამით, რომლის მოპოვებაც გაცვლითი პროგრამით წასულ სტუდენტებსაც შეგვეძლო.  

 გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ყველაზე დიდ დროს ვატარებდი ვილნიუსის საუნივერსიტეტო კლინიკებში, რომლებიც ერთ სივრცეშია განლაგებული, რაც ჩვენთვის, ძალიან მოსახერხებელი იყო. სასემინარო საათები ტარდებოდა დამოუკიდებელი სწავლების (Self-studying) პრინციპით. უშუალოდ სემინარზე განვიხილავდით კონკრეტული პაციენტების კლინიკურ სურათს, რის შემდეგაც გვქონდა საშუალება გაგვესინჯა ეს პაციენტები.

აც შეეხება სემინარისტებს, განათლებული და კვალიფიციურიი კადრები ჰყავთ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ მათი სემინარები სტუდენტებისთვის საინტერესო იყოს.


საბოლოოდ, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ გამოცდილებით რაც მივიღე. რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას საკმაოდ ბევრ დაბრკოლებას გადააწყდები, თუმცა როცა გაქვს მიზნები და სურვილები მათ ასასრულებლად ყველაფერს გაუმკლავდები. ეს გაცვლითი პროგრამა დამეხმარა დავფიქრებულიყავი ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, თუნდაც იმაზე თუ რომელ სფეროში მინდა სწავლის გაგრძელება და ზოგადად როგორი ექიმი მსურს რომ ვიყო მომავალში, ამიტომ ვფიქრობ ვილნიუსში გატარებულმა დრომ საშუალება მომცა როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად განვვითარებულიყავი.






გაზიარება: Facebook Telegram