ჩეხეთის ქრონიკები
ჩეხეთის ქრონიკები
მე კონსტანტინე ვარ და მინდა მოგიყვეთ ჩეხეთის ერთ ულამაზეს ქალაქ ბრნოში გატარებულ საოცარ ხუთ თვეზე, სადაც მაზარიკის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით აღმოვჩნდი.
ჩემთვის აწ უკვე საყვარელი ბრნო ჩამოსვლის პირველ დღეს ძალიან ქაოსური და ოდნავ საშიში ჩანდა, მაგრამ ამ პატარა და ამავე დროს ულამაზესი ქალაქის ქუჩებმა ძალიან მალევე დამამახსოვრა თავი. ბრნო ერთი შეხედვით პატარა ქალაქია. თუმცა, აქ ისტორია და თანამედროვე სამყარო ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და უზომოდ გაყვარებს თავს. ქალაქი სრულად სტუდენტებზე და სტუდენტურ ცხოვრებაზეა მორგებული. დაწყებული მრავალი ადგილით, სადაც სტუდენტები დარჩენილ ენერგიას სასიამოვნოდ ხარჯავენ, დამთავრებული ღამის ტრანსპორტით, რომელიც უკვე ენერგია გამოცლილ სტუდენტებს მშვიდობით ჩამოარიგებს სახლებში. თუმცაღა, საკმარისი მონდომებით ბრნოს ფეხითაც დაუღალავად შემოივლი.
ბრნოში ბევრი რამ მოგაწონებთ თავს. მაგალითად, აქ საკმაოდ დიდი street food კულტურაა, რაც სტუდენტებს ასე ძალიან იზიდავს. შეხვდები სამზარეულოს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, მაგრამ ქართული სამზარეულო აკლიათ და ნამდვილად აქვთ სამუშაო ამ კუთხით. რა თქმა უნდა, ლუდი! ამაზე ვერ ვისაუბრებ. ეს უბრალოდ უნდა გამოცადოთ და სტარობრნო მის დედაქალაქში დააგემოვნოთ.
ბრნო ევროპის ცენტრად არის მიჩნეული, ამიტომ მეზობელ ქვეყნებსა და ქალაქებში მოგზაურობა გაცილებით მარტივი და საინტერესო იყო. ვენა, პრაღა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, ის იმ ქალაქების მცირედი ჩამონათვალია, სადაც ბრნოდან მიმავალი მატარებელი ძალიან მალე მიგაქროლებთ.
ბრნო ევროპის ცენტრად არის მიჩნეული, ამიტომ მეზობელ ქვეყნებსა და ქალაქებში მოგზაურობა გაცილებით მარტივი და საინტერესო იყო. ვენა, პრაღა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, ის იმ ქალაქების მცირედი ჩამონათვალია, სადაც ბრნოდან მიმავალი მატარებელი ძალიან მალე მიგაქროლებთ.
მაზარკის უნივერსიტეტში ბევრი საინტერესო გამოცდილება დავაგროვე. გავეცანი სწავლების განსხვავებულ და საინტერესო ტექნიკას. ყველაზე მეტად სიმულაციის ცენტრმა მომხიბლა, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ ტექნიკით, რომელსაც ჩვეულებრივ კლინიკაში შეხვდებით. აქ შეძლებ ნებისმიერი პროცედურისა თუ ოპერაციის ჩატარებას. გამომდინარე იქიდან, რომ ბრნო სტუდენტური ქალაქია, საავადმყოფოებიც მაქსიმალურად არიან გადართულნი სწავლებაზე. ამ ყველაფერს მოსახლეობაც შეგუებულია და სტუდენტების მიმართ პაციენტებს კარგი მიმღებლობა აქვთ. მახსოვს როგორ გადაგვიღო ერთ ერთმა პაციენტმა სურათი გასასინჯად შესულ სტუდენტებს, იმ სიხარულით, რომ ჩვენი განათლების მიღებაში ისიც იღებდა მონაწილეობას. ასევე, როგორც აღვნიშნე, ბრნო ევროპის ცენტრალური ქალაქია, ამიტომ აქაურ საავადმყოფოებში თავს იყრის იშვიათი დაავადებები, რომელიც მედიცინის სტუდენტებისათვის ძალიან საინტერესოა.
გარდა მაზარკის უნივერსიტეტისა, ასევე მქონდა საშუალება მენახა მენდელის უნივერსიტეტი. გრეგორ მენდელი სწორედ რომ ბრნოში მოღვაწეობის დროს მუშაობდა მემკვიდრეობის კანონებზე. მენდელის უნივერსიტეტში კი მისი ორიგინალი ნამუშევრები ინახება, რომელთა ნახვაც ვიზიტორებისთვისაცაა შესაძლებელი.
გაცვლითი პროგრამის უდიდესი ხიბლი ახალი მეგობრები და საინტერესო ადამიანების გაცნობაა. ბრნო ძალიან ბევრი საერთაშორისო სტუდენტის მასპინძელია, რამაც საშუალება მომცა გამეცნო ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან და ბევრი ძვირფასი მეგობარი შემეძინა. ვფიქრობ, მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბება მომავალ კოლეგებთან, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებიდან და უნივერსიტეტებიდან ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი ექიმისათვის. ასევე, ვერ დავივიწყებ ჩემს ქართველ ბრნოელებს, რომლებსაც სრულიად შემთხვევით და ძალიან კომიკურად გადავეყარე. მალევე გავიცანით ერთმანეთი და უეცრად ძალიან ძვირფას მეგობრებად გადაიქცნენ. ამ ადამიანებმა ბრნოში გატარებული თვეები დაუვიწყარ მოგონებებად აქციეს.
მაზარკის უნივერსიტეტში ხშირად ტარდება სხვადასხვა აქტივობა, ერთ-ერთი ქვეყნების პრეზენტაცია იყო, რომელშიც რა თქმა უნდა, ქართველებმაც დიდი სულისკვეთებით მივიღეთ მონაწილეობა. ავიკაპიწეთ ხელები და ვაზიარეთ სტუდენტები ქართულ გასტრონომიას. ჩვენი კულტურის გაცნობით და ქართული გემოებით კიდევ ერთხელ დავანახეთ ევროპას რომ საქართველო ძალიან სჭირდება.
სამწუხაროდ, სამედიცინო სტუდენტებს დრო არასოდეს გვრჩება იმისათვის, რომ სვლა შევანელოთ და საკუთარ თავზე ვკონცენტრირდეთ. მაზარკის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის სტუდენტებს შედარებით მოქნილი გრაფიკი და მეტი თავისუფალი დრო გვქონდა. ამან თითქოს და ამოსუნთქვის საშუალება მომცა. მეტი დრო მქონდა დავფიქრებულიყავი ჩემს ცხოვრებაზე, მიმეღო ახალი გამოცდილებები, გავიცანი საკუთარი თავი სხვა კუთხიდან. დავინახე ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები, ვაღიარე ჩემი უარყოფითი თვისებები და ვეცადე, რაც შეიძლება ნაკლებით დავბრუნებულიყავი სახლში. უეცრად, სამყარო მხოლოდ მედიცინის წიგნები და გათენებული ღამეები აღარ იყო, ჩემი მზერა ყოველდღიურ ვალდებულებებს გასცდა და მომავალს სხვა თვალით დავუწყე ყურება.
ბრნოში გატარებული ხუთი თვე ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. სავსე ახალი გამოცდილებებით, მოგონებებით, გაკვეთილებითა და ადამიანებით. იმედს ვიტოვებ, კიდევ შევძლებ მსგავს პროექტებში მონაწილეობის მიღებას, რადგან ყოველი ასეთი გამოცდილების შემდეგ ვხვდები, რომ ახალი მე ძველს ბევრად სჯობია.

