· 2 წუთი საკითხავი · ღონისძიებები
ISCOMS დღეები
ISCOMS დღეები

 

ISCOMS დღეები

ჩემი ხუთ დღიანი დაუვიწყარი თავგადასავალი ISCOMS-ის კონგრესზე, ჰოლანდიაში, შიპოლის აეროპორტიდან იწყება. ამსტერდამში ჩასვლისთანავე შეიმჩნევა ამ ქალაქის ინდივიდუალიზმი, კულტურა, ისტორია და ვან გოგისთვის დამახასიათებელი ფერები. ბევრი ვიწრო ქუჩა, ვიწრო სახლი, ბევრი ველოსიპედი, ბევრი არხი და არხებზე მოცურავე ნავები. ეს ყველაფერი პირველივე ქუჩების გავლისას აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. თუმცა, წინ ყველაზე მთავარი, კონგრესის დღეებია. 

ISCOMS-არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სტუდენტური კონგრესი (ბიო)სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით. ეს არის სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტური კვლევების და მათი განხორციელებისას მიღებული შედეგების საერთაშორისო დისემინაციის ხელშეწყობას. კონგრესი ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, გრონინგენში, ტარდება. გრონინგენი სტუდენტური ქალაქია, მშვიდი, თანამედროვე, შემორჩენილი ისტორიული არტეფაქტებით. ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა თავად, გრონინგენის უნივერსიტეტია, რომელიც XVII საუკუნიდან იღებს სათავეს. ქალაქის გულში მდებარე უნივერსიტეტის უზარმაზარი ტერიტორია დღეს უკვე მრავალ ფაკულტეტს და ბევრ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუდენტს ითვლის. 

 ISCOMS გრონინგენის უნივერსიტეტის მედიცინის კამპუსში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ კონგრესის ყოველი დღე გაწერილი და საუკეთესოდ ორგანიზებული იყო ადგილობრივი სტუდენტების მიერ. მასპინძელი სტუდენტები საკმაოდ პოზიტიურები, კომუნიკაბელურები და პასუხისმგებლიანები იყვნენ.



კონგრესის დღეები სასიამოვნოდ დატვირთული, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ყოველი დღე იწყებოდა მსოფლიოში წარმატებული ექიმების, პროფესორების, მეცნიერების ლექციებით, რომლებიც გვაცნობდნენ თანამედროვე მედიცინის ბევრ აღმოჩენას და სიახლეებს. შემდეგ იყო ვორქშოპები, თავად უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორებთან ერთად გვიტარებდნენ მასტერკლასებს სხვადასხვა დარგში. მე და ჩემი კოლეგები აქტიურად ვიყავით ჩართულები, დავესწარით ისეთ ვორქშოპებს როგორიცაა: მიკრო და მაკროსკოპული კერვა, 3D-ლაბი, Lab-on-a-chip. ეს პროცესი როგორც სახალისო, ასევე საინტერესო და ინფორმაციული იყო.  ამის შემდეგ ტარდებოდა ზეპირი, პოსტერული, პლენარული პრეზენტაციები, სადაც წარდგენილი იყო ჩვენი აკადემიის კვლევითი პროექტების შედეგები. ISCOMS-ზე წარდგენილი იყო თსა-ს სამი კვლევა, ორი პოსტერული და ერთი ზეპირი პრეზენტაციის სახით. კონგრესის დღე იხურებოდა ასევე საინტერესო ლექციებით, რომლებსაც ატარებდნენ წამყვანი პროფესორები მედიცინის დარგში. დღის ბოლოს კი ტარდებოდა სხვადასხვა რეკრეაციული ღონისძიება, სტუდენტების გასაცნობად და შთაბეჭდილებების გასაზიარებლად.

 ISCOMS-ის კონგრესზე გატარებული დღეები ჩემს კარიერულ ცხოვრებაში ერთ-ერთ დასამახსოვრებელ და შთამბეჭდავ ფურცლად დარჩება. აქ გატარებულმა დღეებმა ბევრი რამ მასწავლა, უკეთ დამანახა და შთამაგონა ჩემი სამომავლო გეგმები. წელს, უკვე ახალ ამპლუაში, როგორც ISCOMS-ის ელჩი მე და ჩემი კოლეგა ელენე ლიპარტია, სიხარულით გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას და დავეხმარებით სტუდენტებს მონაწილეობა მიიღონ ISCOMS 2024-ზე.



გაზიარება: Facebook Telegram