ყველაზე ფერადი სტაჟირების დღეები
არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც გავიგე რომ სტაჟირებაში მონაწილე სტუდენტებს შორის მოვხვდი. ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ მეორე კურსის დასასრულს უკვე შევძლებდი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღებას.
მე ვარ თამარ დანდურიშვილი, თსა-ს მესამე კურსის სტუდენტი და გასული ერთი თვე ლიეტუვაში, კლაიპედას საუნივერსიტეტო კლინიკაში, ზოგადი და რობოტული ქირურგიის განყოფილებაში გავატარე.
მე, ქირურგის ასისტენტი
ეს იყო გარდამტეხი და მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. პრაქტიკაში ვნახე ის, რაც წინა სემესტრების განმავლობაში თეორიულად ვისწავლე. დავესწარი არაერთ ოპერაციას და მქონდა ბედნიერება ოპერაციაზე ქირურგის ასისტენტიც ვყოფილიყავი. ეს მართლაც უდიდესი გამოცდილება და შესაძლებლობა იყო ჩემთვის. ამასთან, ჩემთვის კიდევ უფრო ამაღელვებელი იყო ეს შემოთავაზება, ვინაიდან, პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში უშუალოდ ვიღებდი მონაწილეობას.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გააღრმავა ჩემი ცოდნა და მომცა სწავლის მოტივაცია. გავიცანი ექიმები, რომლებიც ამომწურავად მპასუხობდნენ ყველა შეკითხვაზე და ცდილობდნენ მაქსიმალურად აეხსნათ ყველა ის პროცედურა, რომელსაც ატარებდნენ. ოპერაციები იმდენად საინტერესო იყო რომ იქ ყოფნის პერიოდში 4-5 საათი ოპერაციაზე არც იგრძნობოდა. განყოფილებაში იყო საოცრად მეგობრული გარემო, ქირურგებს ჩემთან და არამარტო ჩემთან, ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ, როგორც კოლეგას, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა კლინიკაში გატარებულ დროს. ძალიან მომწონდა პერსონალის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. როდესაც იგებდნენ რომ ქართველი ვიყავი ძალიან უხაროდათ და უნდოდათ მეტი გაეგოთ საქართველოზე.
ჩემი თავისუფალი დრო და თეთრი ღამეები
კლინიკაში გატარებული დროის გარდა, არანაკლებ საინტერესო და მრავალფეროვანი იყო დღის მეორე ნახევარი და შაბათ-კვირა, როდესაც კლინიკიდან წამოსული დროს ქალაქში სეირნობისას ვატარებდი. კლაიპედა პატარა და მყუდრო ქალაქია, სადაც შეგიძლია სულ ფეხით იარო და თითოეულ ნაბიჯზე რაღაც ახალი და საინტერესო აღმოაჩინო. მასში თითოეული ობიექტი ერთმანეთისგან განსხვავებული და გამორჩეულია. ეს არის ქალაქი, სადაც უამრავ ადგილას მოულოდნელად კლასიკური მუსიკა ისმის, რაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდის ქალაქის სანახაობებს. სეირნობის დროს ხშირად მახსენდებოდა წიგნებში აღწერილი და ჩემი წარმოსახვით დანახული ზღაპრები. თვალშისაცემია ისიც, რომ იქ ყოფნის პერიოდში ე.წ თეთრი ღამეები იყო, ქალაქში ღამეც კი არ იყო სიბნელე.
ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე, რამაც კლაიპედაში ყოფნის პერიოდი კიდევ უფრო სახალისო და სასიამოვნო გახადა. გამორჩეულად მახსენდება მათთან ერთად ქუჩებში, მუზეუმებში, კაფეებში, ქალაქში და ყოველ საღამოს სანაპიროზე სეირნობა.
ჩამოსვლის მომენტიდან ვგრძნობ პიროვნულ ზრდას და ცოდნის გაღრმავებას. ეს მრავალფეროვნებით სავსე ერთი თვე ჩემთვის ყოველთვის საუკეთესო მოგონებად დარჩება და კლაიპედაში მიღებული გამოცილება ძალიან დიდ გავლენას იქონიებს ჩემს კარიერაზე.
