· 3 წუთი საკითხავი · აკადემიური
გინეკოლოგიური ოდისეა
გინეკოლოგიური ოდისეა



გინეკოლოგიური ოდისეა

Labas! (გამარჯობა!) მე ვარ ელენე, თსა-ს მეხუთე კურსის სტუდენტი.

ექიმობისკენ მიმავალი გზა ჰგავს ძალიან გრძელ მოგზაურობას, რომლის დროსაც შენ  ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი გაჩერება შეგხვდება. ამ ეტაპზე ჩემი მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი  გაჩერება გახლდათ ერთ თვიანი კლინიკური სტაჟირება კლაიპედას საუნივერსიტეტო კლინიკაში, გინეკოლოგიისა და ენდოსკოპიური გინეკოლოგიის დეპარტამენტში. 29 ივლისს, თსა-ს 20 სტუდენტი გავემგზავრეთ ლიეტუვის ერთ-ერთ ძალიან ლამაზ, ძველ და საინტერესო საპორტო ქალაქ კლაიპედაში. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ჩვენი თავგადასავალი ლიეტუვურ კულტურასა და სამედიცინო სფეროში. 

სტაჟირების ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო შესაძლებლობა დავკვირვებოდი და შემესწავლა სხვადასხვა გინეკოლოგიური პროცედურა. ენდოსკოპიური გინეკოლოგიის დეპარტამენტი არის ინოვაციების ცენტრი, რომელშიც ტარდება მინიმალური ინვაზიით საკმაოდ მასშტაბური ოპერაციები. ენდოსკოპიური პროცედურები, როგორიც არის ლაპარასკოპია და ჰისტერესკოპია საშუალებას იძლევა ვიზუალიზდეს ადამიანის ორგანოები, ზედმეტი ჩარევის გარეშე, ეს ყოველივე კი ნამდვილად არის თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ლიტერატურა საფუძველს იძლევა ცოდნისთვის, მე აღმოვაჩინე, რომ ქირურგიის ნამდვილი ხელოვნება ისწავლება დაკვირვების, პრაქტიკისა და მენტორობის საშუალებით. მე მქონდა პრივილეგია ჩემი სტაჟირების დროს ცოდნა მიმეღო ძალიან გამოცდილი მენტორებისგან. გინეკოლოგიის დეპარტამენტში ექიმები მიზიარებდნენ არამარტო თავიანთ სამედიცინო შეხედულებებს, ასევე, ექიმ-პაციენტს შორის კომუნიკაციის თავისებურებებს, რაც თავისთავად არის პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვის ხელოვნების ნაწილი. ამ ყველაფერზე დაკვირვებამ, ასევე, სხვადასხვა კომპლექსური შემთხვევის განხილვამ და ერთმანეთთან შედარებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული პაციენტის ისტორია იყო როგორც  გამოცდილების კალეიდოსკოპი და ჩემთვის დიდი პატივი იყო მათი მოსმენა.

ჩემი ერთ თვიანი სტაჟირება იყო არა მხოლოდ ინტენსიური სწავლების, არამედ პიროვნული და პროფესიული განვითარების დრო. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკაში პრაქტიკა იყო ჩემი იქ მიღებული გამოცდილების საუკეთესო ნაწილი, საავადმყოფოს გარეთ ცხოვრებაც ასევე დაუვიწყარი იყო. საერთო საცხოვრებელში ყოფნამ და მომხიბვლელი ქალაქის შესწავლამ ჩემს მოგზაურობას უნიკალური ელფერი შემატა და საშუალება მომცა, ჩავძირულიყავი ადგილობრივ კულტურაში. საერთო საცხოვრებელი სწრაფად გახდა უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ დასაძინებელი ადგილი; ის მეგობრობისა და გამოცდილების გაზიარების კერად იქცა. ამ პროექტმა შემძინა ადამიანები, რომლებთან ერთადაც ყოფნა ჩემთვის სასიამოვნოა, არამხოლოდ პროფესიონალური თვალსაზრისით, არამედ ყოველდღიური რუტინული და პიროვნული კუთხით. თავისუფალ დროს გვქონდა შესაძლებლობა ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა მიღებული გამოცდილება, რთულ სიტუაციებში დავხმარებოდით ერთმანეთს და გვესაუბრა იმ ინოვაციებზე, რაც სამედიცინო სფეროშია. ჩვენ ერთად ვამზადებდით საკვებს, რომელსაც ერთად მივირთმევდით, ერთად ვპოულობდით კლაიპედას „დამალულ ძვირფას ქვებს“ და შაბათ-კვირას სპონტანურ მოგზაურობებსაც ვგეგმავდით ახლომდებარე ლოკაციებზე.


საბოლოოდ მინდა გით
რათ, რომ როცა ვფიქრობ კლაიპედაში გატარებულ დღეებზე მახსენდება, რომ ექიმობისკენ მიმავალი გზა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სამედიცინო ტერმინოლოგიის სწავლა და კლინიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. ეს არის პირველ რიგში პაციენტის, როგორც ინდივიდის მიღება, კომუნიკაცია, ეთიკა, პროფესიონალიზმი, გუნდური მუშაობა, კულტურულსენსიტიურობა, კვლევა, ინოვაციდა უწყვეტი რეფლექსია. ეს მოგზაურობა მოითხოვს ერთგულებას საკუთარი საქმისა და პაციენტების კეთილდღეობისთვის, რომელიც არის რთული, მაგრამ ძალიან საინტერესო და დასაფასებელი. იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ არაერთ პროექტში მომიწევს მონაწილეობის მიღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი, როგორც ექიმის ჩამოყალიბებაში. მსგავსი აქტივობები საშუალებას მომცემს მომავალში დავნერგო ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული მკურნალობის და დიაგნოსტიკის მეთოდები. 
 
 
 

გაზიარება: Facebook Telegram