· 4 წუთი საკითხავი · სტუდენტური ცხოვრება
თავგადასავლებით სავსე სემესტრი
თავგადასავლებით სავსე სემესტრი
 



თავგადასავლებით სავსე სემესტრი

მე თათია ვარ. გამიჭირდება, თუმცა ვეცდები მოკლედ მოგიყვე ჩემი ჯადოსნური სემესტრის შესახებ, რომელიც ჩეხეთში, მაზარიკის უნივერსიტეტში გავატარე. ცენტრალური ევროპის პატარა ქალაქი ბრნო სიმყუდროვითა და ფუნქციონალიზმით გამოირჩევა, თუმცა დიდი დრო არ დამჭირვებია იმის გასარკვევად, რომ ამ სახასიათო სიმყუდროვეს ფოლკლორი და ’Art Nouveau’ ერთდროულად უქმნიდა ფონს. სტუდენტური ქალაქის მოდერნისტული დინამიკა, ხალისი და მიმღებლობა არა მხოლოდ ბრნოს ქუჩებში, არამედ უნივერსიტეტსა და კლინიკებშიც იგრძნობოდა.

სასწავლო პროცესი გაცილებით მსუბუქი, მოქნილი,  პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და პაციენტის თერაპიული მართვის განსაზღვრის განვითარებაზე იყო ორიენტირებული. განსაკუთრებით საინტერესო კი სიმულაციური ცენტრი იყო, რომელშიც საშუალება გვქონდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვირტუალურად ჩაგვეტარებინა მანიპულაციები (დიაგნოსტიკა, კერვა, ლაპარასკოპია და სხვ.). ლექტორების მეთვალყურეობის ქვეშ, შეგვეძლო სხვადასხვა კლინიკური შემთხვევის სიმულაცია მოგვეწყო და ექიმის როლი ბოლომდე მოგვერგო.

რობოტული სისტემისგან მიღებული ამაღელვებელი ემოციების მიუხედავად, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მომავალი სპეციალობა არჩეული მაქვს, მეტ-ნაკლებად რთულია სხვა სფერომ მიიქციოს ჩემი ყურადღება. თუმცა, სწორედ ინტერაქციული სემინარების, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ მნიშვნელოვან ასპექტებზე ხაზგასმითა და საგნის, როგორც მხოლოდ დიდი თეორიული რეზერვუარის ილუზიის გაქრობის საშუალებით - „განათლებაში თავისუფლების“ განცდა დამრჩა. როგორც უკვე ვახსენე, სასწავლო პროცესი მსუბუქი იყო. ეს გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად სასწავლო მასალის მოცულობისა, სემინარისთვის, პრაქტიკისთვის თუ გამოცდისთვის მომზადების პროცესი უჩვეულოდ მარტივი იყო, რაც ვფიქრობ ლექტორებისა და სტუდენტების მიერ მომზადებული ინსტრუქციების დამსახურებაა. მათში სილაბუსით გათვალისწინებული თითოეული თემა ღრმად იყო გავრცობილი, მოცემული იყო საჭირო ლიტერატურა და მითითებული იყო საშუალო სწავლის ხანგრძლივობაც. კიდევ ერთი ასპექტი, რამაც სწავლის პროცესი გაამარტივა, მსუბუქი გარემო და დახმარებისთვის მზაობა იყო. ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც ლექტორთან კონკრეტულ საკითხზე იდეებს განვიხილავდი, მათგან კი ყოველთვის მიმღებლობასა და ობიექტურ, თუმცა დიპლომატიურ რჩევებს ვიღებდი. გარდა ამისა, მათი დაინტერესება ამ იდეების მიმართ კიდევ უფრო მიღვივებდა ნაპერწკალს. ისინიც იზიარებდნენ, სერიოზულად აღიქვამდნენ თითოეულ ინოვაციურ იდეას და პატივს სცემდნენ განსხვავებულ ინტერესებს. არ ვიცი შენ როგორ ფიქრობ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია და მუდამ კარგ მოგონებად დარჩება თითოეული მათგანი, რომელმაც კიდევ უფრო გააფართოვა და მიმართულება მისცა ჩემს იდეებს და რაც ყველაზე მთავარია - ენთუზიაზმი დააფასა.

სწორედ ამის გამო,მაზარიკის უნივერსიტეტში გატარებულმა ხუთმა თვემ დიდი გამოცდილება მომცა და კიდევ ერთხელ გადამააზრებინა, რომ ჩვენი, ახალგაზრდების ინტერესები და იდეები ვალიდურია და სწორედ ჩვენი ვალია მაქსიმალურად აღვიჭურვოთ ცოდნით, ვისაუბროთ, იდეები განვავითაროთ და რეალობას ვაზიაროთ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ეწინააღმდეგება ისინი სხვების შეხედულებას.

უნივერსიტეტის მიღმა, პარალელურად რეალობის მეორე ნახევარი ვითარდებოდა. ეს გაცვლითი სემესტრი არ ყოფილა მხოლოდ აკადემიური მარგალიტების დაჭერა. მეგობრები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, მათთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, კულტურის გაზიარება, ბევრი მოგზაურობა და შექმნილი მოგონებები მუდამ ამიჩუყებს გულს ყოველი გახსენებისას. ურთიერთობა არის ის, რაც გვაკავშირებს, შესაბამისად გარდა პროფესიული განვითარებისა, იმ ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ ხუთი თვის წინ შევხვდი, დიდი წვლილი მიუძღვით ჩემი პიროვნული თავისებურებების განვითარებაში და კიდევ უფრო მეტის აღმოჩენაში. საინტერესოა, რამდენად დიდ როლს ვთამაშობთ სხვების ცხოვრებაში და ის ფაქტი, რომ დღემდე მენატრება თითოეული გაზიარებული წამი, ხაზს უსვამს პირველ რიგში იმას, რომ არსებული შესაძლებლობები, რამდენად მწირიც არ უნდა იყოს, ძვირფასია და შიშის მიუხედავად უნდა ჩავჭიდოთ ხელი და გამოვიყენოთ. სწორედ ამიტომაც იყო ეს გაცვლითი სემესტრი თავგადასავლებით სავსე: ბევრი წინაღობით, გაუგებრობით, სწორი თუ არასწორად წარმართული კომუნიკაციით, ბედნიერი და სევდიანი დღეებით, კომფორტის ზონის ბოლომდე დატოვებით, მოულოდნელი, ჭრელი და ჯადოსნური ამბებით სავსე.

შეიძლება გაცვლითი სემესტრი ბევრ პრობლემასთან, დაბნეულობასთან, შიშთან ან იმედგაცრუებასთანაც კი იყოს დაკავშირებული, მაგრამ მნიშვნელოვანია ღია იყო გამოწვევებისთვისა და სირთულეებისთვის. იმისთვის კი, რაც ჯერ არ იცი და შემდეგ მაქსიმალურად ეცადო შეხედო ყოველ მოცემულობას, როგორც თავგადასავალს და აქციო ყოველი წამი ძვირფასად.

იმედი მაქვს ეს მოკლე მიმოხილვა, რომელიც ნამდვილად არ მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვანი ასპექტისა თუ მოვლენის აღწერას,რომელსაც მუდამ დავაფასებ, გაგიღვივებს იმ ნაპერწკალს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება.


გაზიარება: Facebook Telegram