მე ვარ ლიკა, თბილისის სამედიცინო აკადემიის მეხუთე კურსის სტუდენტი. ერთ სემესტრიანი გაცვლითი პროგრამით ვარ ჩეხეთში, მაზარიკის უნივერსიტეტში. მსგავსი გამოცდილება ჩემთვის პირველი არაა, პირველი კურსის ბოლოსაც მომეცა საშუალება ქვეყნის გარეთ გავცნობოდი ლიეტუვას სამედიცინო სისტემას, ახლოდან მენახა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა.ეს გამოცდილება ჩემთვის, როგორც პირველკურსელისთვის ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი იყო. იმის მიუხედავად, რომ ის ერთი თვე ალბათ არასდროს დამავიწყდება, აქ მიღებული გამოცდილება არც შეედრება სხვა გამოცდილებებს ჩემს ცხოვრებაში. სამედიცინო უნივერსიტეტის ბოლო წლები ჩემთვის უფრო საინტერესო აღმოჩნდა, ვფიქრობ არ ვარ ამაში გამონაკლისი და მადლიერი ვარ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სემესტრის გატარება მაზარიკის უნივერსიტეტში მიწევს.
ძალიან სასიამოვნო გამოცდილება მივიღე ლექტორებთან ურთიერთობით. არ შემიძლია არ აღვნიშნო მათი კეთილგანწყობა უცხოელი სტუდენტების მიმართ. დაბნეულობა და გაურკვევლობა ძალიან იშვიათად გვქონდა, რადგან მზად იყვნენ ყველა კითხვაზე პასუხი გაეცათ ან დაგვხმარებოდნენ გაურკვეველი საკითხების გარკვევაში. ასევე, დასაფასებელია ის, რომ საშუალებას გვაძლევდნენ პაციენტებთან გვქონოდა კომუნიკაცია, ბევრჯერ გავსინჯეთ და შევკრიბეთ ანამნეზი დამოუკიდებლად, რასაც შემდეგ პრეზენტაციაში ვკრებდით და წარვუდგენდით ჯგუფს. ეს საშუალებას გვაძლევდა აქტიურად ვყოფილიყავით ჩართულები სასწავლო პროცესში, იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიური შეფასება ან გამოკითხვა არც ერთ საგანში გვქონია. ასევე მნიშვნელოვანი დაბრკოლება უნდა ყოფილიყო ენის ბარიერი, ვგულისხმობ ჩეხურ ენას პაციენტებთან კომუნიკაციისას, თუმცა, მსგავს დისკომფორტთანაც არასდროს გვქონია შეხება, ისინი ითვალისწინებდნენ ჩვენს მდგომარეობას და გვირჩევდნენ ისეთ პაციენტებს რომლებთანაც შევძლებდით ინგლისურად საუბარს.
შთამაგონებელია მათი სიყვარული და ერთგულება საქმის მიმართ. ვინაიდან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ვართ, ხშირად გვეკითხებოდნენ, თუ რომელი სფეროს არჩევას ვაპირებდით, სად ვფიქრობდით სწავლის გაგრძელებას, ასევე გვაძლევდნენ გულახდილ რჩევებს მათ სფეროებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ დამოკიდებულებამ და მათი გამოცდილების გაზიარებამ ჩემში ბევრი დამაბნეველი გარემოება შეამცირა. დამეთანხმებით, ძალიან რთულია ისეთი ნაბიჯის გადადგმა, როცა შენი ცხოვრება ერთ მცირე მიმდინარეობას უნდა დაუკავშირო, როცა არჩევანი ასეთი მრავალფეროვანია.
საგამოცდო და შეფასების სისტემა ძალიან განსხვავებულია, რამაც ბევრი დაბნეულობა გამოიწვია ჩემში, თუმცა აქაური კოორდინატორები ძალიან ოპერატიულად გვაწვდიდნენ ინფორმაციას და გვეხმარებოდნენ პრობლემების გადაჭრაში. ვფიქრობ ქართული შეფასების სისტემა ბევრად კომფორტულია ჩემთვის, იმის მიუხედავად, რომ მაზარიკის უნივერსიტეტის სისტემას ბევრი დადებითი აქვს: უფრო ჯანსაღია, ვგულისხმობ იმას, რომ ქულით შეფასება ძალიან სტრესულია, გამოცდის ჩაბარება საგნის დამთავრებისთანავე არ გიწევს, თითოეულ საგანს აქვს პრაქტიკული და თეორიული ნაწილი, პრაქტიკისა და სალექციო ნაწილის დრო და კრედიტები გამიჯნულია, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ისინი თანაბრად მნიშვნელოვანი და საინტერესოა.
საბოლოოდ, რამაც ყველაზე დიდი სიამოვნება მომანიჭა, იყო საშუალება მემოგზაურა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ვფიქრობ, მოგზაურობა არის ყველაზე კარგი საშუალება განათლების მიღების, გამოცდილებების დაგროვების. ვინაიდან სწავლის გრაფიკი ძალიან კომფორტული იყო, ვასწრებდით სხვადასხვა ქალაქის დათვალიერებას. ვფიქრობ, ბრნო არცერთს ჩამორჩება, რადგან არის კომფორტული, უსაფრთხო და მშვიდი ქალაქი, სეზონები ლამაზად ენაცვლება ერთმანეთს, ნამდვილად საუკეთესო გარემოა სტუდენტისთვის.

