· 2 წუთი საკითხავი · სტუდენტური ცხოვრება
ფერადოვან კულტურათა ჰარმონიული თანაარსებობა
ფერადოვან კულტურათა ჰარმონიული თანაარსებობა

ლაშა აგულაშვილი / Lasha Agulashvili
თსა-ს სტუდენტი / TMA Student


მე ვარ ლაშა აგულაშვილი და ვსწავლობ თბილისის სამედიცინო აკადემიის მე-5 კურსზე. გაცვლითმა პროგრამამ  Erasmus+ საშუალება მომცა ერთი სემესტრით სწავლა გამეგრძელებინა ვილნიუსის უნივერსიტეტში (ლიეტუვა).

ჩასვლისას მომიწია საგნების და ჯგუფების დამოუკიდებლად არჩევა. ვილნიუსში ყოფნის დროს გავიარე შვიდი საგანი: კრიტიკული მედიცინა, სასამართლო მედიცინა, პედიატრია და ნეონატოლოგია, ინფექციური დაავადებები და დერმატოვენეროლოგია, ნეფროლოგია და უროლოგია, ოფთალმოლოგია, რევმატოლოგია და გერონტოლოგია. სწავლის პერიოდში მქონდა მუდმივი კომუნიკაცია ვილნიუსის უნივერსიტეტის კოორდინატორთან.

ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო ჩაწერილი ლექციების ონლაინ ფორმატში მოსმენა. სემინარების უმეტესი ნაწილი პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა. ყოველ სემინარზე ახალ მასალასთან ერთად შესაბამის პაციენტებსაც ვხვდებოდით, რაც მიღებული თეორიული ცოდნის დამახსოვრებას მიადვილებდა.

ფინალური გამოცდები ყოველთვის ტესტური ფორმით ტარდებოდა საგამოცდო ცენტრში,. მასალას და სილაბუსს კი სემინარის დასაწყისში გვაცნობდნენ.  გამოცდამდე ლექტორები ცდილობდნენ მხოლოდ იმ საკითხებზე გაემახვილებინათ ყურადღება რაც ტესტებში იქნებოდა მოცემული.

გავლილი საგნებიდან ჩემთვის ყველაზე საინტერესო ოფთალმოლოგია იყო. სემინარებზე გავეცანით თვალის ანატომიას და დაავადებებს. ასევე, ვესწრებოდით ქირურგიულ ოპერაციებს და პაციენტებს ვუტარებდით თვალის გამოკვლევებს სპეციალური ხელსაწყოებით.

ვილნიუსში სწავლის პერიოდში მოვინახულე უამრავი ღირსშესანიშნაობა,ზოგიერთმა მათგანმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. მათგან გედიმინას კოშკს  გამოვარჩევდი, დახვეწილი სვეტოვანი თაღებით და გრაციოზული სარკმლებით. ვფიქრობ, გედიმინას კოშკი მის გვერდით მდგომ კათედრალს განუმეორებელ სინატიფეს ანიჭებს.

ჩემმა უნივერსიტეტმა მომცა შანსი რომ მიმეღო ევროპული განათლება. გაცვლითმა პროგრამამ გააუმჯობესა ჩემი ინგლისური ენის ცოდნა,  ვიმოგზაურე სხვადასხვა ქვეყანაში და გავეცანი მათ კულტურას. შევიძინე უამრავი საერთაშორისო მეგობარი. ყოველი ახალი გაცნობილი მეგობარი  ჩემს ცნობიერებაში წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა. შემიძლია თამამად განვაცხადო, ჩემი თავგადასავალი სწორედაც რომ ფერადოვან კულტურათა ჰარმონიული თანაარსებობა აღმოჩნდა.

გაზიარება: Facebook Telegram