· 3 წუთი საკითხავი · სტუდენტური ცხოვრება
ჩემი დაუვიწყარი გაცვლითი სემესტრი
ჩემი დაუვიწყარი გაცვლითი სემესტრი


ჩემი დაუვიწყარი გაცვლითი სემესტრი


მე ნინო ვარ, თსა-ს მე-5 კურსის სტუდენტი.    

ჩემმა უნივერსიტეტმა წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობა მომცა, ევროპის საუკეთესო Erasmus+ პროგრამის დახმარებით სემესტრი გამევლო ვილნიუსის უნივერსიტეტში, ლიეტუვაში. 

მღელვარება შერჩევის შედეგების ნახვისთანავე დამეწყო, რადგან ევროპული განათლების მიღება რამდენადაც გასახარია, იმდენადვე ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. საგნებისა და ჯგუფების არჩევა ჩასვლისთანავე მომიწია, რაც საკმაოდ სტრესული პროცესი იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვილნიუსის უნივერსიტეტის კოორდინატორთან მუდმივი კომუნიკაცია ამ სირთულის გადალახვაში დამეხმარა. 

 ვილნიუსის უნივერსიტეტში სწავლის პროცესი სრულად პრაქტიკული იყო, ფინალური შეფასებას ტესტური სახე ჰქონოდა. სემესტრის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა ასისტირება გამეწია წამყვანი ქირურგისათვის ნეფროლოგიის განყოფილებაში და დავსწრებოდი ისეთ ონლაინ ვორქშოპებს, საიდანაც მივიღებდი ძალიან დიდ გამოცდილებას. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო ნეონატოლოგიისა და პედიატრიის სემინარები აღმოჩნდა, რადგან სემინარისათვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგაც კი შემეძლო დავრჩენილიყავი კლინიკაში და გამეღრმავებინა პრაქტიკული გამოცდილება უიშვიათესი ქეისებით.   

რაც შეეხება უნივერსიტეტის გარეთ აქტივობებს, საგნების არჩევისა და გრაფიკის დალაგების პროცესი დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდა, რის შემდეგაც აქტიურად დავიწყე სოციალურ აქტივობებში მონაწილეობა. ერთ-ერთი ასეთი აქტივობა ერასმუსის სტუდენტთა ქსელის (ESN) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ჩართვა იყო, რომელთა დახმარებითაც პირველად ვცადე კაიაკინგი, კარტინგი და სხვ. ამ  პროექტებში ბევრი უცხოელი სტუდენტის გაცნობა მოვახერხე, რომლებთანაც ყოველდღიურ ურთიერთობას ახლაც ვინარჩუნებ.  ამასთან, მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებასა და ქვიზში, სადაც ჩემმა გუნდმა საპრიზო ადგილის დაკავებაც კი შეძლო.   

გაცვლითი პროგრამის პერიოდში სხვადასხვა დღესასწაულიც დაგვემთხვა, რომელთაც მე და ჩემი მეგობრები ერთად მხიარულად აღვნიშნავდით, მათგან ერთ-ერთი სააღდგომო თამაშის ჩატარება იყო. ყოველ დღესასწაულზე აუცილებლად ვამზადებდით ჩვენს ნაციონალურ კერძებს, რომელიც დამეხმარა მეგობრების ქვეყნებში ვირტუალურ მოგზაურობასა და მათი სამზარეულოს გაცნობაში. თუმცა, სულ არ გვჭირდებოდა კალენდარული დღესასწაულები რომ რაიმე გვეზეიმა, ამას თავადაც კარგად ვახერხებდით კარაოკესა თუ ცეკვის საღამოების, პიკნიკების, ბარბექიუ წვეულებების, ექსკურსიებისა და ევროპის სხვა ქვეყნებში ვიზიტის დაგეგმვით.  

 ლიეტუვაში ყოფნის პერიოდში დასახული მიზნებიდან ერთ-ერთი ქართული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაც იყო, რასაც საქართველოს ისტორიისა და ლანდშაფტის სურათების გაზიარებით ვახერხებდი. მეგობრებსა და ჯგუფელებს გავასინჯე ხაჭაპურიც, რომელიც იმდენად მოეწონათ, რომ სურვილი გამოთქვეს დამოუკიდებლად მომზადებაც მესწავლებინა. ისტორიებითა და სამზარეულოს გაცნობით ერთ-ერთ მათგანს ისე შევაყვარე საქართველო, რომ გადაწყვიტა ჩემთან ერთად ჩამოსულიყო და თავად აღმოეჩინა აქაურობა. მის აღმოსაჩენად კი ერთი ვიზიტი არ კმარა, ამიტომაც შემდეგი სტუმრობა მას და სხვა მეგობრებს უკვე დაგეგმილი აქვთ. 

 საბოლოო ჯამში ვთვლი, რომ პროგრამამ შესაძლებლობა მომცა განვვითარებულიყავი როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად. ვფიქრობ, მიღებული გამოცდილება აუცილებლად დამეხმარება კარიერული გზის დაგეგმვაში. 

მინდა  მადლობა  გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტს ამ შესაძლებლობისათვის, რადგან 2022 წლის გაზაფხულის სემესტრი ჩემთვის არის მაგალითი, თუ როგორ იქცა პირველ დღეს დანახული მოცუცქნული ოთახი უამრავი მეგობრის კომფორტის სივრცედ და განტვირთვის ადგილად. 


გაზიარება: Facebook Telegram