· 2 წუთი საკითხავი · აკადემიური
ევროპული მოგონებები კლაიპედაში
ევროპული მოგონებები კლაიპედაში
 


ევროპული მოგონებები კლაიპედაში
 
კლაიპედაში ერთი თვის გატარება იყო ისეთი გამოცდილება, რომელმაც მომცა შანსი გამეცნო იქაური სამედიცინო და კულტურული ღირსშესანიშნაობები, ამ ყველაფერმა კი შექმნა უნიკალური და დასამახსოვრებელი მომენტებით სავსე მოგზაურობა. 
არასოდეს დამავიწყდება ჩემი ერთთვიანი სტაჟირება კლაიპედას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, სადაც მივიღე ფართო ცოდნა და გამოცდილება უახლესი ქირურგიული პროცედურების შესახებ ორთოპედიისა და ტრავმის განყოფილებებში. მქონდა პატივი, დავხმარებოდი ქირურგს, რომელთანაც მთელი ერთი თვე გავატარე. იგი მაძლევდა შანსს, რომ გამომევლინა ჩემი უნარები და შემეძინა უაღრესად მნიშვნელოვანი გამოცდილება ქირურგიაში. 
 
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი გამოცდილების ყველაზე საინტერესო კომპონენტი იყო რობოტული ქირურგია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გავრცელებული საქართველოში. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ ტიპის ოპერაციების ნახვა და მასში მონაწილეობა. რობოტულ სისტემები არაჩვეულებრივი სიზუსტით გამოირჩევა და აშკარაა, რომ ეს ტექნოლოგია აუმჯობესებს შედეგებს, აღდგენის დროის შემცირებითა და პროცედურების ნაკლებ ინვაზიურობით. რობოტზე ქირურგის ხელის ყოველი მოძრაობა ამაღელვებელი იყო. ჩემმა ჩართულობამ ამ სტაჟირებაში დამარწმუნა, რობოტული ქირურგია მაქსიმალურად უნდა დაინერგოს მსოფლიოში და რა თქმა უნდა საქართველოშიც, რადგან ეს მნიშვნელოვნად გაზრდის პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობას და ქირურგიის წარმატების მაჩვენებელს.
 
ორგანიზებულმა და ეფექტურმა სამედიცინო სისტემამ კლაიპედაში ჩასვლისთანავე გამაოცა. საავადმყოფო, რომელსაც ყოველდღე ვსტუმრობდი, სრულად თანამედროვე ტექნოლოგიით იყო აღჭურვილი. იქ გავიგე ბევრად მეტი ორთოპედიისა და ტრავმის ქირურგიის შესახებ. დავესწარი არაერთ ოპერაციას. ჩართული ვიყავი ორთოპედიულ მკურნალობაში, მარტივი მოტეხილობებიდან დაწყებული სახსრის ჩანაცვლებით, რეკონსტრუქციითა და ამპუტაციებით დამთავრებული. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ყოველი ოპერაციის დროს ახალ დაბრკოლებას ვხვდებოდი და გამუდმებით ვამაყობდი ქირურგების სიზუსტითა და ერთმანეთთან კოორდინაციით.
 



ქირურგები პრიორიტეტს ანიჭებდნენ პაციენტის მოვლასა და შედეგებს. მინდა აღვნიშნო, რომ იქაური ქირურგები იყვნენ არა მხოლოდ ტექნიკურად მცოდნე, არამედ თანაგრძნობით გამორჩეულები. ბევრ მომენტს შევესწარი, როცა ქირურგს პაციენტის ხელი ეჭირა და ამშვიდებდა. მე შევძელი გამეფართებინა ჩემი ცოდნა ტრავმისა და ორთოპედიული ქირურგიის შესახებ. მათთან მუშაობით ვისწავლე, ქირურგიული მოვლისა და პოსტოპერაციული გამოჯანმრთელების სხვადასხვა მეთოდი.
 
გარდა ჩემი კლინიკური პასუხისმგებლობისა, გავეცანი ლიეტუვას კულტურას და მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა აქტივობაში. საბოლოოდ, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო უმნიშველოვანესი გამოცდილება ჩემთვის, რაც აუცილებლად გამომადგება ჩემს სამომავლო კარიერაში.
 
 
გაზიარება: Facebook Telegram