მედიცინა და ხელოვნება
რა აკავშირებს ერთმანეთთან მედიცინას და ხელოვნებას? ამ თემაზე არ მიფიქრია იმ დრომდე, ვიდრე ჩემი კოლეგისგან საინტერესო და ცოტა უჩვეულო შემოთავაზება არ მივიღე.
თსა-ს ვიცე რექტორმა კვლევის მიმართულებით, ეკა კლდიაშვილმა, მე და ჩემს კოლეგებს შემოგვთავაზა მონაწილეობა მიგვეღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. კონკურსი მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ტარდებოდა. უჩვეულოდ გვეჩვენა ის თემა, რომელიც საკონკურსოდ უნდა წარგვედგინა - მედიცინა და ხელოვნება. ვინაიდან ჩვენს გუნდს უყვარს ინოვაციები და ექსპერიმენტები, არც ამ გამოწვევას შევუშინდით და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. პროექტის საკონკურსოდ მომზადება საკმაოდ რთული ჩანდა. მოსაძიებელი და დასამუშავებელი იყო საკმარისი ტექსტუალური და ვიზუალური მასალა. თუმცა, ეკა იმდენად თავდაჯერებული ჩანდა, რომ დავთანხმდით. შემოვიკრიბეთ მოტივირებული პედაგოგები და დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება მედიცინისა და ხელოვნების კორელაციის შესახებ.
შავი ჭირის პანდემიის მსხვერპლთა დაკრძალვა ტურნაში (ბელგია) მინიატურის ფრაგმენტი გილ ლი მუისის მატეანედან (1347-52)
და მართლაც, მუშაობის პროცესში, მედიცინისა და ხელოვნების ურთიერთკავშირის და ურთიერთზეგავლენის უამრავი მაგალითი გავიხსენეთ და მოვიძიეთ, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ველოდით. აღმოვაჩინეთ არაერთი მაგალითი, სადაც კაცობრიობის ისტორიაში არსებული უმძიმესი პანდემიები და ეპიდემიები ხელოვნების ნიმუშებშია ასახული; დაავადებები, რომლებიც ოდითგან აშინებდა კაცობრიობას, ცნობილი მხატვრების შედევრებს შორის არის (მაგ. ედვარდ მუნკის ნამუშევარი - მომაკვდავი ბავშვი, სადაც ტუბერკულოზით დაავადებული მხატვრის და არის გამოსახული). ბევრი ხელოვანი ამით თანაგრძნობას გამოხატავდა სხვადასხვა მძიმე სენით შეპყრობილი ადამიანების მიმართ. მართალია მიკრობები უმძიმეს დაავადებებს იწვევენ, მაგრამ ამავე დროს, თურმე, შესაძლებელია დახატო ბაქტერიებით და შექმნა მიკრობული ხელოვნების ნიმუშები. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ხელოვანის წარმატება, სწორედ რომ მისი ანატომიური თავისებურებებით იყო განპირობებული. მაგ. ვიოლინოს ვირტუოზს, ნიკოლო პაგანინის, სახსრების უჩვეულო ელასტიურობა ახასიათებდა.
ბევრი აღარ გვიფიქრია, შევიტანეთ ფონდში განაცხადი და დამამთავრებელი კლასების (X,XI, XII) მოსწავლეებისთვის ლექცია-სემინარების სახით, მედიცინისა და ხელოვნების ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დავიწყეთ. ინფორმაცია უნდა ყოფილიყო სახალისო, თვალსაჩინო და ინტერაქციული.
პროექტის ფარგლებში, მსმენელებს ჩაუტარდათ როგორც ლექცია-სემინარები, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხელით შეესრულებინათ მარტივი ექსპერიმენტები აკადემიის სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში. მაგალითად, დაეხატათ ბაქტერიებით, დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ნიმუში მიკროსკოპის ქვეშ და ა.შ.
პროექტის დასკვნით ნაწილში მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლებიც ასახავდა მედიცინის კონკრეტული თემებისა და ხელოვნების ინტეგრაციის საკუთარ ხედვას. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა. მისი წარმატება განაპირობა სწორად მოწოდებულმა იდეამ, აკადემიის ლექტორებმა და, რა თქმა უნდა, მოტივირებულმა მსმენელებმა. პროექტი ამჟამად გრძელდება. თუმცა, ოდნავ განსხვავებული ფორმატით და სათაურით - “მედიცინა, ხელოვნებაში ასახული ისტორია”. პროექტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მედიცინის და ხელოვნების ურთიერთგავლენით, ახალი ცოდნა და შემოქმედებითი აზროვნება იბადება, რაც მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.


