· 2 წუთი საკითხავი · აკადემიური
ჩემი მომავლის შექმნა
ჩემი მომავლის შექმნა

ჩემი მომავლის შექმნა

მე ვარ მარიამ ჭითაშვილი, მესამე კურსის სტუდენტი და მოხარული ვარ, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება სტაჟირების  სამკვირიანი  პროგრამიდან, რომელშიც მონაწილეობა მივიღე თურქეთში, ქალაქ ერზურუმში, კარდიოლოგიის დეპარტამენტში.

ამ განყოფილებაში მუშაობის დროს, შევიძინე მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება. ისე, სწავლის პერიოდში არ მიზიდავდა არც კარდიოლოგია და არც კარდიოქირურგია, თუმცა ეს სამი კვირა იმდენად შთამაგონებელი და საინტერესო აღმოჩნდა, რომ ახლა ვფიქრობ, მომავალი კარიერა ზუსტად ამ სფეროებს დავუკავშირო.

პროგრამის ფარგლებში შეხება მქონდა ბევრ საინტერესო კარდიოლოგიურ შემთხვევასთან და შანსი მომეცა გამეზიარებინა კარდიოლოგების ყოველდღიური რუტინა და მოვალეობები. ჩემი სტაჟირების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ასპექტი იყო ანგიოგრაფიის განყოფილება, სადაც  პერსონალი განსაკუთრებულად მომეწონა.

 
სტუდენტებს საშუალება მოგვეცა უშუალოდ დავსწრებოდით ანგიოგრაფიის პროცედურებს, რომლის დროსაც გვეცვა სპეციალური, რენტგენის გამოსხივებისგან დამცავი უნიფორმა. უნიფორმა დამზადებული იყო ტყვიისგან და 5 კილოგრამზე მეტს იწონიდა. ერთი შეხედვით, მძიმე არ ჩანდა, მაგრამ მისი მცირე ხნით ტარების შემდეგ, სწრაფად მივხვდი ამ წონის ატანის გამოწვევას მთელი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დღეში 10-დან 12 პროცედურის შესრულება გვიწევდა. ეს ნამდვილად ხაზს უსვამს პროფესიის ფიზიკურ მოთხოვნებს და აღრმავებს ჩემს პატივისცემას ჯანდაცვის პროფესიონალების მიმართ, რომლებიც თავდადებით ასრულებენ ასეთ რთულ ამოცანებს. პროცედურებისას, ექიმები დეტალურად ხსნიდნენ ყველაფერს, რამაც გააადვილა ჩემი ანატომიური ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

გარემო საკმაოდ მეგობრული და კოლაბორაციული იყო. ექიმები და ექთნები ენთუზიაზმით გამოირჩეოდნენ, მათ სურდათ საკუთარი გამოცდილების გაზიარება. დროს უთმობდნენ რთული ქეისების ახსნას და ყველა შეკითხვაზე ამომწურავ პასუხებს გვცემდნენ.

ასევე, უმნიშვნელოვანელი ასპექტი იყო ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების გაცნობა. საშუალება მოგვეცა დაგვეთვალიერებინა განსაცვიფრებელი ბუნება - მათ შორის, ტორტუმის ტბის თვალწარმტაცი პეიზაჟები. თურქული სამზარეულოს გასინჯვამ გაამდიდრა ჩემი გასტრონომიული გამოცდილება და გამაცნო რეგიონის კულინარიული ტრადიციები.

მოკლედ რომ შევაჯამო, ჩემი სამკვირიანი სტაჟირება თურქეთში, გადამწყვეტი გამოცდილება იყო, რომელიც დამეხმარა როგორც პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაში. კარდიოლოგიის პრაქტიკულმა გაცნობამ შთამაგონა, განახლებული ენთუზიაზმით გავაგრძელო კარიერა ამ სფეროში.

ყველას, ვინც ეძებს ფასდაუდებელ ცოდნასა და გამოცდილებას, სიამოვნებით გირჩევთ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას.    










გაზიარება: Facebook Telegram