· 2 წუთი საკითხავი · აკადემიური
სამედიცინო თავგადასავალი თურქეთში
სამედიცინო თავგადასავალი თურქეთში
 

სამედიცინო თავგადასავალი თურქეთში 

გამარჯობა, მე დიანა მამულაძე ვარ, თბილისის სამედიცინო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებოდი თურქეთში, ქალაქ ერზურუმში ქემალ ათათურქის სახელობის საუნივერსიტეტო კვლევით ჰოსპიტალში და მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელიც ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო. 

სტაჟირების ფარგლებში ჩემს ოთხ მომავალ კოლეგასთან ერთად ვიმყოფებოდი გინეკოლოგიის დეპარტამენტში, სადაც შევძელი გავცნობოდი უამრავ საინტერესო ქეისს, გამესინჯა პაციენტები და დავსწრებოდი რამდენიმე ათეულ ოპერაციას, მათ შორის, გამეწია ასისტირება და მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება ქირურგიაში.

ერთია, ეცნობოდე რომელიმე სინდრომს ან დაავადებას წიგნების ფურცლებზე და მეორეა ამოყო თავი საოპერაციოში, სადაც ზუსტად ამ კონდიციების მქონე პაციენტებს უტარებენ ოპერაციულ მკურნალობას. ამ დროს, ოდესღაც წაკითხული ჰიპოთეტური ქეისი კი ახლა უკვე რეალობა ხდება და შენც ამის ნაწილი ხარ. ეს პროცესი აქამდე სამედიცინო სფეროში გადადგმულ პატარ-პატარ ნაბიჯებს, უფრო მეტ თავდაჯერებულობას და ცოდნას მატებს, გაძლევს საშუალებას გაიაზრო, რომ ყველაფერი, რაც აქამდე ისწავლე ძალიან მნიშვნელოვანი და გამოყენებადია ყოველდღიურ პრაქტიკაში, რაც ვფიქრობ ფასდაუდებელია.      

 

პროგრამამ მომცა საშუალება გამეწია ასისტირება ისეთ სპეციალისტებისთვის, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნების წამყვან კლინიკებში მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ, დამესვა მათთვის კითხვები და მიმეღო პასუხები მათ უნიკალურ შეხედულებებზე დაყრდნობით. ერთ-ერთი ასეთი გამოცდილება გვქონდა პროფესორთან, რაჯიფ ათაქან ალთან, რომელიც გინეკოლოგიის დეპარტამენტის უფროსი იყო და წამყვანი როლი ეჭირა რთული სამედიცინო ქეისების მართვაში. ასეთი ქეისებიდან  გამორჩეულად დამამახსოვრდა მიულერის აპლაზიის მქონე 25 წლის პაციენტი, გიგანტური ზომის წანაზარდის მიომექტომია, ექტოპიური ორსულობის შემთხვევა, სადაც ნაყოფი არასტანდარტულად იყო მიმაგრებული საშვილოსნოს ფუძეზე და მრავალი სხვა. 

ძალიან საინტერესო იყო რეზიდენტების საქმიანობაზე დაკვირვებაც, რომლებიც დიდი გამოცდილებიდან გამომდინარე იმდენად დამოუკიდებლად მართავდნენ ქეისებს და აკეთებენ ოპერაციებს, რომ შესაძლებელია ლიცენზირებული პრაქტიკოსი ექიმებად აღგექვათ. იმ მონაკვეთებში როცა გინეკოლოგიისთვის განკუთვნილ საოპერაციოებში პროცედურა არ იყო დაგეგმილი რეზიდენტები გვაძლევდნენ საშუალებას სხვა პროფილის ოპერაციებსაც დავსწრებოდით, რის გამოც კონკრეტული სტაჟირება მულტიპროფილური გამოცდილება იყო. განსაკუთრებით გამოვყოფდი უროლოგიის დეპარტამენტში ჩატარებულ თირკმლის ლაპარასკოპიულ ოპერაციებს, რომლებიც რობოტული ტექნიკითა და 3D ფორმატით მიმდინარეობდა.

ცხადია, სტაჟირება არ შემოიფარგლა მხოლოდ კლინიკაში გატარებული დღეებით. ყოველდღიურად ვათვალიერებდით ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, ვაგემოვნებდით თურქულ სამზარეულოს და ვეცნობოდით მათ კულტურას. ჯამში ეს ერთი თვე იყო საკმაოდ ნაყოფიერი და ხელი შეუწყო ჩემი თეორიული, პრაქტიკული და კულტურული ცოდნის გაღრმავებას, რაც მთავარია შეასრულა უმთავრესი მისია - დაგვენახა და გაგვეგო როგორია მედიცინა პრაქტიკაში.

გაზიარება: Facebook Telegram