· 2 წუთი საკითხავი · აკადემიური
სწორი არჩევანი
სწორი არჩევანი



სწორი არჩევანი

მე ვარ პაპუნა სირბილაძე, თბილისის სამედიცინო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტი. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რომელიც მივიღე თურქეთში, კერძოდ ქალაქ ერზურუმის ათათურქის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგიის დეპარტამენტში, სადაც გაცვლითი  პროგრამით ვიმყოფებოდი.
 
არასოდეს დამავიწყდება პირველი შეხვედრა კლინიკის პერსონალთან. რა თქმა უნდა, იყო ღელვა, ცოტა ნერვიულობა, რომელიც გამოწვეული იყო იმით, რომ მოვხვდი სრულიად უცხო, ახალ გარემოში და ვფიქრობდი, გამართლდებოდა თუ არა ჩემი მოლოდინი. კათედრის ხელმძღვანელ პროფესორ მუჰამედ ჰაკანთან შეხვედრისთანავე დაძაბულობა უმალ  გაქრა. გამაოცა მისმა თავმდაბლობამ, ძალიან თბილად მიმიღო, დამათვალიერებინა საავადმყოფო და გამაცნო იქ მომუშავე პერსონალი: ექიმები, რეზიდენტები, ტექნიკოსები, ექთნები და ა.შ.
 
უნდა ითქვას, რომ სტაჟირების პირველი დღიდანვე ვგრძნობდი კლინიკის პერსონალის დადებით დამოკიდებულებას ჩემს მიმართ. ისინი მიყურებდნენ, როგორც მომავალ კოლეგას და ცდილობდნენ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინათ. დეტალურად მიხსნიდნენ ყოველი პროცედურის მნიშვნელობას, პასუხობდნენ ჩემ მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას. აღსანიშნავია, რომ თითოეულ ექიმს მუშაობის თავისი სტილი, მეთოდი და მიდგომა ჰქონდა. ყოველდღიურად ვაკვირდებოდი ექიმისა და პაციენტის ურთიერთდამოკიდებულებას და დავრწმუნდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი კავშირი.
 


დილით, რეზიდენტებთან ერთად, ვამოწმებდით პაციენტების ჯანმრთელობას და ვატარებდით სხვადასხვა მანიპულაციას. ვესწრებოდი ანგიოლოგიურ ოპერაციებსა და ანგიოგრაფიებს კარდიოქირურგიის განყოფილებაში. ექიმებთან ერთად განვიხილავდით მკურნალობის მეთოდებს და სხვადასხვა პერსპექტივას.
 
გარდა პროფესიული თანამშრომლობისა, თავისუფალ დროს კლინიკის პერსონალის დახმარებით ვეცნობოდი თურქეთის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს. მეც გავუზიარე ინფორმაცია, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტრადიციების, ისტორიის, ღირსშესანიშნაობების შესახებ. უნდა ითქვას, რომ ინტერესი იმდენად დიდი იყო მათი მხრიდან, რომ საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვეს. ჩვენ გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ვფიქრობ, ეს კავშირები არ გაწყდება, პირიქით, უფრო განმტკიცდება.
 
მე, როგორც საქართველოს წარმომადგენელი, მაქსიმალურად ვცდილობდი, ღირსეულად წარმომეჩინა ჩემი ქვეყანა, ჩემი აკადემია და ჩემი პიროვნება. ვფიქრობ, ამ ამოცანას კარგად გავართვი თავი. 

 ამ შესანიშნავმა პროექტმა კიდევ უფრო განმიმტკიცა ჩემი არჩევანი - გავხდე ექიმი და რომ ეს პროფესია არ გულისხმობს მხოლოდ პაციენტის დიაგნოზირებას და მკურნალობას, ეს არის  ზრუნვა,დაკვირვება და მუდმივი განვითარება.
 
ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ თბილისის სამედიცინო აკადემიამ მომცა ეს უზარმაზარი შესაძლებლობა.
 
 






 
 
გაზიარება: Facebook Telegram