აკადემიური

ფაკულტეტის განვითარება

თბილისის სამედიცინო აკადემია სტუდენტებს სთავაზობს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შექმნილია თანამედროვე განათლების სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების პროფესიული კარიერისთვის მომზადებას. ჩვენი პროგრამები ემყარება მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ცოდნას, ადრეულ კლინიკურ მომზადებას და სტუდენტებს უვითარებს ჯანდაცვის პროფესიონალისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს.

სიახლეები
სამუშაო შეხვედრა  მოწვეულ და აკადემიურ პერსონალთან
2026-08-01

სამუშაო შეხვედრა მოწვეულ და აკადემიურ პერსონალთან

დეპარტამენტის შესახებ

ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტი შეიქმნა 2019 წლის თებერვალში თსა სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებული SWOT ანალიზის შედეგების (აკადემიური და მოწვეული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშემწყობი აქტივობების ნაკლებობა, 2017), ავტორიზაციის ექსპერტთა რჩევის (უფრო მეტი პროფესიონალური ტრენინგების უზრუნველყოფა პედაგოგებისთვის, მედიცინის სწავლების უნარებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ადმინისტრაციული მართვისთვის, 2018) და მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნის (სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის მიმართულებით პედაგოგების ტრენინგების აუცილებლობა) გათვალისწინებით.

მიზანი

დეპარტამენტის მიზანია აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად და მუდმივად განვითარებადი კვალიფიციური გუნდის მხარდასაჭერად, რომელიც იზიარებს აკადემიის მისიას, ხედვას სწავლებისა და კვლევითი მიმართულებით და აკადემიის ინსტიტუციურ კულტურას.

სიახლეები

საერთაშორისო კონფერენციებზე მიღებული გამოცდილების გაზიარება

2022-11-02

საერთაშორისო კონფერენციებზე მიღებული გამოცდილების გაზიარება

საერთაშორისო კონფერენციებსა და საზაფხულო სკოლებში მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით თსა-ში სამ…

თსა AMSE-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე

2022-10-13

თსა AMSE-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე

საქართველომ ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა. კონფერ…

ბელგიელი კოლეგების ვიზიტი თსა-ში

2022-10-07

ბელგიელი კოლეგების ვიზიტი თსა-ში

თბილისის სამედიცინო აკადემიამ, Erasmus-ის თანამშრომელთა მობილობის პროგრამის ფარგლებში, ბელგიელ კოლეგ…

CIMED-ის ტრენინგების კვირეული თსა-ში

2022-09-15

CIMED-ის ტრენინგების კვირეული თსა-ში

თბილისის სამედიცინო აკადემიას თსა სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის (CIMED) ხელმძღვანელები პ…

თსა-მ AMEE-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე ორი თემა წარადგინა

2022-09-06

თსა-მ AMEE-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე ორი თემა წარადგინა

ევროპის სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) ყოველწლიურ კონფერენციაზე (AMEE 2022), რ…

თსა-ს თანამშრომლებმა სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი მოიპოვეს

2022-04-12

თსა-ს თანამშრომლებმა სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი მოიპოვეს

თსა განაგრძობს თავისი პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. სამედიცინო განათლების …

გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების (TBL) სესია

2022-04-04

გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების (TBL) სესია

ინტეგრაციის კვირეულის ბოლო ეტაპზე სტუდენტებისთვის გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების (TBL) სესია…

ინტეგრაციის კვირეული თსა-ში

2022-03-23

ინტეგრაციის კვირეული თსა-ში

ინტეგრაციის კვირეულის ფარგლებში, თსა-ს სტუდენტები რეალურ პაციენტებს შეხვდნენ. კვირეულის მიზანს წარმო…

საერთაშორისო კონფერენციებზე მიღებული გამოცდილების გაზიარება

საერთაშორისო კონფერენციებზე მიღებული გამოცდილების გაზიარება

2022-11-02

საერთაშორისო კონფერენციებსა და საზაფხულო სკოლებში მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით თსა-ში სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

პროგრამის ხელმძღვანელმა ცისანა ლომაშვილმა, ვიცე რექტორმა კვლევის მიმართულებით ეკატერინე კლდიაშვილმა, უწყვეტი პროფესიული განვითარების სამსახურის მენეჯერმა მაკა ზარნაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნინო სიხარულიძემ, სამედიცინო განათლების სპეციალისტმა დეა გოდერძიშვილმა და ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მაკა მაღლაკელიძემ კოლეგებს ევროპის სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) და ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებზე მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. 

საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა ხათუნა ხატიაშვილმა, სტუდენტთა სამეცნიერო აქტივობების კურატორმა საბა იორდანიშვილმა და საგამოცდო ცენტრის კოორდინატორმა ვახო დეისაძემ კი ნიდერლანდებში, რადბაუდის უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლაში მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. 

მიმდინარე პროექტების კოორდინატორმა ნატალია კოჭლაშვილმა კი აუდიტორიას გაუზიარა Erasmus-ის პროექტის, თანამშრომელთა მობილობის პროგრამის ფარგლებში რადბაუდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ისტორია და სამომავლო გეგმები. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა. შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, განეხილათ და ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ სიახლეები, გამოცდილება, გამოწვევები და შესაძლებლობები სამედიცინო განათლების განვითარების, პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და შემდგომი საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების კუთხით.

თსა AMSE-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე

თსა AMSE-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე

2022-10-13

საქართველომ ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა.  კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამედიცინო განათლების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუციების წარმომადგენლები:  სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია (WFME), ევროპის საუნივერსიტეტო ასოციაცია - სადოქტორო განათლების საბჭო (EUA-CDE), ბიომედიცინის სადოქტორო განათლების ორგანიზაცია და ჯანდაცვითი მეცნიერებები ევროპულ სისტემაში (ORPHEUS) და მედიცინის სტუდენტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (IFMSA). მონაწილეებს შორის კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სამედიცინო აკადემია. თსა-ს წარმომადგენლებმა სამი თემა წარადგინეს:

  • ხელოვნება, როგორც სამედიცინო განათლების სწავლების ეფექტური მიდგომა - მაია ზარნაძე, ასოცირებული პროფესორი, თსა-ს უწყვეტი პროფესიული განათლების მენეჯერი;
  • საბაზისო სწავლების ეტაპზე ინტეგრირებულ მოდულებში PSI კურიკულუმის იმპლემენტაცია - ცისანა ლომაშვილი, ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი;
  • კვლევის ხაზის სასწავლო კურსის დასაწყისში კლინიკური მსჯელობის აქტივობების გამოყენება დამათავრებელი კურსის სტუდენტების კვლევისადმი ინტერესის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს - ეკატერინე კლდიაშვილი, პროფესორი, ვიცე რექტორი კვლევის მიმართულებით.

მომხსენებლებს შორის იყვნენ სამედიცინო განათლების დარგში საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტები და ლიდერები: დევიდ გორდონი - სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, მანჩესტერის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი (დიდი ბრიტანეთი); ჰარმ პიტერსი - ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის პრეზიდენტი, შარიტეს უნივერსიტეტის პროფესორი, (გერმანია); ალექსანდრე ჰასგალი - ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) სადოქტორო განათლების საბჭოს ხელმძღვანელი;   რობინ სტივენსონი - European CME Journal-ის მთავარი რედაქტორი, მედიცინის ემერიტუს პროფესორი, გლაზგოს უნივერსიტეტი, (დიდი ბრიტანეთი); იანუშ იანჟუკოვიჩი ლოძის უნივერსიტეტის პროფესორი (პოლონეთი),  ნებოჟა ლალიჩი - ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორი (სერბეთი) და კრის სკოტერი - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ადამიანური რესურსების ექსპერტი.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ მომხსენებლები უკრაინიდან, უნგრეთიდან, ლიეტუვიდან და ათზე მეტი ინსტიტუციის წარმომადგენელი საქართველოდან.

კონფერენციას მასპინძლობდა დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი.

ბელგიელი კოლეგების ვიზიტი თსა-ში

ბელგიელი კოლეგების ვიზიტი თსა-ში

2022-10-07

თბილისის სამედიცინო აკადემიამ, Erasmus-ის თანამშრომელთა მობილობის პროგრამის ფარგლებში, ბელგიელ კოლეგებს უმასპინძლა. თსა-ს სტუმრობდა ზოგადი პრაქტიკის/საოჯახო მედიცინის მასწავლებელთა ევროპული აკადემიის პრეზიდენტი, ოჯახის ექიმთა ტრენერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ანტვერპენის უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი ნელე მიჩელსი, ასევე, კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ხაზის კოორდინატორები (ანტვერპენის უნივერსიტეტი) კრისტინ ვან დენ ბოგერდი და კატრინ ბომბეკე. 

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კლინიკური და საბაზისო საგნების პედაგოგებმა გაიარეს ტრენინგი შემდეგ თემებზე: როგორ ვასწავლოთ და შევაფასოთ კომუნიკაციური უნარ-ჩვევები, როგორ ვასწავლოთ პაციენტის კონსულტაციის უნარ-ჩვევები და როგორ მოვამზადოთ სიმულაციური პაციენტი.

„მსგავსი ტრენინგები ხელს შეუწყობს სწავლების დროს სტუდენტებში ისეთი კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, როგორიც არის პაციენტისთვის ცუდი ამბის მიწოდება, სამოტივაციო ინტერვიუ, ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პაციენტებთან კომუნიკაცია. სამუშაო შეხვედრებზე დეტალურად განიხილეს კონკრეტული საკომუნიკაციო ტექნიკები. მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე დაეთმო ზემოთაღნიშნული უნარების შეფასების მეთოდებს. ამასთან, ცალკე უნდა აღინიშნოს სიმულაციური პაციენტების შერჩევის, მომზადების, სწავლების მეთოდებისა და მოსალოდნელი შედეგების შეფასების ნაწილი, სიმულაციური პაციენტების ტრენინგის სხვადასხვა დიდაქტიკური ასპექტის ამოცნობა და მათთან მუშაობა“ - ხათუნა ხატიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის კოორდინატორი, თსა-ს აფილირებული, ასოცირებული პროფესორი ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით.

გარდა ამისა, თსა აკადემიურმა და მოწვეულმა პედაგოგებმა ბელგიელ კოლეგებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება კომუნიკაციური უნარ-ჩვევების სწავლება/შეფასების მიმართულებით  და  სიმულაციური პაციენტების საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის მაგალითები. ქართველმა და ბელგიელმა კოლეგებმა განიხილეს თსა-ში 2022 წლის ზაფხულში ჩატარებული ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) შედეგები და სტატისტიკური მახასიათებლები.

სტუმრებს ასევე ჰქონდათ სამუშაო შეხვედრები აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან Erasmus-ის ფარგლებში შემდგომი კოლაბორაციის გაგრძელების და ოჯახის ექიმთა ურთიერთთანამშრომლობის (GP network) გაძლიერების მიზნით.

CIMED-ის ტრენინგების კვირეული თსა-ში

CIMED-ის ტრენინგების კვირეული თსა-ში

2022-09-15

თბილისის სამედიცინო აკადემიას თსა სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის (CIMED) ხელმძღვანელები პროფესორი იოუკ დენეკენსი და პროფესორი ჰერმან ვან როსემი (ანტვერპენი/ბელგია) სტუმრობდნენ. 

ხუთ დღიანი ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა თსა-ს ადმინისტრაციასთან, აკადემიურ და მოწვეულ პედაგოგებთან. პედაგოგებმა წარადგინეს ინტეგრირებული ქეისები და შესაბამისი ინტეგრირებული დავალებები, იმსჯელეს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მაგალითებზე თავიანთი სასწავლო კურსების ფარგლებში, უკუკავშირისა და გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების ორგანიზებაზე და პორტფოლიოს შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე.

კვირეულის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტრენინგები პედაგოგებისათვის თემებზე - „პაციენტზე, სტუდენტზე ორიენტირებული, ინტეგრირებული პროგრამის რეალიზაცია“, “გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების ხაზის განვითარება პროგრამაში”, “მენტორის როლი პორტფოლიოში“, „სწავლებისა და შეფასების მეთოდები პირველი სემესტრის სასწავლო პროგრამაში“, „ანატომიური მაგიდის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება სხვადასხვა სასწავლო კურსების ფარგლებში“ და სხვ.

თსა-მ AMEE-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე ორი თემა წარადგინა

თსა-მ AMEE-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე ორი თემა წარადგინა

2022-09-06

ევროპის სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) ყოველწლიურ კონფერენციაზე (AMEE 2022), რომელიც ლიონში (საფრანგეთი) გაიმართა, თსა-მ ორი თემა წარადგინა. 

თსა-ს ვიცე რექტორმა კვლევის მიმართულებით ეკატერინე კლდიაშვილმა და სამედიცინო განათლების ექსპერტმა დეა გოდერძიშვილმა წარადგინეს ზეპირი პრეზენტაცია სახელწოდებით: „Virtual Patient Simulators as a Pilot of eHealth Introduction in Medical Curricula“, ხოლო უწყვეტი პროფესიული განვითარების მენეჯერმა, კურიკულუმის კომიტეტის წევრმა მაკა ზარნაძემ, პრეზენტაცია წარადგინა თემაზე “The impact of the Self-Reflection on the Identification Learning needs of the Medical Students during preclinical years “. 

ლიონში გამართულ კონფერენციას თსა-დან ასევე ესწრებოდნენ საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ცისანა ლომაშვილი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო სიხარულიძე. კონფერენციის ფარგლებში აკადემიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა თემატურ ვორქშოპსა და სამუშაო შეხვედრაში. ამასთან, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სამედიცინო განათლებაში აღიარებული ექსპერტების მოსაზრებებს და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში როგორც მსგავსი, ასევე განსხვავებული ინტერესების მქონე კოლეგებთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. 

AMEE-ს კონფერენცია წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა სამედიცინო განათლებაში ჩართული ყველა პირისათვის. წელს კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 90 ზე მეტმა სამედიცინო სკოლამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

თსა-ს თანამშრომლებმა სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი მოიპოვეს

თსა-ს თანამშრომლებმა სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი მოიპოვეს

2022-04-12

თსა განაგრძობს თავისი პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. სამედიცინო განათლების სფეროში, სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) მიერ შემოთავაზებული ტრენინგ-კურსები მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ გზაზე. 

თსა-ს აკადემიურმა პერსონალმა ცისანა ლომაშვილმა (პროგრამის ხელმძღვანელი), ია ხახუტაიშვილმა (კურიკულუმის კომიტეტის წევრი) და მაკა ზარნაძემ (კურიკულუმის კომიტეტის წევრი) გაიარეს AMEE-ს მიერ ორგანიზებული ოთხი ტრენინგ - კურსი „ძირითადი უნარ-ჩვევები სამედიცინო განათლებაში“ და სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი მოიპოვეს. ეს კი თსა-სთვის უმნიშვნელოვანესია ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისთვის.

„ტრენინგ-კურსები ორგანიზებული იყო AMEE-ს რეგიონული, საქართველოს წარმომადგენლობის მიერ და მას AMEE-ს პრეზიდენტი ტრევორ გიბსი უძღვებოდა. აღნიშნულმა კურსებმა საშუალება მოგვცა გავცნობოდით სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის სიახლეებს აქტიური და საკმაოდ დატვირთული სამუშაო შეხვედრების ფორმატში. ტრენინგებზე სავალდებულო აქტივობის გარდა მსმენელებს მოგვეთხოვებოდა ტრენინგის შემდგომი დავალების შესრულება (ტრენინგის რეფლექსია), სადაც უნდა აღგვეწერა, თუ რა ცოდნა შევიძინეთ ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში და როგორ გამოვიყენებთ მას პრაქტიკაში. ტრენინგ-კურსების დავალების ფარგლებში ასევე ჩავატარეთ ორი კვლევა სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის მიმართულებით - “ონლაინ შებრუნებული საკლასო ოთახის (Flipped Classroom) გავლენა კრიტიკულ აზროვნებაზე, გუნდურ მუშაობასა და დამოუკიდებელ სწავლის უნარებზე სწავლების პრეკლინიკურ ეტაპზე მყოფ სტუდენტებში” და “თვითრეფლექსიის გავლენა სწავლის საჭიროებების იდენტიფიცირებაზე სწავლების პრეკლინიკურ ეტაპზე“.

ერთ-ერთი კვლევა წარდგენილი იყო AMEE 2021 გლაზგოს კონფერენციაზე ზეპირი პრეზენტაციის სახით, ხოლო მეორე წარდგენილია - AMEE 2022 ლიონის კონფერენციაზე. აღნიშნულ ტრენინგებში აკადემიის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ვეცნობით სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის სიახლეებს. მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ვუზიარებთ კოლეგებს და ერთობლივად ვცდილობთ სწავლების, სწავლის და შეფასების თანამედროვე სტანდარტები დავნერგოთ თსა-ში“ - მაკა ზარნაძე.

სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსის მოპოვების მიზნით, ამჟამად თსა-ს კიდევ ექვსი თანამშრომელია ჩართული AMEE-ს ტრენინგ-კურსებში.

გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების (TBL) სესია

გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების (TBL) სესია

2022-04-04

ინტეგრაციის კვირეულის ბოლო ეტაპზე სტუდენტებისთვის გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების (TBL) სესია ჩატარდა. სესიის მიზანი იყო სტუდენტებში დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების, გუნდში მუშაობის, კომუნიკაციის უნარისა და კრიტიკულ აზროვნების განვითარება და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის პრინციპების სწავლება.

„TBL არის ერთ-ერთი გზა, რომ ვაჩვენოთ სტუდენტს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰქონდეს გუნდური მუშაობის  უნარი.  Მედიცინა უსაზღვრო, ამოუწურავი და სწრაფად განვითარებადია, შესაბამისად, აუცილებელია სხვადასხვა და ასევე ერთი და იგივე მიმართულების სპეციალისტების არა მხოლოდ არსებობა ერთ ან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ მათი შეთანხმებული, მჭიდრო თანამშრომლობა, რათა მიღწეულ იქნას პაციენტისათვის ყველა შესაძლო, მათ შორის, საუკეთესო შედეგი“ - სალომე ბულისკერია, თსა-ს ლექტორი.

სესიამდე ერთი კვირით ადრე პედაგოგებმა სტუდენტებს გააცნეს TBL სესიის მიზანი, სწავლის შედეგები, დაჰყვეს ჯგუფებად და მიაწოდეს შესაბამისი ლიტერატურა. სესიის ფარგლებში სტუდენტებმა ჯგუფებად იმუშავეს დიაბეტით დაავადებული პაციენტის ქეისზე  და  შესაბამის დავალებაზე. დავალება მოითხოვდა სტუდენტების მხრიდან  მოდულის ფარგლებში (ანატომია, ჰისტოლოგია, ფიზიოლოგია) მიღებული ცოდნის ინტეგრაციას და კლინიკური პრობლემის ამოხსნას.

„TBL გვაჩვევს გუნდურ მუშაობას, სტუდენტები ინტეგრირებულ დავალებებზე ერთად ვმუშაობთ, რაც სამომავლოდ დაგვეხმარება ეფექტური და სრულფასოვანი მომსახურება გაუწიოთ პაციენტს. სწორედ ახლა გავდივართ ენდოკრინულ სისტემას, შევისწავლით სხვადასხვა დაავადებებს, მათ შორის დიაბეტს. რეალურ პაციენტთან პირდაპირი კომუნიკაცია დაგვეხმარა თემის უკეთ გააზრებაში. გავარჩიეთ ქეისი დიაბეტზე და ამ თემის ირგვლივ წარმოვადგინეთ პოსტერები“ - იაკო ბარაბაძე, ქართულენოვანი მედიცინის მეორე კურსის სტუდენტი.

მენტორებმა შეაფასეს, როგორც სტუდენტების მიერ ჯგუფურად შესრულებული ინტეგრირებული დავალება, ასევე მათი  ინტერპერსონალური უნარები.

ინტეგრაციის კვირეული თსა-ში

ინტეგრაციის კვირეული თსა-ში

2022-03-23

ინტეგრაციის კვირეულის ფარგლებში, თსა-ს სტუდენტები რეალურ პაციენტებს შეხვდნენ. კვირეულის მიზანს წარმოადგენს სტუდენტების კონტაქტი რეალურ პაციენტებთან სწავლების პრეკლინიკურ ეტაპზე და სხვადასხვა სასწავლო კურსის ფარგლებში შეძენილი ცოდნისა და უნარების გამოყენება მათი პრობლემის გასაცნობიერებლად.

„მსგავსი ღონისძიება ჩვენთვის, როგორც მომავალი ექიმებისთვის საინტერესოა, რადგან ექიმსა და პაციენტს შორის სწორი კომუნიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. დღეს კი საშუალება მოგვეცა კარგი მაგალითი გვენახა იმისა, თუ როგორ უნდა წარიმართოს პაციენტთან დიალოგი. სწორედ ახლა ვსწავლობთ დიაბეტს და ენდოკრინულ სისტემას, პაციენტთან პირდაპირი კომუნიკაცია კი ძალიან დაგვეხმარა თეორიული ცოდნის გაღრმავებაში“- სანდრო საღლიანი, ინგლისურენოვანი მედიცინის მეორე კურსის სტუდენტი.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ დიაბეტით დაავადებული პაციენტებისა და მათი მკურნალი ექიმის დიალოგი, დაესვათ მათთვის შეკითხვები და გაემართათ დისკუსია ამ თემის ირგვლივ.

„მიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა და მომავალ ექიმებთან კომუნიკაცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყურადღებით მისმენდნენ და საინტერესო შეკითხვებს სვამდნენ. ვცდილობდი, ამომწურავად მეპასუხა მათთვის. ვფიქრობ, სტუდენტებს ეს პრაქტიკული გამოცდილება პროფესიულ ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება, ამიტომ სიამოვნებით მივიღებ მსგავს აქციებში მონაწილეობას სხვა დროსაც. ეს ჩემზეც დადებითად მოქმედებს, როდესაც კითხვები მრავალფეროვანია, შენს თავს გვერდიდან უყურებ, ეს კი საინტერესო და სასარგებლო პროცესია“ - პაციენტი ასმათ გულიაშვილი, 67 წლის.

შეხვედრის დასასრულს, სტუდენტები გადანაწილდნენ ჯგუფებში, რომლებსაც მიეცათ ერთი კვირის ვადა, პედაგოგების მიერ მიწოდებული დიაბეტით დაავადებული პაციენტების ქეისებზე სამუშაოდ და პოსტერების წარმოსადგენად. 

ინტეგრაციის კვირეულის ბოლო ეტაპს კი წარმოადგენს გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების (TBL) სესია, სადაც სტუდენტებმა უნდა იმუშაონ ინტეგრირებულ დავალებაზე.

სამუშაო შეხვედრა მოწვეულ და აკადემიურ პერსონალთან

სამუშაო შეხვედრა  მოწვეულ და აკადემიურ პერსონალთან

2026-08-01

ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო ლექციებისგან თავისუფალი სასწავლო პროგრამის განხორციელების პირველი წლის გამოცდილების გაზიარება, რეფლექსია, მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო შესაძლებლობების განხილვა.

ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ღიად ესაუბრათ საკუთარი გამოცდილების შესახებ, გაეზიარებინათ წარმატებული პრაქტიკები, განეხილათ არსებული სირთულეები და ერთობლივად ემსჯელათ მათი გაუმჯობესების გზებზე. კოლეგებს შორის გამოცდილების გაცვლამ ხელი შეუწყო ახალი იდეების, სწავლების ეფექტური სტრატეგიებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების გაზიარებას.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა წარმოადგინა ლექციებისგან თავისუფალი პროგრამის ანალიზი, რომელიც ეფუძნებოდა სტუდენტებისგან მიღებულ უკუკავშირსა და მიმართულებების ხელმძღვანელებთან ჩატარებული ფოკუსჯგუფების შედეგებს. რეფლექსიურ შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამების ხელმძღვანელები და დეკანი, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში, მოისმინეს აკადემიური პერსონალის მოსაზრებები და გამოცდილება, ასევე წარმოადგინეს მნიშვნელოვანი უკუკავშირი.

პროგრამების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები და რეფლექსიური პრაქტიკა უმნიშვნელოვანესია ლექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის, ინოვაციების წარმატებით განხორციელებისა და სწავლების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებისთვის.



კვლევის დღე

კვლევის დღე

2026-07-14

თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა „კვლევის დღე“ (Research Day), რომელიც მიეძღვნა აკადემიაში მიმდინარე კვლევითი საქმიანობის, უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და საერთაშორისო პროექტების ფარგლებში მიღებული შედეგების გაზიარებას.

ღონისძიების მიზანი იყო კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია, აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება და აკადემიაში კვლევის კულტურის განვითარების ხელშეწყობა. შეხვედრამ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, გაცნობოდნენ ერთმანეთის მიმდინარე კვლევებს, ემსჯელათ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და განეხილათ ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები.

კვლევის დღე მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში;
  • ბაქტერიოფაგების ლიპოსომური ენკაფსულაცია და მიწოდება;
  • კიბოს ბიომარკერების კვლევა;
  • ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით სწავლება პრეკლინიკური სამედიცინო განათლების ეტაპზე;
  • თბილისის სამედიცინო აკადემიის მიმდინარე Erasmus+ პროექტები.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვან როლს ასრულებს აკადემიაში კვლევითი გარემოს გაძლიერებაში, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობაში, ახალი სამეცნიერო თანამშრომლობების ჩამოყალიბებასა და აკადემიის კვლევითი პოტენციალის შემდგომ განვითარებაში.

უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით

უწყვეტი პროფესიული განვითარება AMEE-ს სამედიცინო განათლებით

2026-07-14

თბილისის სამედიცინო აკადემიის კიდევ ხუთმა თანამშრომელმა მოიპოვა სამედიცინო განათლების სპეციალისტის (Medical Educator) სტატუსი. მათ წარმატებით დაასრულეს სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის (AMEE) მიერ ორგანიზებული ოთხი ტრენინგ-კურსი და მიიღეს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი.

სამედიცინო განათლების სპეციალისტის სტატუსი მოიპოვეს:

  • ია ავალიანი - ვიცე-რექტორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით 
  • კახა ბრეგვაძე - ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელი;
  • ბიძინა ჩაჩხიანი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე;
  • ანა მამისეიშვილი - რექტორის მიმდინარე საქმეების კოორდინატორი;
  • ინა ლეშკაშელი - სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი.

თბილისის სამედიცინო აკადემია განაგრძობს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას სამედიცინო განათლების მიმართულებით. ამ პროცესში AMEE-ის ESME (Essential Skills in Medical Education) პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიისა და სწავლების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა ასევე ხელს უწყობს თბილისის სამედიცინო აკადემიის ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და განათლების ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებას.

ტრენინგ-კურსები ორგანიზებული იყო AMEE-ის საქართველოს რეგიონული წარმომადგენლობის მიერ.

"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში

"პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა” - ანგარიში

2026-05-05

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association) თემატურმა სამუშაო ჯგუფმა „პერსონალის განვითარება და ტრანსნაციონალური თანამშრომლობა“ ანგარიში გამოაქვეყნა. სამუშაო ჯგუფში, ევროპის უნივერსიტეტებთან ერთად, თბილისის სამედიცინო აკადემიას ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაკა ზარნაძე და სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტი დეა გოდერძიშვილი წარმოადგენდნენ. 

ანგარიშში თავმოყრილია თსა-ს მიერ, ერთი წლის განმავლობაში, განხორციელებული ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები. კერძოდ, აღწერილია თსა-ს პერსონალის განვითარებისთვის დანერგილი სწავლა-სწავლების მოდელის საუკეთესო გამოცდილება. ამ ანგარიშის მიზანია, გააერთიანოს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტები, შექმნას პლატფორმა გამოცდილების გაცვლისა და ერთობლივი ხედვების ჩამოყალიბებისთვის, რაც გააუმჯობესებს სწავლის ხარისხს. 

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელს ქმნის: ერთი მხრივ, აკადემია აქტიურად მონაწილეობს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის საქმიანობაში და აზიარებს საკუთარ გამოცდილებას. მეორე მხრივ, თავადაც იღებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდება ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.

ერთწლიანი მუშაობის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები და პრაქტიკული ჩარჩო, ხელს უწყობს ტრანსნაციონალური თანამშრომლობის გაძლიერებას და პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიან განხორციელებას ევროპულ უმაღლეს განათლებაში.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან უელვას უნივერსიტეტი (ესპანეთი), კოტ-დ’აზურის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), უორვიკის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო) და სხვ. ჯგუფს ხელმძღვანელობდა ლინშოპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი). სამუშაო ჯგუფის კოორდინატორია: იონას ლეშკე, ბოხუმის რურის უნივერსიტეტის სტრატეგიული სასწავლო პროექტების მიმართულების ხელმძღვანელი (გერმანია).



CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან

CIMED-ის ექსპერტები თბილისის სამედიცინო აკადემიას სასწავლო გეგმის ინტეგრაციისა და კლინიკური ტრენინგის გაძლიერებაში ეხმარებიან

2026-04-01

თბილისის სამედიცინო აკადემიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციების დეპარტამენტის (CIMED) ხელმძღვანელები, პროფესორები იოუკ დენეკენსი და ჰერმან ვან როსუმი (ანტვერპენი, ბელგია).

ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტები შეხვდნენ თსა-ს ადმინისტრაციულ, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს და განიხილეს სამედიცინო განათლების როგორც საბაზისო, ისე კლინიკურ ეტაპებზე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს სასწავლო პროგრამაში სხვადასხვა ტიპის ინტეგრაციის გაძლიერებას. მათ რეკომენდაცია გაუწიეს ჰორიზონტალური ინტეგრაციის გაუმჯობესებას ფსიქოსოციალური და ქცევითი მეცნიერებების კლინიკურ მსჯელობის სესიებში ჩართვით. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ვერტიკალური ინტეგრაციის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროფესიული კომპეტენციების უწყვეტი განვითარება საბაზისო სასწავლო კურსებიდან, კლინიკური სასწავლო კურსების ჩათვლით გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა კლინიკური სწავლების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე.

ექსპერტები შეხვდნენ სემესტრის კოორდინატორებს, გაუზიარეს პროცესების ეფექტიანი კოორდინაციის საერთაშორისო გამოცდილება.

გარდა ამისა, დაესწრნენ კლინიკური სასწავლო კურსების სემინარებს, რის შედეგადაც კლინიცისტებს მიაწოდეს დეტალური პროფესიული უკუკავშირი.

ვიზიტის პერიოდში ბელგიელმა ექსპერტებმა კლინიცისტებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე — „სწავლება და შეფასება კლინიკურ სასწავლო კურსებში“, დაესწრნენ პროგრამის კლინიკური თანამხელმძღვანელის, კაცა ბრეგვაძის უორქშოპს „სამუშაო ადგილზე შეფასების პრაქტიკების (WPBA)“ შესახებ. ტრენინგები ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში, კლინიცისტების აქტიური მონაწილეობით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კლინიკური სწავლების გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების სიღრმისეულ განხილვას.

 



VITAL პროექტის ოფიციალური დაწყება

VITAL პროექტის ოფიციალური დაწყება

2026-03-04

https://youtu.be/8nIm6THNy1U?si=dTwKnF6_hS-JCBFu

თბილისის სამედიცინო აკადემიამ პროექტის “VITAL – Virtual Innovation and Training for Advancing Faculty Leaders, Digital Competencies, and Research Excellence” ოფიციალური გახსნის ღონისძიებას უმასპინძლა. აღნიშნული ინიციატივა Erasmus+ ვირტუალური მობილობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საგრანტო პროექტია, რომელსაც კოორდინაციას უწევს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი).

VITAL-ის მიზანია საქართველოში და უკრაინაში ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების გაძლიერება შემდეგი ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • კარიერული განვითარების მხარდაჭერა რბილი უნარებისა (soft skills) და აკადემიური ლიდერობის ტრენინგების საშუალებით;
  • ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესება ინოვაციური და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენებით;
  • კვლევითი პოტენციალის გაძლიერება მენტორობის პროგრამების, მეთოდოლოგიური ვორქშოფებისა და თანაავტორობის შესაძლებლობების გზით;
  • ევროპული ღირებულებების ხელშეწყობა ინკლუზიური ლიდერობისა და ინსტიტუციური პოლიტიკის გაუმჯობესების გზით.

თსა-ში გამართული ოთხდღიანი შეხვედრა, მიეძღვნა ამ სამწლიანი პროექტის ოფიციალურ დაწყებას, რაც თავის მხრივ ქმნის საფუძველს პროექტის კოორდინირებული სტარტისთვის და ხელს უწყობს მის წარმატებულ განხორციელებას.

VITAL ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს პარტნიორ ინივერსიტეტებს ესპანეთიდან (სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი), იტალიიდან (INFOR ელეა სმარტ ბიზნეს აკადემია), უკრაინიდან (უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სურსათის ბიოტექნოლოგიისა და გენომიკის ინსტიტუტი, ტერნოპოლის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი) და საქართველოდან (პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინივერსიტეტი).

პროექტში თსა მონაწილეობს როგორც პარტნიორი ორგანიზაცია და მისი განხორციელება და კოორდინაცია აკადემიის მხრიდან უზრუნველყოფილია თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტისა და სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტის ფასილიტაციით. 


პოლონეთის დელეგაცია თსა-ში

პოლონეთის დელეგაცია თსა-ში

2026-02-23

Erasmus+-ის პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, თსა-მ ლოძის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი) სამედიცინო განათლების ცენტრის ხელმძღვანელს, პროფესორ იანუშ იანჩუკოვიჩს და მის კოლეგებს უმასპინძლა.

ვიზიტის მიზანი იყო აკადემიის სტუდენტებთან და პერსონალთან გამოცდილების გაზიარება.

ოთხ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა წარადგინეს თანამედროვე ხედვა და მეთოდოლოგია სამედიცინო პროფესიონალიზმის განსაზღვრისა და სწავლების მიმართულებით. ასევე, სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია იმუნოლოგიაში გამოყენებული ინოვაციური მეთოდებისა და ტრავმაზე ორიენტირებული მოვლის/განათლების შესახებ. ინტერაქტიული ლექციების პარალელურად, სამუშაო შეხვედრები დაეთმო ლიდერობისა და ექიმ-პაციენტის კომუნიკაციის საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა პროდუქტიული შეხვედრები თსა-ს ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან, სადაც მხარეებმა გაცვალეს საუკეთესო პრაქტიკა და მიმდინარე გამოცდილება სასწავლო პროგრამაში სამედიცინო პროფესიონალიზმის სწავლების და შეფასების შესახებ. შეხვედრებისას ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პოტენციური სფეროები და განისაზღვრა ერთობლივი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები.

ხსენებულ საკითხებთან ერთად, სამუშაო ვიზიტის ნაწილი დაეთმო ერთიანი ჯანმრთელობის (one-health approach) მიდგომას და პლანეტარული ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებს. 

თსა-სთვის გამორჩეულად სასიამოვნო და საპატიო იყო პოლონელი კოლეგების მასპინძლობა და გეგმავს თანამშომლობის გაძლიერებას ერთობლივი სამეცნიერო, კვლევითი და ტრანსდისციპლინური საქმიანობის მიმართულებით.


EUA-ის ყოველწლიური ფორუმი

EUA-ის ყოველწლიური ფორუმი

2026-02-16

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) ყოველწლიურ ფორუმს წელს ლისაბონმა (პორტუგალია) უმასპინძლა. ფორუმის ძირითადი თემა იყო ევროპის უნივერსიტეტებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება პერსონალის პროფესიული განვითარების გზით.

შეხვედრის ფარგლებში, თბილისის სამედიცინო აკადემია წარადგინეს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასოცირებული პროფესორმა მაკა ზარნაძემ და რექტორის მიმდინარე საქმეების კოორდინატორმა ანა მამისეიშვილმა. აკადემიის წარმომადგენლებმა, ევროპელ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად, ფორუმის მონაწილეებს გააცნეს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციაცის თემატური სამუშაო ჯგუფის ერთწლიანი მუშაობის შედეგები. კერძოდ, მათ მონაწილეობა მიიღეს ვორქშოფის ფასილიტაციაში, რომელიც შეეხებოდა ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას პერსონალის განვითარების მიმართულებით.