თბილისის სამედიცინო აკადემიის ინოვაციური სწავლებისა და კლინიკური უნარების განვითარების ეკოსისტემა
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) 30 წელზე მეტია ემსახურება საქართველოში სამედიცინო განათლების განვითარებას და მისი ხარისხის ამაღლებას. დაარსების დღიდან, საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით, თსა ნერგავს სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს, რითაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლების მიწოდებას.
საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, თსა-ში ვქმნით სასწავლო გარემოს, რომელიც პასუხობს მსოფლიო ჯანდაცვის გამოწვევებს და ახალ ტექნოლოგიებს. მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციების დეპარტამენტის ევროპელი ხელმძღვანელების (ბელგია, ნიდერლანდები) თაოსნობით, მედიცინის სტუდენტებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამა აერთიანებს პაციენტზე ორიენტირებული მკურნალობის ტაქტიკას და საზოგადოებაზე ზრუნვას.
ინოვაციური, ინტეგრირებული სასწავლო პროგრამა სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, სწავლის პირველივე სემესტრიდან, მონაწილეობა მიიღოს რეალური და სიმულაციური პაციენტის კლინიკური შემთხვევის განხილვაში. ეს სტუდენტს უადვილებს, დააკავშიროს საბაზისო საგნებში მიღებული ცოდნა და რეალური კლინიკური სიტუაცია.
ლექციებისგან თავისუფალი სასწავლო პროგრამა
აკადემიაში დანერგილია ლექციებისგან თავისუფალი სასწავლო პროგრამა. ეს არის საერთაშორისო, ინოვაციური მოდელი, სადაც პრიორიტეტი ენიჭება აქტიურ სწავლებას და სტუდენტებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას. ეს მიდგომა ასევე წარმოადგენს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის საფუძველს (Lifelong learning).
კლინიკური სწავლება
სწავლების I-III წლები ეთმობა საბაზისო, ქცევითი და სოციალური მეცნიერებების შესწავლას აკადემიის სივრცეში. ხოლო, IV წლიდან სტუდენტები სწავლას განაგრძობენ ჩვენს პარტნიორ კლინიკებში, სადაც შეისწავლიან კლინიკურ მეცნიერებებს და გადიან ზოგად სპეციალიზაციას.
საგანმანათლებლო რესურსები
თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით, თსა-ს ყველა სტუდენტს აქვს ღია წვდომა საბიბლიოთეკო რესურსებსა და სამედიცინო მონაცემთა ბაზებზე, როგორიცაა: ClinicalKey, HINARI, ELSEVIER, OSMOSIS, SCOPUS, SCIENCEDIRECT, COMPLETE ANATOMY 3D, WEB OF SCIENCE, TURNITIN.
თანატოლთა სწავლების პროგრამა (Peer-to-Peer)
თანატოლთა სწავლების პროგრამა გულისხმობს საგანმანათლებლო მიდგომას, სადაც წინასწარ გადამზადებული, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები ეხმარებიან თანატოლებს სწავლის პროცესში, რაც უფრო თანასწორსა და ინკლუზიურს ხდის სასწავლო გარემოს.
CyberPatient
CyberPatient წარმოადგენს 24/7 ვირტუალურ კლინიკას. აღნიშნული სიმულაციური პლატფორმა არის უსაფრთხო, ვირტუალური სასწავლო გარემო, რომლის გამოყენებით სტუდენტებს შეუძლიათ, ონლაინ განიხილონ 130-ზე მეტი კლინიკური შემთხვევა. ეს სასწავლო რესურსი, ხელს უწყობს სტუდენტების კლინიკური კომპეტენციების და ზუსტი გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებას.
ადრეული კლინიკური გამოცდილება
ადრეული კლინიკური გამოცდილება არის პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი, რაც სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, სწავლების პირველივე წლიდან გაეცნოს რეალურ კლინიკურ გარემოს; დააკვირდეს პაციენტისა და ექიმის კომუნიკაციას და მიიღოს კლინიკური გამოცდილება. სწავლების ეს მიდგომა ეყრდნობა მტკიცებულებაზე დაფუძნებულ კვლევებსა და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებას.
პორტფოლიო
პორტფოლიო თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამებში სწავლების და შეფასების ინოვაციური მეთოდია. ეს სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს აქტიური სწავლის პროცესში როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული განვითარებისათვის. ეს გულისხმობს თვითანალიზს (self-reflection & Personal Development Plan) და ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროგრამებით განსაზღვრული კომპეტენციების შეძენას.
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კომპეტენციების მისაღწევად და შესაფასებლად თსა-ში ასევე გამოიყენება სწავლა-სწავლების და შეფასების შემდეგი ინოვაციური მეთოდები:
- შემთხვევის განხილვაზე და გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლება (CBL - Case-Based Learning / TBL - Team-Based Learning)
- შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული კლინიკური მსჯელობა (CBCR- Case-Based Clinical Reasoning)
- ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური და პრაქტიკული გამოცდა (OSCE - Objective Structured Clinical Examination / OSPE - Objectively Structured Practical Exam)
- პაციენტის საწოლთან სწავლება (Bedside-Teaching)
- შებრუნებული საკლასო ოთახი (Flipped Classroom)
- სტრუქტურირებული ზეპირი გამოცდა (SOE)
- სწავლება ვირტუალური სიმულაციის გამოყენებით
- სცენარებზე დაფუძნებული სიმულაციური სწავლება სტანდარტიზებული პაციენტის მეშვეობით
- ანატომიის 3D ვიზუალიზაციის მაღალტექნოლოგიური სისტემა (Anatomage Table)
