სიახლე 103

თსა-ს ახალი პროექტი სკოლის მოსწავლეებისათვის - "მიკროსამყარო"

l.tskhovrebashvili@tma.edu.ge

თსა-ს ახალი პროექტი სკოლის მოსწავლეებისათვის - "მიკროსამყარო"

აღმოაჩინე მიკროსამყარო და კვლევის მნიშვნელობა!

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების, IX–XI კლასის მოსწავლეებს გიწვევთ თბილისის სამედიცინო აკადემიის  ახალ  პროექტში „მიკროსამყარო“.

პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში.


რა არის პროექტის მიზანი?

პროექტის მიზანია ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საბუნებისმეტყველო (STEM) მეცნიერების პოპულარიზაცია. ამის მისაღწევად მონაწილეები ჩაატარებენ თემატურ, დამოუკიდებელ კვლევით ექსპერიმენტს და უშუალოდ ჩაერთვებიან სამეცნიერო საქმიანობაში.


რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი?

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თანამედროვე გამოწვევაა. იგი ართულებს ინფექციური დაავადებების მკურნალობას და ზრდის მათი გავრცელების რისკს. ამ პრობლემასთან გამკლავება მოითხოვს როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ისე ახალი ანტიბაქტერიული საშუალებების აღმოჩენის ხელშეწყობას. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივი ეკოსისტემების, განსაკუთრებით კი ნიადაგის კვლევას, რადგან იგი ანტიბაქტერიული ნივთიერებების წარმომქმნელი მიკროორგანიზმების მნიშვნელოვან რეზერვუარს წარმოადგენს.

პროექტი ეფუძნება საერთაშორისო საგანმანათლებლო-კვლევით ინიციატივას Tiny Earth (University of Wisconsin–Madison, აშშ), რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება და მიზნად ისახავს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლას და STEM მიმართულებით ახალგაზრდების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობას.

„მიკროსამყარო“ თბილისის სამედიცინო აკადემიის გუნდის მიერ ხორციელდება და მასში ჩართულია საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც Tiny Earth-ის ინიციატივის მონაწილეა და ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტს წარმოადგენს.


რა აქტივობებში შემეძლება ჩართვა? 

  • დაესწრებით სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის, როგორც გლობალური გამოწვევის, შესახებ;
  • გაეცნობით მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში უსაფრთხო მუშაობის პრინციპებს;
  • ჩაატარებთ დამოუკიდებელ კვლევით ექსპერიმენტს თბილისის სამედიცინო აკადემიის სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში: შეაგროვებთ ნიადაგის ნიმუშებს, გამოიკვლევთ მათში არსებულ მიკროორგანიზმებს და შეაფასებთ მათ პოტენციურ ანტიბაქტერიულ აქტივობას;
  • კვლევის შედეგებს წარადგენთ პროექტის შემაჯამებელ  სამეცნიერო კონფერენციაზე. 


მნიშვნელოვანი თარიღები:

  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 დეკემბერი, 2026
  • პროექტის განხორციელების პერიოდი: 1 თებერვალი – 30 სექტემბერი, 2027


სარეგისტრაციო ბმული:


თბილისის სამედიცინო აკადემიისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ხარისხიანი სამედიცინო განათლება, არამედ მეცნიერების პოპულარიზაცია, კვლევითი კულტურის განვითარება და ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების წახალისება. გვჯერა, რომ მომავალი თაობის მკვლევრების მხარდაჭერა ადრეული ასაკიდან იწყება. პროექტით „მიკროსამყარო“ გვინდა, მოსწავლეებს მივცეთ შესაძლებლობა, პრაქტიკულად გაეცნონ მეცნიერებას, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები და გახდნენ კვლევითი პროცესის აქტიური მონაწილეები.