თსა-ს ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტი საკვანძო როლს ასრულებს აკადემიური კეთილსინდისიერების, ეთიკური ფასეულობებისა და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციაში. იგი უზრუნველყოფს ეთიკის კოდექსის დაცვას და თსა-ს აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტების მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობაში.
დეპარტამენტი ეხმარება სტუდენტებს კულტურული ცნობიერების, პროფესიული კომპეტენციებისა და კარიერულ განვითარებაში. ამავდროულად, იგი ხელს უწყობს სამედიცინო ემპათიის გაძლიერებას და იმის გააზრებას, რომ მედიცინა არის საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც ეფუძნება მსახურებას, პასუხისმგებლობასა და საზოგადოებაზე ზრუნვას.
პროექტმა სამი თვის განმავლობაში გააერთიანა მრავალფეროვანი აქტივობები: შვიდი საინფორმაციო-საგანმანათლებლო ტრენინგი და ერთი მასშტაბური დასუფთავების აქცია. სტუდენტებმა ითანამშრომლეს სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ორ სოციალურ საწარმოსთან, ესენია: „ტენე“, „სადაგი“, CENN, Plastic Watcher და „ჩემი ქალაქი მკლავს“.
დასკვნით კონფერენციაზე პროექტის 14-მა მონაწილემ წარადგინა პრეზენტაციები მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით თემებზე. მომხსენებლებს შორის იყვნენ როგორც თსა-ს სტუდენტები, ასევე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
პროექტის შედეგად სტუდენტებმა უზრუნველყვეს 30 მოსწავლის გადამზადება. თსა-ს სივრცეში, ორგანიზაცია „ტენე“-სთან თანამშრომლობით, განათავსეს სპეციალური ყუთები პლასტმასის ბოთლების შესაგროვებლად, რომელთა გადატანასა და გადამუშავებასაც იგივე ორგანიზაცია უზრუნველყოფს.