ქალაქი, რომელსაც უყვარხარ


საიფ რუსტუმ
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორი


ამბის დასაწყისი

საქართველოსთან დაკავშირებული ჩემი ისტორია 2012 წლიდან იწყება. ამ დროს მე ვიყავი იორდანიის ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი, დიდი ოცნებებითა და მისწრაფებებით. მრავალფეროვანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მოგზაურობა და ვცდილობდი მომეძებნა ახალი ადგილები. ერთ-ერთ ტურისტულ ფორუმზე აღმოვაჩინე ინფორმაცია საქართველოს შესახებ, სახელწოდებით „კავკასიის მარგალიტი“, აუცილებლად სანახავი ქვეყანა.

ჩემი გეგმა განვახორციელე და პირველად ჩამოვედი საქართველოში. როგორც კი ჩამოვფრინდი აეროპორტში, მიწას დავხედე და დავინახე წარწერა "თბილისი, ქალაქი, რომელსაც უყვარხარ" - ეს პირობა თბილისმა ნამდვილად ამისრულა, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე საცხოვრებლად ამ საოცარ ქალაქში გადმოვსულიყავი.

იმ პერიოდში, სწავლის გაგრძელების მიზნით ვეძებდი სამედიცინო სასწავლებელს. ძიების პროცესში სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის ვებგვერდზე გადავაწყდი ინფორმაციას თბილისის სამედიცინო აკადემიის შესახებ. ვებგვერდის შესწავლის დროს საიმიჯო ვიდეო რგოლმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ვიდეოში ერთმანეთს ენაცვლებოდა საქართველოს ულამაზესი ხედების, სტუდენტებისა და მასწავლებლების კადრები.  მახსოვს, ბევრჯერ ვუყურე. მას შემდეგ, რაც სრულად მოვიძიე ინფორმაცია, გადავწყვიტე, რომ თსა იყო სწორედ ის ადგილი, სადაც მინდოდა სწავლის გაგრძელება.

 პირველი შთაბეჭდილება

პირველივე მომენტში, როდესაც თსა-ს ძველ შენობას შევავლე თვალი, ეჭვი შევიტანე ჩემს გადაწყვეტილებაში, რადგან დავტოვე ბევრად უფრო დიდი უნივერსიტეტი უზარმაზარი კამპუსით. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ყველაფერი კარგად იყო, რომ აღმოჩნდი მყუდრო გარემოში, სიმწვანეში, და რაც მთავარია იქ, სადაც ერთიანი, შეკრული გუნდია. მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. უნივერსიტეტის სიდიადე არ იზომება კამპუსის სიდიდით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. თსა-ში დამხვდა მხოლოდ სიკეთე, ღია კარი, ადმინისტრაციისა და ლექტორების მუდმივი და სრული მხარდაჭერა. არასოდეს მიგრძნია ის, რომ ვცხოვრობდი უცხო ქვეყანაში და ვსაუბრობდი უცხო ენაზე. ვგრძნობდი, რომ ვიყავი სახლში, რომ თსა იყო ჩემი ოჯახი და რომ ყოველთვის აქაურობას ვეკუთვნოდი.

სტუდენტობიდან ლექტორობამდე

სტუდენტობის პერიოდში შევხვდი არაერთ მასწავლებელსა და მენტორს. უფრო მეტიც, მქონდა პატივი ბევრი მათგანი პირადად ჩემი მენტორი ყოფილიყო.  სწორედ მათ გააღვიძეს ჩემში სურვილი გავმხდარიყავი ის, რასაც ვეძებდი, მიმეღო სამედიცინო განათლება და მესწავლებინა სხვისთვის, ამიტომ ჩემს მოწოდებად მასწავლებლობა ვაქციე. ამჯერადაც, თსა-ს აკადემიური პერსონალისგან სრული მხარდაჭერა მივიღე. მომეცა შესაძლებლობა მესწავლებინა ახალგაზრდა სტუდენტებისთვის, მიმეღო გამოცდილება და გამეადვილებინა მათთვის სწავლის პროცესი. ამ გამოცდილებამ არა მხოლოდ გააუმჯობესა ჩემი სამედიცინო განათლება, არამედ, კიდევ უფრო დამაახლოვა იმ საკითხებთან და ბარიერებთან, რომლებსაც სტუდენტები სწავლის პროცესში აწყდებიან. გავაცნობიერე, რამდენად დატვირთულები არიან სტუდენტები სასწავლო მასალით და რა უნდა გააკეთონ ლექტორებმა რომ სტუდენტებს გაუმარტივონ სტრესული სასწავლო პროცესი და როგორ გახადონ ის უფრო სახალისო.

თსა-მ დაინახა ჩემი მონდომება და დამეხმარა ჩემი ენერგიისა და უნარების გაუმჯობესებაში. მალევე, მე შევუერთდი კურიკულუმის კომიტეტს ჩემს მასწავლებლებთან ერთად, სადაც კიდევ უფრო კარგად გავიაზრე სწავლა-სწავლების პროცესი. თუმცა, მხოლოდ ამაზე არ გავჩერებულვარ, მომეცა შესაძლებლობა აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესში, რამაც ბევრი რამ მასწავლა სამედიცინო სასწავლო გეგმის სირთულეების, სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ.

 

სიყვარულის მიღება 

ბევრი რამ შემიყვარდა საქართველოში, მათ შორის ქართველი ხალხი.  განსაკუთრებით კი შემიყვარდა თსა. ჩემთვის ბუნებრივი იყო აქ ყოფნა, ვერ წარმომედგინა ჩემი თავი სხვა ადგილას, მინდოდა მისთვის დამებრუნებინა იმ მხარდაჭერისა და სიკეთის ნაწილი მაინც, რაც ჩემს მიმართ გამოიჩინა. მინდოდა გამეზიარებინა ჩემი ენერგია და პოტენციალი იმ ადგილისთვის, რომელმაც ჩემში ჩადო ინვესტიცია, მიუხედავად ჩემი წარმომავლობისა, რელიგიისა, რწმენისა, რასისა და კულტურისა. მიუხედავად ყველაფრისა, თსა-მ გაიღო ეს ყველაფერი ჩემთვის, ვინაიდან, ეს არის ადგილი, სადაც საღი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი თსა-მ გამიზიარა მეც და სხვა სტუდენტებსაც, რათა მიგვეღო საუკეთესო განათლება საქართველოში.

ჩემი წარმოსახვითი სურათი მას შემდეგ დაიმსხვრა, რაც თსა-ში მუშაობა დავიწყე. ალბათ იკითხავთ რატომ? უბრალოდ გიპასუხებთ, დაიმსხვრა იმიტომ, რომ რეალური ვითარება ბევრად განსხვავებული იყო, ვიდრე ეს გარედან ჩანდა. საოცარი თანამშრომლები და მათთან მუშაობის პროცესი ბევრად უფრო უკეთესია იყო, ვიდრე წარმომედგინა.

მიმიღეს ყოველგვარი ბარიერების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მე ჯერ კიდევ მიჭირდა ენის შესწავლა. მთელი გუნდი მზად იყო მოესმინა და გაეგო ჩემთვის. არც ერთი მათგანი არ მიმანიშნებდა თუ რა და როგორ უნდა მეკეთებინა, თითოეული მათგანი ცდილობდა ეჩვენებინა გუნდური მუშაობის მნიშვნელობა და ხაზს უსვამდნენ იმას, რომ დიდი წარმატება სწორედ გუნდური მუშაობით მიიღწევა.

ჩემი სიყვარულის ისტორია გაგრძელდა. შემიყვარდა არა მხოლოდ ქართველი ხალხი, ეს ქვეყანა, მისი ისტორია, ენა და კულინარია, არამედ შევხვდი ჩემი ცხოვრების სიყვარულს, საოცარ და ჭკვიან ქართველ გოგოს, კეთილი გულით. და მე ვიფიქრე, რომ ქვეყანა, რომელსაც ბევრი რამის გაცემა შეუძლია, მისთვის მადლიერების გამოხატვა არის ერთადერთი სამართლიანი გზა. რამდენიმე თვეში დავქორწინდებით და გავატარებთ მთელს ცხოვრებას ერთად. ჩვენ ერთად დავუბრუნებთ ამ ქვეყანას სიკეთეს. ჩვენი სამომავლო და დიდი გეგმაა საქართველოში ცხოველთა თავშესაფრის აშენება. 

 

ერთად ჩვენ შეგვიძლია

შეიძლება ითქვას, რომ გუნდს ყველაზე რთულ პერიოდში შევუერთდი, პანდემია ახალი დაწყებული იყო და თსა-ს ყველა სტუდენტი საკუთარ თავზე განიცდიდა კოვიდ პანდემიის გავლენას. სწორედ ამ რთულ პერიოდში დავინახე თსა-ს ის მხარე, რომელიც აქამდე არასოდეს მენახა, უძილო ღამეები, სტუდენტებისადმი გამოხატული მუდმივი მხარდაჭერა, მაქსიმალური მობილიზება სტუდენტების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად. თსა-ს იყენებდა ადამიანური შესაძლებლობების მაქსიმუმს იმისათვის, რომ საზღვრების დაკეტვასაც კი არ შეეშალა ხელი სწავლების პერიოდში. თითოეული ინფიცირებული სტუდენტიც კი ჩვენში იწვევდა ისეთ ემოციებს, რომლებსაც მე, როგორც სტუდენტი ადრე ვერ ვხედავდი და ვერ ვგრძნობდი.

ოდესღაც აშშ-ში სწავლის გაგრძელება ჩემი ოცნება იყო, რადგან ჩემი დედმამიშვილებიც იქ სწავლობდნენ, მაგრამ თსა-მ მასწავლა როგორ შემექმნა და დამეხატა ჩემი პერსონალური, პირადი მიზნები, ოცნებები და მისწრაფებები.  აი ახლა, ამ წუთას მე თსა-ს დეკანატში ვმუშაობ, ვეხმარები სტუდენტებს და ვმუშაობ იმ კოლეგებთან ერთად, რომლებსაც არასდროს, არც ერთხელ არ უგრძნობინებიათ ჩემთვის, რომ მე აქაურობას არ ვეკუთვნოდი.  მე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ჩემს ოჯახთან და გუნდის წევრებთან ერთად, ვცდილობ ვისწავლო როგორ ვიყო უკეთესი მასწავლებელი, უკეთესი პროფესიონალი, ადამიანი და ვცდილობ გავიზარდო ისე, როგორც იზრდება თბილისის სამედიცინო აკადემია. რაც მეტი დრო გადის, კიდევ უფრო ვხვდები, რომ ფრაზა “თბილისს უყვარხარ” სულაც არ იყო უბრალოდ ფრაზა, ეს სიმართლეა, მაგრამ ვიტყოდი რომ არამხოლოდ თბილისს, არამედ თსა-საც უყვარხარ!




მედიცინა და ხელოვნება



მაკა ზარნაძე
მიკრობიოლოგიის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი


რა აკავშირებს ერთმანეთთან მედიცინას და ხელოვნებას? ამ თემაზე არ მიფიქრია იმ დრომდე, ვიდრე ჩემი კოლეგისგან საინტერესო და ცოტა უჩვეულო შემოთავაზება არ მივიღე.

თსა-ს ვიცე რექტორმა კვლევის მიმართულებით, ეკა კლდიაშვილმა, მე და ჩემს კოლეგებს შემოგვთავაზა მონაწილეობა მიგვეღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში. კონკურსი მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ტარდებოდა. უჩვეულოდ გვეჩვენა ის თემა, რომელიც საკონკურსოდ უნდა წარგვედგინა - მედიცინა და ხელოვნება. ვინაიდან ჩვენს გუნდს უყვარს ინოვაციები და ექსპერიმენტები, არც ამ გამოწვევას შევუშინდით და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. პროექტის საკონკურსოდ მომზადება საკმაოდ რთული ჩანდა. მოსაძიებელი და დასამუშავებელი იყო საკმარისი ტექსტუალური და ვიზუალური მასალა. თუმცა, ეკა იმდენად თავდაჯერებული ჩანდა, რომ დავთანხმდით. შემოვიკრიბეთ მოტივირებული პედაგოგები და დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება მედიცინისა და ხელოვნების კორელაციის შესახებ.

და მართლაც, მუშაობის პროცესში, მედიცინისა და ხელოვნების ურთიერთკავშირის და ურთიერთზეგავლენის უამრავი მაგალითი გავიხსენეთ და მოვიძიეთ, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ველოდით. აღმოვაჩინეთ არაერთი მაგალითი, სადაც კაცობრიობის ისტორიაში არსებული უმძიმესი პანდემიები და ეპიდემიები ხელოვნების ნიმუშებშია ასახული; დაავადებები, რომლებიც ოდითგან აშინებდა კაცობრიობას, ცნობილი მხატვრების შედევრებს შორის არის (მაგ. ედვარდ მუნკის ნამუშევარი - მომაკვდავი ბავშვი, სადაც ტუბერკულოზით დაავადებული მხატვრის და არის გამოსახული). ბევრი ხელოვანი ამით თანაგრძნობას გამოხატავდა სხვადასხვა მძიმე სენით შეპყრობილი ადამიანების მიმართ. მართალია მიკრობები უმძიმეს დაავადებებს იწვევენ, მაგრამ ამავე დროს, თურმე, შესაძლებელია დახატო ბაქტერიებით და შექმნა მიკრობული ხელოვნების ნიმუშები. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ხელოვანის წარმატება, სწორედ რომ მისი ანატომიური თავისებურებებით იყო განპირობებული. მაგ. ვიოლინოს ვირტუოზს, ნიკოლო პაგანინის, სახსრების უჩვეულო ელასტიურობა ახასიათებდა.

ბევრი აღარ გვიფიქრია, შევიტანეთ ფონდში განაცხადი და დამამთავრებელი კლასების (X,XI, XII) მოსწავლეებისთვის ლექცია-სემინარების სახით, მედიცინისა და ხელოვნების ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დავიწყეთ. ინფორმაცია უნდა ყოფილიყო სახალისო, თვალსაჩინო და ინტერაქციული.

პროექტის ფარგლებში, მსმენელებს ჩაუტარდათ როგორც ლექცია-სემინარები, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხელით შეესრულებინათ მარტივი ექსპერიმენტები აკადემიის სასწავლო-კვლევით ლაბორატორიაში. მაგალითად, დაეხატათ ბაქტერიებით, დაეთვალიერებინათ სხვადასხვა ნიმუში მიკროსკოპის ქვეშ და ა.შ.


პროექტის დასკვნით ნაწილში მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლებიც ასახავდა მედიცინის კონკრეტული თემებისა და ხელოვნების ინტეგრაციის საკუთარ ხედვას. პროექტი წარმატებული აღმოჩნდა. მისი წარმატება განაპირობა სწორად მოწოდებულმა იდეამ, აკადემიის ლექტორებმა და, რა თქმა უნდა, მოტივირებულმა მსმენელებმა. პროექტი ამჟამად გრძელდება. თუმცა, ოდნავ განსხვავებული ფორმატით და სათაურით - “მედიცინა, ხელოვნებაში ასახული ისტორია”. პროექტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მედიცინის და ხელოვნების ურთიერთგავლენით, ახალი ცოდნა და შემოქმედებითი აზროვნება იბადება, რაც მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.