კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი

ცენტრის შესახებ
თსა-ში ფუნქციონირებს თანამედროვე სამედიცინო განათლების სტანდარტებზე მორგებული, უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი. ცენტრში ხორციელდება ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების - ქართულენოვანი „სამკურნალო საქმე“ და ინგლისურენოვანი „მედიცინა“, პრაქტიკული უნარების სწავლება სიმულირებულ გარემოში კლინიკური კომპეტენციების მისაღწევად. ეს უნარები მოიცავს პრაქტიკულ პროცედურებს, კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს, პაციენტის ფიზიკალურ გასინჯვას როგორც სწავლების საწყის ეტაპზე (შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის ფარგლებში), ასევე სხვადასხვა კლინიკური დისციპლინების (შინაგანი სნეულებანი, ქირურგია, პადიატრია, მეანობა/გინეკოლოგია) ჭრილში.

ცენტრი აღჭურვილია სხვადასხვა ფუნქციონალური დატვირთვის მქონე მანეკენებით, მოდელებით, მულაჟებით და სიმულატორებით ინვაზიური და არაინვაზიური პროცედურების განსახორციელებლად საჭირო ერთჯერადი მასალით და პაციენტის ფიზიკალური გამოკვლევისათვის საჭირო სამედიცინო იარაღებით. ცენტრში არსებობს სიმულირებული პალატები, რომელიც იზოლირებულია სადამკვირვებლო ოთახისგან ნახევრადგამჭვირვალე მინით.

ცენტრი აღჭურვილია კამერებით, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს სტუდენტთა მიმდინარე და გამოცდის პერიოდის აქტივობების ჩაწერა და მათზე დისტანციურად დაკვირვება, შემდეგ მათი განხილვა და უკუკავშირის განხორციელება. სტუდენტებს საშუალება აქვთ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში დამოუკიდებლად იმუშაონ მანეკენებთან და სტანდარტულ პაციენტთან კლინიკური უნარების სრულყოფის მიზნით.

ცენტრში კლინკური უნარების სწავლება იწყება სწავლების პირველი წლიდან და გრძელდება კლინიკური დისციპლინებს სწავლების ეტაპზეც. დანერგილია და განვითარების პროცესშია როგორც სწავლების, ასევე შეფასების თანამედროვე მეთოდები/ფორმატები: SP(სტანტარტიზებული/ სიმულაციური პაციენტის ინსტიტუტი), არსებობს და ვითარდება რეალური პაციენტების ბაზა, ხორციელდება კლინიკური კომპეტენციების შესაფასებელი გამოცდები OSPE (Objective Structured Practical Exam-სწავლების საბაზისო ეტაპზე) და OSCE (Objective Structured Clinical Exam) ფორმატში.

ცენტრთან არსებობს ანატომიური თეატრი, სადაც ხდება შინაური ცხოველების შინაგანი ორგანოების გაკვეთა ანატომიის სწავლების მიზნით.

ცენტრის პერსონალი სხვადასხვა დისციპლინების პედაგოგებთან თანამშრომლობს სწავლების პროცესისა და გამოცდების ტექნიკური მხარის უზრუნველსაყოფად, ორგანიზებას უკეთებს SP და OSCE, OSPE გამოცდების შემფასებლების დატრენინგებას, ახდენს პროგრამის შესაბამისად აღჭურვილობის მუდმივ განახლებას როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი კუთხით, აგრეთვე, უზრუნველყოფს ანატომიური თეატრის შეუფერხებლად ფუნქციონირებას.

კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში მოქმედი მოქცევის წესები


ოთახი 101 - გადაუდებელი დახმარების სიმულირებული სივრცე


მოზრდილი პაციენტის რეანიმაციის და ACLS-ის მანეკენი შესაძლებელია: გულ-ფილტვის რეანიმაცია, დეფიბრილაცია, ენდოტრაქეული ინტუბაცია, ხელოვნური ვენტილაცია, სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი, ინტრავენური მიდგომები. მანეკენს შეუძლია განასახიეროს სხვადასხვა სიმპტომები, იმართება სპეციალური პროგრამით და შესაძლებელია კლინიკური სცენარის განვითარების ტრენდის დაწერა.

ოთახი 102 - სადამკვირვებლო ოთახი


შესაძლებელია დაკვირვება სასწავლო/საგამოცდო პროცესზე ნახევრადხედვადი მინის გამოყენებით. აღნიშნულ ოთახში ERASMUS+ პროექტ SAFEMED+-ის ფარგლებში დამონტაჟდება ვიდეო/აუდიო დაკვირვების და მართვის აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო და OSCE გამოცდების მიმდინარეობის კონტროლი და დებრიფინგი.

ოთახი 103 - პაციენტის მოვლის სიმულირებული სივრცე


მოზრდილი პაციენტის მოვლის მანეკენი შესაძლებელია: შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, ნაზოგასტრული ზონდირება, ინტრავენური მიდგომები, წამლის პარენტერული შეყვანა, სტომის მოვლა და ზოგადი ჰიგიენური პროცედურების შესრულება.

ოთახი 104 - სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის სივრცე


გულ-ფილტვის აუსკულტაციის მანეკენი, ინტრავენური პროცედურების პადები. ზოგადად ოთახში შესაძლებელია სტუდენტებს მოვუწყოთ ნებისმიერი პროცედურის შესაბამისი მანეკენები და სამედიცინო ინვენტარი დამოუკიდებელი ვარჯიშისთვის.

ოთახი 105 - ტრავმის მენეჯმენტის სიმულირებული სივრცე


ტრავმის მანეკენი სპეციალური ტრავმის ნაკრებით: მოტეხილობები, დამწვრობები, ევენტერაცია, კიდურის ამპუტაცია, არტერიული და ვენური სისხლდენის ნაკრები. შესაძლებელია: სისხლდენის სრული მენეჯმენტი, მოტეხილობის მართვა და იმობილიზაცია, დამწვრობის მართვა, პაციენტის ტრანსპორტირება. ჭრილობის ქირურგიული დამუშავების და დახურვის ტრენირებისთვის საჭირო სპეციალური პადები და ყველანაირი ბაზისური ქირურგიული იარაღი, საკერავი ძაფები და სხვ. აქვეა განთავსებული მანეკენი ენდოტრაქეული ინტუბაციისთვის, ასევე სიცოცხლის გადარჩენს ბაზისური ალგორითმის შესასწავლი მანეკენები, რომლებზეც შესაძლებელია გულ-ფილტვის რეანიმაციის და ავტომატური გარეგანი დეფიბრილაციის შესწავლა.

ოთახი 106 - პირველადი დახმარების ოთახი (აკადემიის თანამშრომლებისთვის და სტუდენტებისთვის)

აკადემიის სტუდენტებისა და თანამშრომელბისთვის მოწყობილია პირველადი დახმარების პუნქტი, სადაც შესაძლებელია თანამედროვე სტანდდარტებით პირველადი დახმარების გაწევა დაზარალებულისთვის სასწრაფო დახმარების მოსვლამდე

ოთახი 109 - პაციენტის გასინჯვის და გამოკვლევის ოთახი


მანეკენები მუცლის გასინჯვისთვის, თვალის და ყურის გამოკვლევისთვის, გინეკოლოგიური და სამეანო გამოკვლევისთვის. ასევე შესაძლებელია სტანდარტულ პაციენტების არაინვაზიური გასინჯვა და მათთან კომუნიკაცია. სტანდარტული პაციენტი არის მსახიობი, რომელიც დატრენინგებულია ითამაშოს ავადმყოფის როლი სპეციალურად გაწერილი კლინიკური სცენარის მიხედვით.