ცენტრის შესახებ
თსა-ში ფუნქციონირებს თანამედროვე სამედიცინო განათლების სტანდარტებზე მორგებული, უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი. ცენტრში ხორციელდება ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების - ქართულენოვანი „სამკურნალო საქმე“ და ინგლისურენოვანი „მედიცინა“, პრაქტიკული უნარების სწავლება სიმულირებულ გარემოში კლინიკური კომპეტენციების მისაღწევად. ეს უნარები მოიცავს პრაქტიკულ პროცედურებს, კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს, პაციენტის ფიზიკალურ გასინჯვას როგორც სწავლების საწყის ეტაპზე (შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის ფარგლებში), ასევე სხვადასხვა კლინიკური დისციპლინების (შინაგანი სნეულებანი, ქირურგია, პადიატრია, მეანობა/გინეკოლოგია) ჭრილში.
ცენტრი აღჭურვილია სხვადასხვა ფუნქციონალური დატვირთვის მქონე მანეკენებით, მოდელებით, მულაჟებით და სიმულატორებით ინვაზიური და არაინვაზიური პროცედურების განსახორციელებლად საჭირო ერთჯერადი მასალით და პაციენტის ფიზიკალური გამოკვლევისათვის საჭირო სამედიცინო იარაღებით. ცენტრში არსებობს სიმულირებული პალატები, რომელიც იზოლირებულია სადამკვირვებლო ოთახისგან ნახევრადგამჭვირვალე მინით.
ცენტრი აღჭურვილია კამერებით, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს სტუდენტთა მიმდინარე და გამოცდის პერიოდის აქტივობების ჩაწერა და მათზე დისტანციურად დაკვირვება, შემდეგ მათი განხილვა და უკუკავშირის განხორციელება. სტუდენტებს საშუალება აქვთ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში დამოუკიდებლად იმუშაონ მანეკენებთან და სტანდარტულ პაციენტთან კლინიკური უნარების სრულყოფის მიზნით.
ცენტრში კლინკური უნარების სწავლება იწყება სწავლების პირველი წლიდან და გრძელდება კლინიკური დისციპლინებს სწავლების ეტაპზეც. დანერგილია და განვითარების პროცესშია როგორც სწავლების, ასევე შეფასების თანამედროვე მეთოდები/ფორმატები: SP(სტანტარტიზებული/ სიმულაციური პაციენტის ინსტიტუტი), არსებობს და ვითარდება რეალური პაციენტების ბაზა, ხორციელდება კლინიკური კომპეტენციების შესაფასებელი გამოცდები OSPE (Objective Structured Practical Exam-სწავლების საბაზისო ეტაპზე) და OSCE (Objective Structured Clinical Exam) ფორმატში.
ცენტრთან არსებობს ანატომიური თეატრი, სადაც ხდება შინაური ცხოველების შინაგანი ორგანოების გაკვეთა ანატომიის სწავლების მიზნით.
ცენტრის პერსონალი სხვადასხვა დისციპლინების პედაგოგებთან თანამშრომლობს სწავლების პროცესისა და გამოცდების ტექნიკური მხარის უზრუნველსაყოფად, ორგანიზებას უკეთებს SP და OSCE, OSPE გამოცდების შემფასებლების დატრენინგებას, ახდენს პროგრამის შესაბამისად აღჭურვილობის მუდმივ განახლებას როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი კუთხით, აგრეთვე, უზრუნველყოფს ანატომიური თეატრის შეუფერხებლად ფუნქციონირებას.