კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი

თსა-ში ფუნქციონირებს თანამედროვე სამედიცინო განათლების სტანდარტებზე მორგებული, უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი. ცენტრში ხორციელდება ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების - ქართულენოვანი „სამკურნალო საქმე“ და ინგლისურენოვანი „მედიცინა“,  პრაქტიკული უნარების სწავლება სიმულირებულ გარემოში კლინიკური კომპეტენციების მისაღწევად. ეს უნარები მოიცავს პრაქტიკულ პროცედურებს, კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს, პაციენტის ფიზიკალურ გასინჯვას როგორც სწავლების საწყის ეტაპზე (შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის ფარგლებში), ასევე სხვადასხვა კლინიკური დისციპლინების (შინაგანი სნეულებანი,  ქირურგია, პადიატრია, მეანობა/გინეკოლოგია) ჭრილში.

ცენტრი აღჭურვილია სხვადასხვა ფუნქციონალური დატვირთვის მქონე მანეკენებით, მოდელებით, მულაჟებით და სიმულატორებით ინვაზიური და არაინვაზიური პროცედურების განსახორციელებლად საჭირო ერთჯერადი მასალით და პაციენტის ფიზიკალური გამოკვლევისათვის საჭირო სამედიცინო იარაღებით.  ცენტრში არსებობს სიმულირებული პალატები, რომელიც იზოლირებულია სადამკვირვებლო ოთახისგან ნახევრადგამჭვირვალე მინით.

ცენტრი აღჭურვილია კამერებით, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს სტუდენტთა მიმდინარე და გამოცდის პერიოდის  აქტივობების ჩაწერა და მათზე დისტანციურად დაკვირვება, შემდეგ მათი განხილვა და უკუკავშირის განხორციელება.  სტუდენტებს საშუალება აქვთ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში დამოუკიდებლად იმუშაონ მანეკენებთან და სტანდარტულ პაციენტთან კლინიკური უნარების სრულყოფის მიზნით.

ცენტრში კლინკური უნარების სწავლება იწყება  სწავლების პირველი წლიდან და გრძელდება კლინიკური დისციპლინებს სწავლების ეტაპზეც. დანერგილია და განვითარების პროცესშია როგორც სწავლების, ასევე შეფასების თანამედროვე მეთოდები/ფორმატები: SP(სტანტარტიზებული/ სიმულაციური პაციენტის ინსტიტუტი), არსებობს და ვითარდება რეალური პაციენტების ბაზა, ხორციელდება კლინიკური კომპეტენციების შესაფასებელი გამოცდები OSPE (Objective Structured Practical Exam-სწავლების საბაზისო ეტაპზე)  და OSCE (Objective Structured Clinical Exam) ფორმატში.

ცენტრთან არსებობს ანატომიური თეატრი, სადაც ხდება შინაური  ცხოველების შინაგანი ორგანოების გაკვეთა  ანატომიის სწავლების მიზნით.  

ცენტრის პერსონალი  სხვადასხვა დისციპლინების პედაგოგებთან თანამშრომლობს სწავლების პროცესისა და  გამოცდების ტექნიკური მხარის უზრუნველსაყოფად, ორგანიზებას უკეთებს SP და OSCE, OSPE გამოცდების შემფასებლების დატრენინგებას, ახდენს პროგრამის შესაბამისად აღჭურვილობის მუდმივ განახლებას როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი კუთხით, აგრეთვე, უზრუნველყოფს ანატომიური თეატრის შეუფერხებლად ფუნქციონირებას. 


1. თსა-ს ყველა სტუდენტი ვალდებულია ცენტრში შესვლამდე ჩაიცვას თეთრი ხალათი, რომელიც უნდა იყოს სუფთა, ტანზე მორგებული
2. სტუდენტმა ცენტრში თან უნდა იქონიოს მხოლოდ სასწავლო პროცესისთვის საჭირო ნივთები
3.  სტუდენტს ცენტრში მოეთხოვება  მოწესრიგებული, სუფთა ფეხსაცმლის ტარება
4. ცენტრში მიმდინარე აქტივობების დროს დაუშვებელია:

  • • ბინძური, გრძელი, ხელოვნურად დაგრძელებული ფრჩხილები
  • • მკვეთრი და მყვირალა ფერის ფრჩხილის ლაქი
  • • შეუკრავი გრძელი თმა
  • • მოუვლელი წვერი
  • • ნებისმიერი სახის მძაფრი სუნი
  • • ნებისმიერი სახის ქუდის ან მზის სათვალის ტარება
  • • დიდი ზომის საყურეების ან ყელსაბამის ტარება
  • • ხელზე ბეჭდის ან სამაჯურის ტარება
  • • პრაქტიკული პროცედურისას მაჯის საათის ტარება
  • • ცენტრში ნებისმიერი სახის სასმელის ან საკვების შემოტანა

5. პრაქტიკული მეცადინეობების დროს ტელეფონები უნდა იყოს გადაყვანილი SILENT რეჟიმში, ტელეფონზე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შესაძლებელია ოთახის გარეთ პედაგოგის ნებართვით
6. სტუდენტის მიერ ცენტრში ხალათის დატოვების შემთხვევაში ცენტრის პერსონალი არ აგებს პასუხს მის დაზიანებაზე ან დაკარგვაზე
ზემოჩამოთვლილი წესების დარღვევის შემთხვევაში:

  • სტუდენტს მიეცემა გაფრთხილება
  • დამრღვევი მოიხსნება პრაქტიკული მეცადინეობიდან და შეფასების გრაფაში დაუფიქსირდება ნული ქულა

                       დამატებითი  მოთხოვნები საგამოცდო პროცესის დროს
1. გამოცდაზე რეგისტრაციისთვის სტუდენტმა აუცილებელია იქონიოს სტუდბილეთი
2. გამოცდის პერიოდში დაუშვებელია SMART საათის, ტელეფონის ან ნებისმიერი სხვა სახის ელექტროტექნიკის შეტანა საგამოცდო სივრცეში
ზემოჩამოთვლილი წესების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი მოიხსნება გამოცდიდან (ჩაეთვლება არგამოცხადებად)
  სასწავლო-საგამოცდო პროცესებში მონაწილე სტუდენტებს პირადი ნივთები (ქურთუკები, ზურგჩანთები, მობილური ტელეფონები, SMART საათები და ა.შ.), შეუძლიათ განათავსონ ცენტრის შესასვლელში არსებულ საკიდებსა და საკეტით დაცულ უჯრებში



დაათვალიერე კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი