ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა- COVID-19-ის მიღმა არსებული საფრთხე


კორონავირუსით (COVID19-ის) გამოწვეულმა მიმდინარე პანდემიამ ნათლად გამოავლინა ვაქცინებისა და ანტივირუსული მკურნალობის სწრაფი შემუშავების საჭიროება იმისათვის, რათა შემცირდეს აღნიშნული ვირუსით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა და სიკვდილიანობა.
ბიო-ფარმაცევტულმა მრეწველობამ სწრაფადვე უპასუხა ამ გამოწვევას და პანდემიასთან ბრძოლისათვის სულ მცირე, 80 სავაჭრო დასახელების მქონე მედიკამენტი შემუშავების სტადიაშია.
თუმცა, აღნიშნული პანდემიის უკან  იმალება საკმაოდ დიდი საფრთხე,  რომელიც უკვე კლავს ასობით ათას ადამიანს მსოფლიოში და გაართულებს  Covid19- ით დაავადებული მრავალი პაციენტის მკურნალობას.  დაფარულ საფრთხეს წარმოადგენს ანტიობიოტიკებისადმი რეზისტენტულობა — ბაქტერიები, რომლებსაც ჩვეულებრივი ანტიბიოტიკები ვერ ანადგურებს. სამწუხაროდ, ამგვარ მომაკვდინებელ ინფექციებთან გასამკლავებლად საჭირო წამლის არსენალი საკმაოდ მწირია.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები მზარდ გლობალურ საშიშროებას წარმოადგენენ.  მხოლოდ აშშ-ში, 2.8 მილიონი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექცია ვლინდება  ყოველწლიურად და 35,000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება, თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ რეალური ციფრები გაცილებით მეტია. ე.წ. სუპერბაქტერიები , რომლებიც იწვევენ ამ ინფექციებს, მრავლდებიან საავადმყოფოებში, სამედიცინო დაწესებულებებში, და რისკის ქვეშ აყენებენ  მსუბუქი თუ მძიმე დაავადების მქონე არაერთ პაციენტს.
რეზისტენტული ბაქტერიების გამო ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან პაციენტები, რომლებიც უფრო მოწყვლადები არიან ისეთი ვირუსული ინფექციებისადმი, როგორებიცაა გრიპი, მწვავე რესპირატორული სინდრომი  (SARS) Covid-19 და ა.შ.  მაგალითად, 2009 წელს H1N1 გრიპის პანდემიამ მსოფლიო მასშტაბით იმსხვერპლა თითქმის 300,000 ადამიანის სიცოცხლე. ამერიკის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, გარდაცვალების ამ შემთხვევებიდან – 29%-დან 55%-მდე გამოწვეული იყო მეორადი ბაქტერიული პნევმონიით.
როგორც ცნობილია, ვირუსული ინფექციების დროს ადამიანის ორგანიზმზე შეტევა ორ-ეტაპიანია: ვირუსული ინფექცია ასუსტებს ორგანიზმს, რაც აადვილებს რთულად სამკურნალო ბაქტერიის მასში დამკვიდრებას და შემდგომ ვითარდება მეორე ეტაპი- მეორადი ბაქტერიული ინფექცია.
ახალი კორონავირუსი გამონაკლისს არ წარმოადგენს. უკვე ცნობილია რამდენიმე კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით Covid-19-ით ჰოსპიტალიზებული ყოველი 7 პაციენტიდან 1 პაციენტს ემართება საშიში მეორადი ბაქტერიული ინფექცია და აღსანიშნავია, რომ ამგვარი ინფექცია აღენიშნებოდა გარდაცვლილ პაციენტთა 50%-ს. ანტიობიოტიკებისადმი რეზისტენტობა შესაძლებელია გახდეს დამატებითი ავადობის წარმოუდგენელი  ტვირთი ჯანდაცვის სისტემისათვის იმ პირობებში, როდესაც კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია რეანიმაციულ განყოფილებებზე განსაკუთრებულ დატვირთვას ახდენს მის შესაძლებლობებთან შედარებით.
ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ როდის ან სად მოხდება ახალი ეპიდემიისა და პანდემიის წარმოქმნა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ მეორადი ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც ამ ეპიდემიებს მოჰყვება. იმისათვის, რომ ვებრძოლოთ სუპერბაქტერიებს ,  ახალი ანტიბიოტიკები სასიცოცხლოდ აუცილებელია.
იდეალურ სამყაროში, ჩვენ ყოველთვის უნდა გვქონდეს ახალი ანტიბიოტიკები არსებული რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ, რომელთა გამოყენება დაუყოვნებლივ შეიძლება Covid-19 მსგავსი პანდემიური კრიზისების დროს. მაგრამ ახალი ანტიბიოტიკების შემუშავება მოითხოვს დროს და განსაკუთრებით დიდ დანახარჯს, ამასთანავე ინვესტიციის ამოღება ფართო გამოყენების გზით ვერ მოხდება, რადგან შემუშავებული ანტიბიოტიკების მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში გამოყენების გზით შეიძლება მათი ეფექტურობის მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ვადით შენარჩუნება.
ამჟამინდელი საავადმყოფობის ხარჯთა ანაზღაურების სისტემები ზოგადად არ უწყობენ ხელს ახალი ანტიბიოტიკების გამოყენებას მაშინაც კი, როდესაც პაციენტს ისინი აუცილებლად ესაჭიროვება, რადგან ახალი თაობის ანტიობიოტიკების გამოყენება წინა თაობის ანტიობიოტიკებზე მეტად ძვირი ჯდება.  საავადმყოფოებს, რომლებსაც მკურანლობის ისედაც მზარდი ხარჯების გამო რთული გამოწვევების წინაშე ყოფნა უწევთ, უჭირთ დაასაბუთონ საკუთარ დანიშნულებებში შედარებით ძვირადღირებული წამლების დანიშვნის საჭიროება. 
ბაზრის აღნიშნული ჩავარდნის გამოსწორება შესაძლებელია, სწორედ მასზეა დამოკიდებული მრავალი ათასი პაციენტის სიცოცხლე  — რაშიც შესაძლებელია მალევე დავრწმუნდეთ Covid-19 შემთხვევების ზრდის პარალელურად.  სამკურნალო ხარჯების ანაზღაურების სისტემის რეფორმა მოიტანს ორ შედეგს – ერთის მხრივ,  გააუმჯობესებს ახალი ანტიბიოტიკების ხელმისაწვდომობას და სტიმულს მისცემს კერძო ინვესტირების განხორციელებას მათ შემუშავებაში.
Covid-19-ის კრიზისთან ბრძოლისთვის გაერთიანებასთან ერთად, რომელიც ამჟამად განსაკუთრებულად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს, ასევე უნდა ვიფიქროთ მომავალ კრიზისზე. აუცილებელია მივიღოთ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველვყოთ საჭირო ანტიბიოტიკების არსებობა, როგორც დღეს, ისე მომავალში. სწორედ ახლა არის მოქმედებისათვის საუკეთესო დრო.
ჯული ლ. გერბერდინგი, მედიცინის დოქტორი, CDC დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი 2002-დან 2009 წლამდე.
23.03.2020
https://www.statnews.com/2020/03/23/antibiotic-resistance-hidden-threat-lurking-behind-covid-19/?fbclid=IwAR2pQDFgWFRMLrZ6A3Sg5uPp8L63kt8tkDwSCErn3CvnipBW8NBZJceKsdE