დეკანის მიმართვა

ძვირფასო სტუდენტებო,

თბილისის სამედიცინო აკადემიის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენს ახალ ალმა მატერში სწავლის დაწყებას, სადაც თქვენთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად მივაღწევთ და გავიზიარებთ საერთო წარმატებას.

დღეს, მედიცინის მუშაკები მხოლოდ პაციენტების განკურნებით აღარ შემოიფარგლებიან, რაც კორონავირუსის პანდემიამაც ცხადყო  - ექიმები და მედიცინის ყველა სხვა მუშაკი დღევანდელობის ნამდვილი გმირები არიან. შესაბამისად, იმისთვის, რომ ჩვენი სტუდენტები მისაბაძი ექიმები გახდნენ აუცილებელია არა მარტო მაღალკვალიფიციური სამედიცინო ცოდნის გაზიარება, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირადი, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური გარემოს როლის შესახებ  საჭირო ცოდნა.

ნება მომეცით, დიდი სიხარულით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ წელსაც განვაგრძობთ სხვადასხვა ინოვაციური პროექტის განხორციელებას და ამავდროულად ახლების წამოწყებასაც. შესაბამისად, მათ განსახორციელებლად ვიყენებთ სამედიცინო განათლებაში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და პარალელურად  ვნერგავთ უკეთესი სოციალური უნარების გამომუშავებისთვის საჭირო მიდგომებს. რა თქმა უნდა აკადემიაში განვაგრძობთ ხელსაყრელი გარემოს შექმნას, რომელიც აუცილებელია ორი მთავარი და აკადემიური პროცესის განუყრელი მიმართულების გასაძლიერებლად, როგორიცაა: - საერთაშორისო მობილობა და კვლევები.

ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ ხელი შევუწყოთ სტუდენტებში პროაქტიური და შემოქმედებითი აზროვნებისთვის საჭირო გარემოს შექმნას, რადგან მედიცინა წარმოადგენს არა ზუსტ მეცნიერებას, არამედ უფრო ცოდნის, გამოცდილების, კრიტიკული აზროვნების, სწრაფი რეაქციისა და ზოგჯერ სარისკო გადაწყვეტილების მიღების სინთეზს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ ვზრუნავთ, შევქმნათ კეთილგანწყობილი გარემო, სადაც კულტურები, რწმენა, გენდერი თანაბრადაა პატივცემული. არტურ შოპენჰაუერის ერთ-ერთმა ნათქვამმა „ჯანმრთელობა ყველაფერი არაა, მაგრამ ყველაფერი არაფრად იქცევა მის გარეშე“ კიდევ უფრო ნათლად ასახა 2020 წლის მოვლენები. შესაბამისად, დღევანდელ გლობალურ სამყაროში ექიმობა და სამედიცინო სფეროში მოღვაწეობა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ატარებს, უფრო მეტ რესურსსა და ენერგიას მოითხოვს, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.

ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა, რომ თბილისის სამედიცინო აკადემია შეარჩიეთ სამედიცინო განათლების მიღების კერად და გულითადად გილოცავთ, რომ თქვენ მალე გახდებით საზღვრების გარეშე მყოფი ექიმების მომავალი თაობა.

დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებას ახალი გამოწვევების წინაშე.

პატივისცემით,

მაკა მაღლაკელიძე

მედიცინის სკოლის დეკანი