რჩევები COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ 2021-09-08
რჩევები COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ
COVID-19 პანდემიის დასრულებისთვის უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინაცია უაღრესად  მნიშვნელოვანია. ვაქცინაცია არ ამცირებს ნიღბის ტარების, ხელების ჰიგიენის, ვენტილაციისა და ფიზიკური დისტანციის საჭიროებას, თუმცა გადამწყვეტია COVID-19 ინფიცირებულ პირებში გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკის შემცირების თვალსაზრისით.

2021 წლის 30 აგვისტოს მონაცემებით მსოფლიოში უკვე უსაფრთხოდ გამოყენებულია COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის 5,019,907,027 დოზა

ამჟამად შექმნილია და ავტორიზაციის პროცესშია მინიმუმ 13 COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინა .  მათ შორის, ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის მიერ (FDA) სრულად ავტორიზებულია Pfizer/BioNtech მიერ წარმოებული ვაქცინა Comirnaty . FDA წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის სააგენტოს, რომელიც ამ სახელწოდებით 1930 წლიდან ფუნქციონირებს, ხოლო წამლისა და საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით საქმიანობას 1862 წლიდან ეწევა . ეს ორგანიზაცია მსოფლიო სამედიცინო საზოგადოების მიერ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ავტორიტეტული ორგანო მედიკამენტებისა და საკვების უსაფრთხოების მონიტორინგის კუთხით.

გარდა აღნიშნულისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებადართული და რეკომენდებულია შემდეგი ვაქცინები:  Oxford/AstraZeneca-ს მიერ წარმოებული Covishield და AZD1222, Johnson & Johnson-ს მიერ წარმოებული Ad26.COV 2.S, Moderna-ს მიერ წარმოებული COVID-19 ვაქცინა და Sinopharm-ის მიერ წარმოებული  COVID-19 ვაქცინა.

COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო და ამჟამად საკმარისი ინფორმაცია გვაქვს მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ .  მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებულ პირებში შესაძლოა მოხდეს COVID-19 ინფიცირება, დადგენილია, რომ ვაქცინაცია 90%-ით ამცირებს დაავადების მწვავე ფორმის განვითარების, ჰოსპიტალიზაციისა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკს. 

ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვადასხვა რისკ-ჯგუფებისთვის, როგორიცაა 65 წელზე უფროსი ასაკობრივი ჯგუფი, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები და სხვა. აშშ-ში ჩატარებული რამდომული კლინიკური კვლევის მიხედვით, 65 წლის ზევით პაციენტებში სრული ვაქცინაციის ეფექტურობა 94%-ს აღწევს, ხოლო 1 დოზით ვაქცინაციის ეფექტურობა 64%-ა . რანდომიზებული კლინიკური კვლევა კი მრავალი წელია სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე სანდო კვლევის ტიპად არის მიჩნეული.

არანაკლებ საინტერესოა COVID-19 ახალი შტამების გავლენა ვაქცინაციის ეფექტურობაზე. ასე მაგალითად, ე.წ. დელტა შტამი, რომელიც საქართველოში ამჟამად უპირატესად არის მიჩნეული, ალფა შტამზე 2-ჯერ უფრო კონტაგიოზურია, რაც ნიშნავს, რომ იგი 2ჯერ უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება და მწვავე დაავადების გამოწვევის უფრო მაღალი რისკით გამოირჩევა . კვლევების თანახმად, დელტა ვარიანტით ინფიცირების შემთხვევაშიც კი ვაქცინირებულ პაციენტებში ჟანგბად დამოკიდებული, ანუ მწვავედ მიმდინარე დაავადების განვითარების რისკი აუცრელ პოპულაციასთან შედარებით დაბალია . დადგენილია, რომ mRNA BNT162b2  ვაქცინის ეფექტურობა დელტა შტამის შემთხვევაში 88%-ს აღწევს (იგივე ვაქცინა ალფა შტამის შემთხვევაში 93.7% ეფექტურობით ხასიათდება) .

ბუნებრივია, COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციას აქვს უკუჩვენებებიც, ისევე როგორც აქამდე არსებულ ყველა ვაქცინას, და ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინაციის დაგეგმვისას .

COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის უკუჩვენებებია:

  • ალერგიული რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე. მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში ვაქცინის მეორე დოზა არ კეთდება;
  • მიმდინარე მწვავე დაავადება და/ან ქრონიკული დაავადების გამწვავება. ასეთ შემთხვევაში ვაქცინაცია უნდა გადავდოთ მდგომარეობის სტაბილიზაციამდე.
  • ცნობილი ალერგია ვაქცინის ნებისმიერ კომპონენტზე. ასეთ შემთხვევაში ვაქცინა არ კეთდება.
  • ვენური ან არტერიული თრომბოზი ანამნეზში, ასევე თრომბოციტოპენია. აღნიშნული უკუჩვენებაა მხოლოდ ასტრა-ზენეკასა და ჯონსონ & ჯონსონის მიერ წარმოებული ვაქცინებისთვის.

ასევე უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • ვაქცინაცია დაშვებულია პირებში, ვინც გადაიტანა COVID-19 ინფექცია. უკუჩვენება მხოლოდ მწვავე მდგომარეობა და/ან ინფექციის სიმპტომების არსებობაა.
  • თავი შეიკავეთ mRNA ვაქცინისაგან სხვა ვაქცინით ვაქცინაციიდან 14 დღის განმავლობაში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს გაფრთხილება ეხება ეფექტურობას და არა უსაფრთხოებას. არის მოსაზრება, რომ მსგავს შემთხვევაში mRNA ვაქცინის ეფექტურობა ჩვეულებრივზე ნაკლებია.
  • ანტი-SARS-Cov-2 მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის შემთხვევაში გადადეთ mRNA ვაქცინაცია 90 დღით.
  • ორსულობის და ლაქტაციის დროს უპირატესობა ენიჭება mRNA ვაქცინას უსაფრთხოების კუთხით, თუმცა ორსულობა / ლაქტაცია არ არის რომელიმე ვაქცინის, მათ შორის, ვექტორულის, უკუჩვენება.
  • ვაქცინის გამოყენება უსაფრთხოდ მიიჩნევა იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებშიც, თუმცა რეკომენდებულია ვაქცინაციის გადადება იმუნოსუპრესიული თერაპიის დასრულებიდან 3 თვის ვადით. ვინაიდან პაციენტის მიმდინარე მდგომარეობა კრიტიკულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე, მსგავს შემთხვევებში აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
  • ვაქცინაცია უსაფრთხოა აუტოიმუნური დაავადების მქონე პაციენტებში, თუმცა მკურნალობის რიგი მეთოდები, მაგ. რიტუქსიმაბით თერაპია, შესაძლოა ამცირებდეს მის ეფექტურობას.
  • გადადეთ ვაქცინაცია ტუბერკულინის კანის ტესტის ჩატარების შემთხვევაში შესაძლო ცრუ უარყოფითი შედეგის დაფიქსირების რისკის გამო.
  • mRNA ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ განვითარებული მიოკარდიტის/პერიკარდიტის შემთხვევაში მეორე დოზა ინიშნება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის და პაციენტის ინფიცირების რისკის გათვალისწინებით. იგივე ეხება ანამნეზში ამ დაავადებების არსებობას.

ყოველი ზემოთ აღნიშნული მდგომარეობის არსებობისას, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან მაქსიმალურად უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციის ჩასატარებლად.