გულის მსოფლიო დღე 2021-09-29
გულის მსოფლიო დღე
COVID-19-ის გავლენა კარდიო-ვასკულური სისტემის დაავადებების მიმდინარეობასა და გამოსავალზე

მსოფლიო ისტორიაში მრავალი პანდემიაა ცნობილი. პირველი პანდემია, რომელიც სავარაუდოდ მუცლის ტიფით იყო განპირობებული, ძვ.წ.აღ. 430 წელს პელოპონესის ომის დროს დაიწყო. პანდემიამ ლიბია, ეთიოპია, ეგვიპტე მოიცვა და ათენშიც შეაღწია, სადაც მოსახლეობის 2/3 ემსხვერპლა. მას მოჰყვა ყვავილის (ჩვ.წ.აღ. 165 წელი), შავი ჭირის (ჩვ.წ.აღ. მე-3, მე-6, მე-14, მე-17, მე-19 საუკუნეები), კეთრის (მე-11 საუკუნე), ქოლერის (მე-19 საუკუნე), წითელას (მე-19 საუკუნე), რუსული გრიპის (მე-19 საუკუნის ბოლო), ესპანური ანუ ფრინველის გრიპი (ჩვ.წ.აღ. 1918 წელი, რომელმაც მსოფლიოს მოსახლეობის 50 მილიონი სიცოცხლე შეიწირა) და სხვა.

21-ე საუკუნე კორონავირუსით გამოწვეული პანდემიებით არის გამორჩეული. პირველი პანდემია, SARS-COV, 2002 წლის ნოემბერში სამხრეთ ჩინეთიდან, გუანდონგის პროვინციიდან დაიწყო და მსოფლიოს 29 ქვეყანა მოიცვა. დაავადება დაუდასტურდა 8096 პაციენტს და სიკვდილიანობამ 10%-ს მიაღწია. მეორე პანდემია შუა აზიის რესპირატორული სინდრომის კორონავირუსით იყო გამოწვეული და 2012 წლის ივნისში საუდის არაბეთიდან დაიწყო. ლაბორატორიულად დადასტურდა 2494 შემთხვევა 26 ქვეყანაში (ლიდერობდა საუდის არაბეთი და სამხრეთ კორეა) და სიკვდილობამ 34%-ს გადააჭარბა. 2019 წლის 31 დეკემბერს კი მსოფლიოში პირველად გამოჩნდა უცნობი ეტიოლოგიის პნევმონია (შემდგომში იდენტიფიცირებული, როგორც ვირუსული) კლასტერული ტიპით ვუჰანში, ჰუბეის პროვინციაში (ჩინეთი), რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და დღეისათვის დაახლოებით 230 მილიონი შემთხვევაა რეგისტრირებული, რომელთაგან 4,8 მილიონამდე სიკვდილით დასრულდა.

ახალი კორონავირუსული დაავადება 2019 (COVID-19) ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2 (SARS-COV-2). მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19-ის სიმპტომურ პაციენტთაგან 80% არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის გამო, 15%-ში დაავადება იღებს მძიმე მიმდინარეობას ჰოსპიტალიზაციის საჭიროებით და 5%-ში ვლინდება კრიტიკული მდგომარეობა რეანიმაციის აუცილებლობით.

COVID-19-ის კარდინალური მახასიათებელი სასუნთქი სისტემის დაზიანება და შესაბამისი სიმპტომებია. ამასთან, ის გამოირჩევა პოლიორგანული დაზიანებით, რომელთაგან გულ-სისხლძარღვთა სისტემას წამყვანი ადგილი უჭირავს. დღეის მონაცემებით, კარდიოვასკულური დაავადებებისა (გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ცერებროვასკულური დაავადება) და კარდიოვასკულური რისკ-ფაქტორების (მამრობითი სქესი, ხანდაზმული ასაკი, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული დაავადება და სხვა) მქონე ინდივიდები განსაკუთრებით მაღალი არაკეთილსაიმედო პროგნოზის მატარებელნი არიან COVID-19-ის გართულებების და სიკვდილიანობის განვითარების კუთხით. ჩატარებულმა ანალიზმა ცხადყო, რომ COVID-19-ის მქონე პაციენტებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების არსებობის შემთხვევაში 2.65-ჯერ და ჰიპერტენზიისას 2.5-ჯერ უფრო მაღალი სიკვდილიანობის რისკი აღენიშნებათ.

მძიმე მიმდინარეობისას, COVID-19 ხშირად ასოცირებულია ახლადგანვითარებულ კარდიოვასკულურ დაავადებებთან, როგორიცაა გულის მწვავე უკმარისობა, არითმია, მწვავე კორონარული სინდრომი, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, მიოკარდიტი, გულის გაჩერება, ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის თვითონ ხდება პათოლოგიის განვითარების მიზეზი. მორფოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა კორონარული არტერიების ყველა შრეში მიმდინარე ანთებითი ცვლილებები ენდოთელიტის, პანვასკულიტის და პერივასკულიტის სახით, რომელსაც თან სდევს სისხლძარღვის შიგნითა შრის - ენდოთელიუმის დისფუნქცია, რაც იმუნურ რეაქტიულობასთან ერთად იწვევს ათეროსკლეროზული ფოლაქების დესტაბილიზაციას და მწვავე კორონარული სინდრომის განვითარებას. ენდოთელიტი, ანუ სისხლძარღვთა შიგნითა შრის ანთება განიხილება COVID-19-ის წამყვან სინდრომად, რომელიც არა მარტო მწვავე კარდიული, არამედ კოვიდის შემდგომი გულ-სისხლძარღვთა სისტემისმხრივი დაავადებების განვითარების ძირითადი მიზეზიცაა. COVID-19-ის დროს ვლინდება გულის კუნთის დაზიანებაც, ანთებითი და ნეკროზული ცვლილებებით, რაც კლინიკურად გულის კუნთის ანთებით ანუ მიოკარდიტით, გულის კუმშვადობის დარღვევით და არითმიის აღმოცენებით ვლინდება. ძალზედ ხშირია პერიკარდიუმის ანთებაც გამონაჟონით, ანუ ე.წ. ექსუდაციური პერიკარდიტის განვითარება COVID-19-ის მწვავე ფაზაში, რომელიც იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლოა გართულდეს გულის ტამპონადით, რომელიც დროულ ამოცნობას და მკურნალობას საჭიროებს ლეტალური შედეგის თავიდან ასაცილებლად.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ვენური და არტერიული სისტემის თრომბოზი, რომელიც წამყვან ადგილს იკავებს COVID-19-ის მიმდინარეობაში. ენდოთელიუმის დისფუნქცია იწვევს კოაგულაცია-ანტიკოაგულაციური წონასწორობის რღვევას, რასაც თან სდევს თრომბოციტთა აგრეგაცია-ადჰეზიურობის მატება, სისხლძარღვთა შევიწროება და პროთრომბოზული ფაქტორების გაძლიერებული გამოყოფა, შედეგად თრომბის წარმოქმნის რისკის ზრდა.

დღეისათვის COVID-19-თან მიმართებით არა მარტო მწვავე პროცესს ენიჭება განსაკუთრებული ყურადღება, არამედ ე.წ. “პოსტკოვიდურ სინდრომს”, რომელსაც “გახანგრძლივებულ კოვიდს”, “ქრონიკულ კოვიდს” და “მწვავეს შემდგომ COVID-19 სინდრომსაც” უწოდებენ. აღნიშნული განისაზღვრება, როგორც არასპეციფიკური სიმპტომების არსებობა COVID-19-ის დაწყებიდან 3-4 კვირაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მწვავე პროცესის დასრულებიდან 2-3 თვის შემდეგ, პაციენტთა 60-78%-ში ვლინდება მიოკარდიუმის ფიბროზი, ანთება და მიოკარდიუმის დაზიანების მარკერის, მაღალსენსიტიური ტროპონინის მატება (71%), რაც COVID-19-ის კარდიოვასკულურ სისტემაზე ხანგრძლივ უარყოფით ზეგავლენაზე მიუთითებს. პოსტკოვიდური პერიოდის პაციენტების ძირითად ზოგად სიმპტომებს შორის აღსანიშნავია სისუსტე, ქოშინი, ხველა და ყნოსვის დაკარგვა, კარდიოვასკულურ სიმპტომთაგან კი გულის ფრიალი და ატიპიური ტკივილი მკერდში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებს, მით უფრო შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის და ინსულტის თანაარსებობისას, ზოგად პოპულაციასთან შედარებით აქვთ COVID-19-ის მძიმე გართულებების, მათ შორის კრიტიკული მდგომარეობის ჩამოყალიბების და სიკვდილიანობის განვითარების 5-ჯერ უფრო მაღალი რისკი. ამას გარდა, COVID-19-ის დროს, იზრდება არითმიის, გულის უკმარისობის, მიოკარდიუმის დაზიანების, ვენური, პულმონური და სისტემური თრომბოემბოლიზმის და არსებულის გაღრმავების რისკი.

COVID-19-ის ერაში, კარდიოვასკულურ პაციენტებში გართულებათა თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა კარდიული პაციენტების და მათთან კონტაქტში მყოფი პირების COVID-19-ის საწინააღმდეგო დროულ ვაქცინაციას ენიჭება. კარდიო-ვასკულური დაავადებების მქონე პაციენტებისათვის, მით უფრო შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის ქრონიკული დაავადების და ცერებროვასკულური დაავადების თანაარსებობისას, დრამატულად მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულების უწყვეტ რეჟიმში შესრულება და ზრუნვა ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შფოთვისა და დეპრესიის დროული ამოცნობა და მკურნალობა, რომელსაც უფრო მეტად სიმარტოვის განცდა, სოციალური იზოლაცია, უიმედობისა და შიშის შეგრძნება აღრმავებს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს კარდიოვასკულური სისტემის დაავადების ჩამოყალიბებასა და პროგრესს.

COVID-19-ის ერაში განსაკუთრებულ სიმაღლეზე ადის ექიმსა და პაციენტს შორის პარტნიორული ურთიერთობის დამყარება და დიალოგი ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის მიღებით, რათა გაუმჯობესდეს გამოსავალი და შემცირდეს პოტენციური გართულებებისა თუ სიკვდილიანობის რისკი.