თსა-ში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა 2021-12-02
თსა-ში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის ფარგლებში, „გაეროს ერთობლივი პროგრამის- აივ/შიდსისთვის“, არასამთავრობო სექტორის,  სტუდენტებისა და სხვა მოწვეული სტუმრების ჩართულობით, თსა-ში ჰიბრიდული ღონისძიება გაიმართა, რომელიც ამ დაავადებასთან დაკავშირებულ რისკებსა და მასთან ბრძოლის ეფექტიან გზებს მიეძღვნა.

„შიდსის გლობალური ეპიდემია: არსებული მდგომარეობა, აუცილებელი პირობები და სირთულეები მის დასასრულებლად 2030 წლისთვის“ - ამ თემაზე შეხვედრაში  დისტანციურად ჩაერთო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მილკენის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ლექტორი, „გაეროს ერთობლივი პროგრამა აივ/შიდსისთვის“ სპეციალური მრჩეველი და გუნდის ხელმძღვანელი - ანი შაქარიშვილი. საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი “თანადგომა”-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო წერეთელმა კი ყურადღება გაამახვილა საკითხზე "აივ/შიდსი საქართველოში - უთანასწორობა, რომელიც ხელს უშლის პრევენციას".

შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს თსა-ს სტუდენტებმა. ალექსანდრე საღლიანმა აივ/შიდსის მექანიზმზე და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე, ხოლო რიშუ შაჰმა მიმდინარე კვლევებსა და შესაძლო განკურნების გზებზე ისაუბრა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა აივ/შიდსის აქტივისტი გიორგი ვაზოვსკი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

„ძალიან სასიამოვნო იყო თქვენს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, სიამოვნებით დავთანხმდი ამ შემოთავაზებას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამეგო სტუდენტების აზრი, მათი წარმოდგენა ამ დაავადების შესახებ. ასევე, ის, თუ როგორ ხდება ინფორმაციის მიწოდება და ამ საკითხების სწავლება ქართულ უნივერსიტეტებში. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის“- გიორგი ვაზოვსკი.

მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურად ამ თარიღთან დაკავშირებით, თსა-ს გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც, ღონისძიების დასასრულს, თსა-ს ხუთმა სტუდენტმა, შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საკუთარი ბლოგები წარადგინა.

წინასწარ შერჩეულმა ჟიურიმ მათგან ორი გამარჯვებული გამოავლინა, ხოლო ერთი გამარჯვებული კი აუდიტორიამ დაასახელა. გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები და მათი ბლოგები გამოქვეყნდება თსა-ს ვებ და Facebook გვერდზე.

„ჩემთვის, როგორც პირველკურსელისთვის, ახალი იყო ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი.  აქამდე არ მქონდა ინფორმაცია შიდსზე, მხოლოდ ის ვიცოდი, რა იწვევდა ამ დაავადებას. ახლა, როდესაც უკვე მოვისმინე, კიდევ უფრო საინტერესო გახდა ეს საკითხი. მსგავსი ღონისძიებები საინტერესოა ჩემთვის, როგორც მომავალი ექიმისთვის. თავს არ მაგრძნობინებს როგორც სტუდენტს, რომელმაც მხოლოდ თეორიული ცოდნა უნდა მიიღოს და შემდგომ პრაქტიკაში განახორციელოს. ეს საკითხი უფრო სოციალურ პრობლემებს ეხება, რომელიც ვფიქრობ ყველა ექიმისთვის მნიშვნელოვანია“ - თამარ დანდურიშვილი, სამკურნალო საქმის პირველი კურსის სტუდენტი.

ღონისძიება ორგანიზებული იყო თსა-ს ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტისა და სამეცნიერო კლუბის მიერ.

დამატებითი რესურსები - შეხვედრის დროს გაზიარებული პრეზენტაციები:
ანი შაქარიშვილი - შიდსის გლობალური ეპიდემია: არსებული მდგომარეობა, აუცილებელი პირობები და სირთულეები მის დასასრულებლად 2030 წლისთვის
ნინო წერეთელი - აივ/შიდსი საქართველოში - უთანასწორობა, რომელიც ხელს უშლის პრევენციას

2021 წლის სტაჟირების პროგრამა „გაეროს ერთობლივი პროგრამია აივ/შიდსისთვის“