ინტეგრაციის კვირეული თსა-ში 2022-03-23
ინტეგრაციის კვირეული თსა-ში
ინტეგრაციის კვირეულის ფარგლებში, თსა-ს სტუდენტები რეალურ პაციენტებს შეხვდნენ. კვირეულის მიზანს წარმოადგენს სტუდენტების კონტაქტი რეალურ პაციენტებთან სწავლების პრეკლინიკურ ეტაპზე და სხვადასხვა სასწავლო კურსის ფარგლებში შეძენილი ცოდნისა და უნარების გამოყენება მათი პრობლემის გასაცნობიერებლად.

„მსგავსი ღონისძიება ჩვენთვის, როგორც მომავალი ექიმებისთვის საინტერესოა, რადგან ექიმსა და პაციენტს შორის სწორი კომუნიკაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. დღეს კი საშუალება მოგვეცა კარგი მაგალითი გვენახა იმისა, თუ როგორ უნდა წარიმართოს პაციენტთან დიალოგი. სწორედ ახლა ვსწავლობთ დიაბეტს და ენდოკრინულ სისტემას, პაციენტთან პირდაპირი კომუნიკაცია კი ძალიან დაგვეხმარა თეორიული ცოდნის გაღრმავებაში“- სანდრო საღლიანი, ინგლისურენოვანი მედიცინის მეორე კურსის სტუდენტი.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ დიაბეტით დაავადებული პაციენტებისა და მათი მკურნალი ექიმის დიალოგი, დაესვათ მათთვის შეკითხვები და გაემართათ დისკუსია ამ თემის ირგვლივ.

„მიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა და მომავალ ექიმებთან კომუნიკაცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყურადღებით მისმენდნენ და საინტერესო შეკითხვებს სვამდნენ. ვცდილობდი, ამომწურავად მეპასუხა მათთვის. ვფიქრობ, სტუდენტებს ეს პრაქტიკული გამოცდილება პროფესიულ ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება, ამიტომ სიამოვნებით მივიღებ მსგავს აქციებში მონაწილეობას სხვა დროსაც. ეს ჩემზეც დადებითად მოქმედებს, როდესაც კითხვები მრავალფეროვანია, შენს თავს გვერდიდან უყურებ, ეს კი საინტერესო და სასარგებლო პროცესია“ - პაციენტი ასმათ გულიაშვილი, 67 წლის.

შეხვედრის დასასრულს, სტუდენტები გადანაწილდნენ ჯგუფებში, რომლებსაც მიეცათ ერთი კვირის ვადა, პედაგოგების მიერ მიწოდებული დიაბეტით დაავადებული პაციენტების ქეისებზე სამუშაოდ და პოსტერების წარმოსადგენად.

ინტეგრაციის კვირეულის ბოლო ეტაპს კი წარმოადგენს გუნდურ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების (TBL) სესია, სადაც სტუდენტებმა უნდა იმუშაონ ინტეგრირებულ დავალებაზე.