ჯანმრთელობის მსოფლიო დღე
2022-04-08
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე
7 აპრილი, ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. წლევანდელი თემაა "ჩვენი პლანეტა, ჩვენი ჯანმრთელობა". ამ თარიღთან დაკავშირებით, თსა-ს სტუდენტების მონაწილეობით რეფლექსიური სესია და მინი-ვორკშოპი გაიმართა. თსა-ს აკადემიურმა პერსონალმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა პლანეტარული ჯანმრთელობის პრიზმიდან დანახული კლიმატის ცვლილება. პრეზენტაციები წარმოადგინეს მედიცინის სკოლის დეკანმა ნინო კეკენაძემ, რომელმაც ისაუბრა თემაზე "ექიმის როლი და ჯანდაცვის სისტემის ადაპტაციის მნიშვნელობა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შემცირებაში" და ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა მაღლაკელიძემ, რომელმაც მიმოიხილა პლანეტარული ჯანმრთელობის საკითხი და განიხილა ჯანმრთელობასა და ანთროპოცენურ ცვლილებებს შორის კავშირი.

მინი-ვორკშოპში ასევე მონაწილეობდნენ თსა-ს სტუდენტები - მარიამ ფხალაძე, ელენე კეკელია და რიშუ შაჰი, რომლებიც ამ ეტაპზე ჩართული არიან გლობალურ ახალგაზრდულ მოძრაობაში “Global Youth for Clean Air and Climate Health Action”, მათ აუდიტორიას გაუზიარეს პროექტში მათ ჩართულობასთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია.

პრეზენტაციების დასრულების შემდგომ, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ ერთობლივად ჩამოეყალიბებინათ კონკრეტული აქტივობები თსა-ში პლანეტარული ჯანმრთელობის დღის წესრიგის შესამუშავებლად.

„ვორკშოპი საინტერესო იყო, ეს ყველაფერი ხომ ჩვენს ცხოვრებაზე და ყოველდღიურობაზე ახდენს გავლენას და ჩვენც ამის ნაწილი ვართ. მივიღეთ ახალი ინფორმაცია, თავად ჩავერთეთ მუშაობის პროცესში და შევძელით სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. მსგავსი სამუშაო შეხვედრები გვაჩვევს გუნდურ მუშაობას და ყოველთვის გვასწავლის რაღაც ახალს“- თეონა შავაძე, პირველი კურსის სტუდენტი.