Erasmus Staff Mobility პროგრამის ფარგლებში, თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელი თამარ გიორგობიანი და მეან - გინეკოლოგიის დეპარტამენტის ლექტორი მარიამ გუგუშვილი სამუშაო ვიზიტით ანტვერპენის უნივერსიტეტში (ბელგია) იმყოფებოდნენ.
აკადემიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დაჰკვირვებოდნენ ბელგიელი კოლეგების სამუშაო პროცესს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში, მიეღოთ მათგან რეკომენდაციები ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) ორგანიზების, შეფასების, სიმულაციური პაციენტების შერჩევისა და მომზადების შესახებ. ამავე პროგრამის ფარგლებში, თსა პერსონალისთვის ჩატარდა ჰიბრიდული ტრენინგი თემაზე - ´´ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE)´´, ორგანიზაციის და შეფასების ძირითადი პრინციპები, სიმულაციური პაციენტის როლი გამოცდაზე.
ტრენინგს უძღვებოდნენ თსა-ს პარტნიორი ანტვერპენის უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი ნელე მიჩელი და ამავე ცენტრის კოორდინატორი კრისტინ ვან დენ ბოგერდი.
Erasmus Staff Mobility-ის ფარგლებში იგეგმება ქართველი კოლეგების შემდგომი სამუშაო ვიზიტი ანტვერპენში და ასევე, ბელგიელი კოლეგების ვიზიტი თბილისის სამედიცინო აკადემიაში.
თსა აქტიურად თანამშრომლობს ანტვერპენის უნივერსიტეტთან Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს თსა-ს მდგრად ინსტიტუციურ განვითარებაში.