ინტერვიუ CIMED-ის ხელმძღვანელებთან - პროფ. იოუკ დენეკენსთან და პროფ. ჰერმან ვან როსემთან 2022-08-10

ინტერვიუ CIMED-ის ხელმძღვანელებთან - პროფ. იოუკ დენეკენსთან  და პროფ. ჰერმან ვან როსემთან



ჰერმან ვან როსემი - MD, Ph.D., ემერიტუსი პროფესორი სამედიცინო განათლების მიმართულებით (ამსტერდამის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები), თსა-ს სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის (CIMED) ხელმძღვანელი.

იოუკ დენეკენსი - MD, Ph.D. პროფესორი სამედიცინო განათლებისა და ზოგადი პრაქტიკა/საოჯახო მედიცინის მიმართულებით, ანტვერპენის უნივერსიტეტის ყოფილი ვიცე-რექტორი (ბელგია), თსა-ს სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის (CIMED) ხელმძღვანელი.


2021 წლიდან თსა-ში ჩამოყალიბდა სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრი (CIMED). CIMED-ს ხელმძღვანელობენ ანტვერპენის უნივერსიტეტის (ბელგია) პროფესორები სამედიცინო განათლების მიმართულებით, იოუკ დენეკენსი და ჰერმან ვან როსემი, რომლებიც მიმდინარე წლის ივნისში თსა-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ცენტრის მიზანია თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამების განახლების პროცესში სწავლა-სწავლების ინოვაციური სტრატეგიების დანერგვა; სტუდენტთა დამოუკიდებელ მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების იმპლემენტაცია და საბაზისო და კლინიკურ სასწავლო კურსებს შორის ინტეგრაციის უზრუნველყოფა.

1.როგორ შეაფასებდით თქვენს ვიზიტს თსა-ში?

იოუკი: ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ძალიან ამაღელვებელი იყო. თსა-ს თანამშრომლები ბევრს მუშაობენ და მათთან ერთად მუშაობა ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნოა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საბაზისო და კლინიკური საფეხურის ლექტორების გაერთიანება. ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ სიახლეების დანერგვას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, შესაბამისად, ლექტორებიც უნდა იყვნენ მზად, რომ ასწავლონ სტუდენტებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მახსოვს, ის იყო, რომ ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა პედაგოგებთან, სტუდენტებთან და ადმინისტრაციულ პერსონალთან. თსა-ს გუნდი მუშაობს ახალ კურიკულუმზე, კონსტრუქციული დიალოგის, ავთენტური პრობლემებისა და გამოცდილების გაზიარების გზით. ეს არის საუკეთესო გუნდი, რომელთანაც ჩვენ ამ მომენტში ვმუშაობთ, სწორედ ასეთია თსა დღეს.

ჰერმანი: ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი თსა-ში. როდესაც შენობაში შევედით, გაკვირვებული დავრჩი. გარშემო სტუდენტები იდგნენ, გვიყურებდნენ და ფიქრობდნენ, "ნეტავ რის გაკეთებას აპირებენ ეს ადამიანები აქ?" მინდა პირველი დღე გავიხსენო. მაშინ გვითხრეს, რომ ლექტორები გუნდურად უნდა გვემუშავებინა, სწორედ ეს იყო ყველაზე დასამახსოვრებელი მოგონება. ჩავატარეთ ვორქშოპები კლინიკური და საბაზისო საფეხურის ლექტორებისათვის, ასევე, კლინიკური მსჯელობის სემინარები სტუდენტებისთვის. ეს იყო ინოვაციური და სასიამოვნო პროცესი, რაც თსა-ს ჯგუფის ენთუზიაზმის დამსახურებაა .

2.რა გამოარჩევს თსა-ს სხვა უნივერსიტეტებისგან და რამ განაპირობა თქვენი ხანგრძლივი თანამშრომლობა?

იოუკი: პირველად თსა-ში 2008 წელს ჩამოვედი, ავტორიზაციის კომისიის ხელმძღვანელის ამპლუაში. მახსოვს ჩემი შემოსვლა თსა-ში, განსაკუთრებული შეგრძნება იყო. შენობის ყველა კუთხეში სტუდენტები დამხვდნენ, რომლებიც საუბრობდნენ, იცინოდნენ, სხვადასხვა საკითხს განიხილავდნენ. როდესაც შენობაში რექტორი შემოვიდა, სტუდენტები იმდენად მეგობრულად და უშუალოდ იყვნენ მასთან, რომ ამან ცოტათი გამაკვირვა - ასეთი ურთიერთობა იმ დღემდე არ მინახავს. ვფიქრობ, თსა-ს ძალიან განსხვავებული მართვის და ლიდერობის სტილი ახასიათებს. სხვა უნივერსიტეტებში, და ზოგადად, სხვა ქვეყნებში რექტორები სტუდენტებთან ასე ახლოს და მეგობრულად არ არიან. თქვენი რექტორი ბუნებით ლიდერია, ის არ იქცევა როგორც ხელმძღვანელი, ყველა თანამშრომელში და სტუდენტში აღვიძებს ენთუზიაზმს. ზრუნავს სტუდენტებზე, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალზე. რექტორმა იცის რა სურს აკადემიასთან მიმართებით, რადგან ძალიან შორსმხედველია. სხვა უნივერსიტეტებში ლექტორები მეტად არიან მორგებული ინდივიდუალურ ინტერესებს, თსა-ში კი გუნდური მუშაობის პრინციპი იგრძნობა, რომელიც შედეგად ნამდვილ სასწავლო ორგანიზაციას აყალიბებს.

ჰერმანი: თსა-ს შენობის ყველა კუთხეში განსაკუთრებული ატმოსფეროა, ყველგან სტუდენტები არიან და სწავლა-სწავლების სულისკვეთება იგრძნობა.

3. შეგიძლიათ მოკლედ გაგვიზიაროთ CIMED-ის მიზნები? როგორ შეაფასებდით CIMED-ის მიერ განხორციელებული ინოვაციების პროგრესს?

იოუკი: ვფიქრობ, CIMED-ის მიზნები გამოწვევებითაა სავსე. ჩვენი მიზანია ჩამოვაყალიბოთ საუკეთესო ექიმები და სწორედ ეს არის მთავარი. ექიმები გამორჩეულები უნდა იყვნენ კლინიკურ მსჯელობაში, განსაკუთრებით, ბიო-ფსიქო-სოციალურ ჭრილში, რადგან კარგმა ექიმმა უნდა შეძლოს სწორი კლინიკური გადაწყვეტილების მიღება და იმგვარი კომუნიკაცია, რომ პაციენტისთვის გასაგები იყოს. ჩვენ მიზანია ჩამოვაყალიბოთ ექიმები, რომელთა კომპეტენციაც თანაგრძნობით იქნება გაჯერებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

პაციენტებს სურთ ისეთ ექიმებთან ურთიერთობა, რომლებსაც შეუძლიათ სწორი და კარგი კლინიკური გადაწყვეტილების მიღება და ზრუნვა საკუთარ პაციენტებზე, ბიო-ფსიქო-სოციალურ კონტექსტში. მსოფლიოს არცერთ სასწავლო პროგრამაში, მათ შორის არც ჯანდაცვის სისტემაში, ჩვენ ჯერ არ ვმუშაობთ ბიო-ფსიქო-სოციალურ მიმართულებაზე. ჩვენ ვმუშაობთ ბიოლოგიური და ცოტა ფსიქოლოგიური მიმართულებით, თუმცა არა ბიო-ფსიქო-სოციალურ დონეზე. ასე რომ, ეს არის დიდი გამოწვევა CIMED-თვის. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ CanMeds-ის კომპეტენციებს, რეფლექტორის როლს, განსაკუთრებით პორტფოლიოს პროექტში, სადაც ვეხმარებით სტუდენტებს თვით-ანალიზის უნარის განვითარებაში, რათა ჩამოაყალიბონ საკუთარი პიროვნება პროფესიულ ჭრილში და გახდნენ კარგი ექიმები.

ჩვენ ვმუშაობთ პაციენტზე უფრო მეტად ორიენტირებულ სასწავლო პროგრამაზე. ლექციების მიმდინარეობის პროცესში გვყავს რეალური პაციენტები. ასევე, სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოში ვგულისხმობთ იმას, რომ უფრო მეტად გავააქტიუროთ სტუდენტები, რათა მათ ინტელექტუალური ფუნქციონირების უფრო მაღალ დონეზე ისწავლონ და გაიაზრონ პროგრამა და არ დაიზეპირონ საგნები. ჩვენი სურვილია, უფრო მეტად მოხდეს საბაზისო და კლინიკური საფეხურების ინტეგრაცია.

უკვე დავიწყეთ ბიო-ფსიქო-სოციალური, კლინიკური მსჯელობის, ინტეგრაციისა და პორტფოლიოს პროექტები. ასევე, პირველკურსელთათვის, პირველივე სემესტრში ვაპირებთ ახალი პროექტის - „ისწავლე როგორ ისწავლო“ დაწყებას. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან პირველკურსელებს საშუალებას მისცემს ისწავლონ უზარმაზარი მასალის დამუშავება. სწორედ სტუდენტებზე ზრუნვა იქნება ერთ-ერთი განსაკუთრებული სიახლე თსა-ში, რათა მათ ისწავლონ ინტელექტუალური ფუნქციონირება უფრო მაღალ დონეზე და ასევე იფიქრონ იმაზე, თუ როგორი იყო სწავლის პროცესი.

ჰერმანი: იოუკი იყო თსა-ს მთავარი მრჩეველი. სწორედ ამ პერიოდში, რექტორმა შემომთავაზა მეც გავმხდარიყავი თსა-ს გუნდის წევრი და დამეკავებინა გარე მრჩევლის პოზიცია. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან თსა-ში იარსებებდა ერთეული, რომელსაც შეეძლებოდა უფრო მარტივი, პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი პროექტების მართვა. ჩვენ პატარ-პატარა პროექტებით დავიწყეთ, ისეთით, როგორიცაა

პაციენტთა ინტერაქტიური ქეისები, რომლებიც შეესაბამებოდა კლინიკური მსჯელობის სავარჯიშოებს. ამ ეტაპზე შემუშავებული გვაქვს პროტოტიპი, რომელშიც პაციენტის მდგომარეობის ანალიზი მიმდინარეობს ნაბიჯ-ნაბიჯ. ეტაპები მოიცავს როგორც პაციენტის ისტორიის მოძიებას, ისე ფიზიკურ გამოკვლევას, დიფერენციალურ დიაგნოზს, პროგნოზს, მკურნალობას და რეფლექსიას შემთხვევაზე. ჩვენ ვთანამშრომლობთ კლინიკური მიმართულების ლექტორებთან, რომლებიც გვიზიარებენ რეალური პაციენტების ისტორიებს.

საბაზო მიმართულების ლექტორები აყალიბებენ კითხვებს კონკრეტული შემთხვევებისთვის, რათა სტუდენტებმა სიღრმისეულად შეისწავლონ იმ დაავადებების პათოფიზიოლოგია, რომლებიც განიხილება დიფერენციალურ დიაგნოზში და წარმოადგენს პროგნოზირებისა და ჩარევის საფუძველს.

ახლა ჩვენ ვიკვლევთ პაციენტთა რამდენიმე ასეულზე მეტი შემთხვევის ბიბლიოთეკის გამოყენების შესაძლებლობებს, რომლებიც ინახება ციფრულ ანატომიურ მაგიდაში. რამდენიმე ქეისზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ლექტორებს ამ ქეისების გამოყენების შესაძლებლობა თავიდანვე ექნებათ, მაგალითად, მე-5 სემესტრში. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს თსა-თვის ისეთი ბიბლიოთეკის ჩამოყალიბება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება რეალური პაციენტების შემთხვევებით. ამ ბიბლიოთეკას შემდგომში ლექტორები გამოიყენებენ სწავლების პროცესში.

4. თანამედროვე მედიცინაში რამდენად მნიშვნელოვანია ინოვაციური მიდგომები სწავლა-სწავლების პროცესში?

იოუკი: ჩვენ ინოვაციებზე იმის გამო ვმუშაობთ, რომ იცვლება საზოგადოება, ცნებები და მეცნიერება. ვქმნით ისეთ სასწავლო ფორმატს, რომელიც მორგებულია საზოგადოების საჭიროებებზე, ჯანდაცვასა და ახალ ტექნოლოგიებზე. ერთ მაგალითს გეტყვით. კლინიკებში ექიმთა უმეტესობა მუშაობს გუნდში და, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო მეტი გუნდი ხდება ინტერპროფესიული. ჩვენ კი, ჯერჯერობით, არასაკმარისად ვასწავლით ინტერპროფესიულ ქცევას. მედიკოსებისთვის განკუთვნილი კურიკულუმი მეტად უნდა მოიცავდეს საზოგადოებრივ ჯანდაცვას - ინდივიდებსა და საზოგადოებაზე ზრუნვას.

ჰერმანი: სამედიცინო განათლების კუთხით მინდა ერთი მოსაზრება დავამატო. თუ შევხედავთ ისტორიას და გამოცდილებას, ბოლო 30-40 წელიწადში სწავლა-სწავლების პროცესმა დრამატული ცვლილებები განიცადა. თსა-ს აქვს ისეთი პროგრამა, სადაც სწავლება მეტად დომინანტურია. შესაბამისად, სტუდენტებს უწევთ მოსმენა, კითხვა, მეცადინეობა იმისათვის, რომ საბოლოო შედეგი აჩვენონ გამოცდებზე.

ვფიქრობ, ინოვაციის საუკეთესო ნაწილი არის ის, რომ სტუდენტები პირველ ეტაპზე სწავლობენ ლექტორების მიერ მიცემული დავალებით. დავალებების მომზადების შემდეგ კი პასუხებს სიტყვიერი ფორმა უნდა მისცენ. ლექტორები ბევრად უფრო ეფექტურები იქნებიან, თუ მეტად მოუსმენენ სტუდენტებს, შეუსწორებენ და დაეხმარებიან სხვადასხვა საკითხების გაანალიზებაში. ეს არის ძირითადი ცვლილება ახალ მიდგომაში. ჩვენ გადავდივართ პედაგოგზე ორიენტირებული სწავლებიდან, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებაზე..

5. ამ გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით მდგომარეობას ევროპულ ქვეყნებში? სად მოიძებნება ინოვაციების საუკეთესო პრეცედენტები და თქვენი აზრით ამ მხრივ თსა განვითარების რა ეტაპზეა?

იოუკი: დასავლურ უნივერსიტეტებთან შედარებით, ვფიქრობ თსა ინოვაციების შუა გზაზეა. თქვენ უკვე ძალიან კარგად მუშაობთ საერთაშორისო დონეზე! ჩვენ გვჭირდება მეტი სესიები, სადაც სტუდენტები აქტიურად იმუშავებენ ინფორმაციის ცოდნად გარდაქმნაზე. სტუდენტებმა უნდა ისწავლონ მათი გონებრივი შესაძლებლობების სწორად გამოყენება იმისათვის, რომ გამჭრიახი და კრიტიკული აზროვნების ექიმები გახდნენ.

მთელ მსოფლიოში, ასეთი ტიპის სწავლება ჯერ კიდევ არ არის სრულად შეტანილი სასწავლო პროგრამებში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ, მაგრამ ამის გაკეთება რთულია. სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომით მუშაობა ძალიან რთულია მრავალრიცხოვან ჯგუფებში. ვფიქრობ, თსა ამ მხრივ პრივილეგირებულია, რადგან სტუდენტთა ჯგუფები დიდი არ არის. ასეთ რაოდენობაში ჩვენ გარანტირებულად შეგვიძლია სტუდენტებს პერსონალიზებული მეთოდებით ვასწავლოთ, იმაზე უკეთესად, ვიდრე იმ უნივერსიტეტებში, სადაც ასეულობით სტუდენტია.

ჰერმანი: ვფიქრობ თსა-ს სჭირდება ახალი სასწავლო პროგრამა, რომელშიც დაბალანსებული იქნება სწავლა-სწავლების პროცესი. მოდით გარდავქმნათ პედაგოგი მწვრთნელად, რომელიც არ საუბრობს სტუდენტების ნაცვლად, არამედ რჩევებს და რეკომენდაციებს იძლევა იმ საკითხების გარშემო, რომლებიც სტუდენტებისთვის რთულად აღსაქმელია. ჩვენი ექსპერიმენტები სწორედ ამ მიმართულებით დაგვეხმარება. რა საკვირველია ამ გარდაქმნებს რამდენიმე წელი დასჭირდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შევამჩნიე, არის ის, რომ თსა-ს გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალით, არის ძალიან ცნობისმოყვარე და აქტიური საერთაშორისო ჭრილში. ისინი თვალყურს ადევნებენ უახლეს მოვლენებს და თსა-ში შემოაქვთ ინოვაციური იდეები. ასევე, საერთაშორისო პლატფორმებზე აზიარებენ პირად გამოცდილებას ინოვაციების შესახებ, უკუკავშირის მისაღებად.

6. რამდენად მნიშვნელოვანია აკადემიური და ადმინისტრაციულო პერსონალის შესაძლებლობების განვითარება თსა-ს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად? რამდენად ახერხებს ამას თსა?

იოუკი: მე ვფიქრობ, რომ გუნდური მუშაობა თსა-ს ძლიერი მხარეა, მით უმეტეს, თუ შევადარებთ სხვა უნივერსიტეტებს, სადაც კოლექტივი ინტეგრირებული კურსების შესაქმნელად ერთად ნაკლებად მუშაობს . ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი ჯერჯერობით არის ადმინისტრაციული პერსონალის შესაძლებლობების ჩამოყალიბება. უნდა არსებობდეს ლექტორებისა და ადმინისტრაციული პერსონალის კარგი გუნდი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მიმდინარე პროექტებზე და სტუდენტების მხარდაჭერაზე.

პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის ეს იქნება , რთული, მაგრამ არა ყველასთვის. პირველი სემესტრის შემდეგ მათ ეცოდინებათ თუ როგორ ისწავლონ და როგორ როგორ მიჰყვნენ პროგრამას, შესაბამისად, ექნებათ უკეთესი შეფასება. ჩვენ ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას ორ ან სამ კაციან ჯგუფებთან, რათა სტუდენტებმა შეძლონ ერთმანეთის დახმარება და მოხდეს ინტეგრაცია ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს შორის. ასეთი მიდგომით საერთაშორისო სტუდენტები უკეთ ისწავლიან ქართულ ენას. COVID- ის დროს სტუდენტები თავს ძალიან ეულად გრძნობდნენ. ჩვენ გვჭირდება სტუდენტების მცირე ჯგუფები იმისათვის, რომ ისწავლონ და გაიუმჯობესონ შესაძლებლობები.

ჰერმანი: მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს: თქვენ გაქვთ ინტელექტუალური მარაგი, რომელსაც არ იყენებთ თქვენი სასწავლო პროგრამის განვითარებისთვის და ჩვენ გვინდა მისი გამოყენების სტიმულირება. სტუდენტები უნდა იყვნენ პარტნიორები სწავლისა და სწავლების ახალი მეთოდების შემუშავებაში, რათა მათ დაუბრუნონ ლექტორებს ის, რაც ისწავლეს კლინიკური სწავლების ეტაპზე და გახდნენ პროგრამის ინტეგრაციული ასპექტების განვითარების თანამონაწილენი.

7. როგორია თქვენი, როგორც CIMED-ის ხელმძღვანელების სამომავლო გეგმები და ხედვა თსა-თან მიმართებით?

იოუკი: ჩემი აზრით, ერთ-ერთი დიდი გამოწვევა პირველადი ჯანდაცვაა. ვიმედოვნებ, ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკა რამდენიმე წელიწადში უკვე მზად იქნება. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ შესაძლებლობები თსა-ს გარეთ, პირველ რიგში თბილისისთვის და, ასევე, თბილისის გარშემო არსებული ქალაქებისთვის. თუმცა, ეს გრძელვადიანი პროექტია და ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ ზოგადი პრაქტიკის და ვიწრო სპეციალობის პროფესიონალი ექიმები, რათა მათ შექმნან ძლიერი პირველადი ჯანდაცვის რგოლი. საქართველოს ჭირდება უწყვეტი განათლების კარგი სისტემა, რათა მივიღოთ კარგი ექიმები, რომლებიც თავის ფუნქციას ასრულებენ, არა მხოლოდ სწავლის დამთავრებისას, არამედ მთელი კარიერის განმავლობაში. ექიმებს მინიმუმ 40 წელი უწევთ მუშაობა, ამიტომ უწყვეტად უნდა ისწავლონ. ეს არის სწორედ ის სისტემა, რომლის დანერგვაც ნამდვილად მინდა თსა-ში. კიდევ გვაქვს ერთი გეგმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის დაწყება, რაზეც ვფიქრობ, უფრო მეტი მუშაობაა საჭირო და ბოლოს, რა თქმა უნდა, სადოქტორო პროგრამის დანერგვა. ასე რომ, გასაკეთებელი ბევრია.

ჰერმანი: მინდა ჩემს ოცნებაზეც ვისაუბრო იდეალურ სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით, რომლის მამოძრავებელი ძალა არის განახლება.

ამჟამად კლინიკური პაციენტების შემთხვევებისა და კლინიკური მსჯელობის მიმართულებით ვმუშაობთ პატარა ჯგუფი. ჩვენ ვნერგავთ პროტოტიპს და როგორც კი ეს პროტოტიპი იქნება მზად, დავიწყებთ ახალი შემთხვევების შემუშავებას. დასაწყისში კლინიკური პედაგოგები თავად მოამზადებენ კლინიკური შემთხვევების სცენარებს. საბოლოოდ კი, თსა-ს სტუდენტები, რომლებიც კლინიკური სწავლების ბოლო კურსებზე იმყოფებიან, თვითონ შეადგენენ ამ შემთხვევებს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, იმ პაციენტების მიხედვით, რომლებიც მათ ნახეს. ეს იქნება მტკიცებულება იმისა, რომ მათ სრულად აითვისეს პაციენტის შემთხვევის ანალიზი ბიო-ფსიქო-სოციალური მოდელის მიხედვით. პედაგოგებმა ზედამხედველობა უნდა გაუწიონ სტუდენტებს და შეაფასონ ეს წერითი პროცესი, როგორც “კლინიკური გაკვეთილები”. დაბალი კურსის სტუდენტები ამ შემთხვევებს გამოიყენებენ სწავლის პროცესში. ამის შემდეგ, განახლებული კლინიკური შემთხვევების მომზადების ციკლი დაიხურება.

ჯერჯერობით ეს ოცნებაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში ეს რეალობად იქცევა.