ბელგიელი კოლეგების ვიზიტი თსა-ში
2022-10-07
ბელგიელი კოლეგების ვიზიტი თსა-ში
თბილისის სამედიცინო აკადემიამ, Erasmus-ის თანამშრომელთა მობილობის პროგრამის ფარგლებში, ბელგიელ კოლეგებს უმასპინძლა. თსა-ს სტუმრობდა ზოგადი პრაქტიკის/საოჯახო მედიცინის მასწავლებელთა ევროპული აკადემიის პრეზიდენტი, ოჯახის ექიმთა ტრენერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ანტვერპენის უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ხელმძღვანელი ნელე მიჩელსი, ასევე, კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ხაზის კოორდინატორები (ანტვერპენის უნივერსიტეტი) კრისტინ ვან დენ ბოგერდი და კატრინ ბომბეკე.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კლინიკური და საბაზისო საგნების პედაგოგებმა გაიარეს ტრენინგი შემდეგ თემებზე: როგორ ვასწავლოთ და შევაფასოთ კომუნიკაციური უნარ-ჩვევები, როგორ ვასწავლოთ პაციენტის კონსულტაციის უნარ-ჩვევები და როგორ მოვამზადოთ სიმულაციური პაციენტი.

„მსგავსი ტრენინგები ხელს შეუწყობს სწავლების დროს სტუდენტებში ისეთი კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, როგორიც არის პაციენტისთვის ცუდი ამბის მიწოდება, სამოტივაციო ინტერვიუ, ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პაციენტებთან კომუნიკაცია. სამუშაო შეხვედრებზე დეტალურად განიხილეს კონკრეტული საკომუნიკაციო ტექნიკები. მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე დაეთმო ზემოთაღნიშნული უნარების შეფასების მეთოდებს. ამასთან, ცალკე უნდა აღინიშნოს სიმულაციური პაციენტების შერჩევის, მომზადების, სწავლების მეთოდებისა და მოსალოდნელი შედეგების შეფასების ნაწილი, სიმულაციური პაციენტების ტრენინგის სხვადასხვა დიდაქტიკური ასპექტის ამოცნობა და მათთან მუშაობა“ - ხათუნა ხატიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის კოორდინატორი, თსა-ს აფილირებული, ასოცირებული პროფესორი ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით.

გარდა ამისა, თსა აკადემიურმა და მოწვეულმა პედაგოგებმა ბელგიელ კოლეგებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება კომუნიკაციური უნარ-ჩვევების სწავლება/შეფასების მიმართულებით  და  სიმულაციური პაციენტების საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის მაგალითები. ქართველმა და ბელგიელმა კოლეგებმა განიხილეს თსა-ში 2022 წლის ზაფხულში ჩატარებული ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE) შედეგები და სტატისტიკური მახასიათებლები.

სტუმრებს ასევე ჰქონდათ სამუშაო შეხვედრები აკადემიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან Erasmus-ის ფარგლებში შემდგომი კოლაბორაციის გაგრძელების და ოჯახის ექიმთა ურთიერთთანამშრომლობის (GP network) გაძლიერების მიზნით.