თსა AMSE-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე
2022-10-13
თსა AMSE-ს ყოველწლიურ კონფერენციაზე

საქართველომ ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა.  კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამედიცინო განათლების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუციების წარმომადგენლები:  სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაცია (WFME), ევროპის საუნივერსიტეტო ასოციაცია - სადოქტორო განათლების საბჭო (EUA-CDE), ბიომედიცინის სადოქტორო განათლების ორგანიზაცია და ჯანდაცვითი მეცნიერებები ევროპულ სისტემაში (ORPHEUS) და მედიცინის სტუდენტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (IFMSA). მონაწილეებს შორის კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სამედიცინო აკადემია. თსა-ს წარმომადგენლებმა სამი თემა წარადგინეს:

  • ხელოვნება, როგორც სამედიცინო განათლების სწავლების ეფექტური მიდგომა - მაია ზარნაძე, ასოცირებული პროფესორი, თსა-ს უწყვეტი პროფესიული განათლების მენეჯერი;
  • საბაზისო სწავლების ეტაპზე ინტეგრირებულ მოდულებში PSI კურიკულუმის იმპლემენტაცია - ცისანა ლომაშვილი, ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი;
  • კვლევის ხაზის სასწავლო კურსის დასაწყისში კლინიკური მსჯელობის აქტივობების გამოყენება დამათავრებელი კურსის სტუდენტების კვლევისადმი ინტერესის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს - ეკატერინე კლდიაშვილი, პროფესორი, ვიცე რექტორი კვლევის მიმართულებით.

მომხსენებლებს შორის იყვნენ სამედიცინო განათლების დარგში საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტები და ლიდერები: დევიდ გორდონი - სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, მანჩესტერის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი (დიდი ბრიტანეთი); ჰარმ პიტერსი - ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის პრეზიდენტი, შარიტეს უნივერსიტეტის პროფესორი, (გერმანია); ალექსანდრე ჰასგალი - ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) სადოქტორო განათლების საბჭოს ხელმძღვანელი;   რობინ სტივენსონი - European CME Journal-ის მთავარი რედაქტორი, მედიცინის ემერიტუს პროფესორი, გლაზგოს უნივერსიტეტი, (დიდი ბრიტანეთი); იანუშ იანჟუკოვიჩი ლოძის უნივერსიტეტის პროფესორი (პოლონეთი),  ნებოჟა ლალიჩი - ბელგრადის უნივერსიტეტის პროფესორი (სერბეთი) და კრის სკოტერი - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ადამიანური რესურსების ექსპერტი.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ მომხსენებლები უკრაინიდან, უნგრეთიდან, ლიეტუვიდან და ათზე მეტი ინსტიტუციის წარმომადგენელი საქართველოდან.

კონფერენციას მასპინძლობდა დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი.