დისკუსია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე
2022-10-18
დისკუსია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე
თსა-ში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დისკუსია გრძელდება. თსა-ს ფსიქოლოგი ანი რაინაული სტუდენტებს ინტერაქციული შეხვედრის ფორმატში დეპრესიისა და სტრესის მართვის აუცილებლობაზე ესაუბრა. ასევე, მიაწოდა ინფორმაცია  იმ საკონსულტაციო სერვისის შესახებ, რომელსაც თსა სტუდენტებს სთავაზობს. 

სტუდენტთა საკონსულტაციო სერვისი გულისხმობს ფსიქო-კონსულტაციას, რომლითაც სარგებლობა თსა-ს ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. კონსულტაციის ფარგლებში ფსიქოლოგი ესაუბრება სტუდენტს ინდივიდუალურად და რეაგირებს სიტუაციის შესაბამისად. 

შეხვედრაზე თემატური პრეზენტაცია წარადგინა თსა-ს ორმა სტუდენტმა. ლიზი მოყვანიძე აუდიტორიას ესაუბრა თემაზე - “მენტალური აშლილობები მხატვრობაში” და ვრცლად მიმოიხილა თუ როგორ გამოიხატებოდა დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა და შფოთვითი აშლილობა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებში. მედეა კუსიანმა კი განიხილა ნერვული და ფსიქიკური აშლილობები ხელოვნებაში. როგორც მხატვრობაში, ასევე არქიტექტურაში, ლიტერატურაში და კინემატოგრაფიაში.

“მენტალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. მსგავსი ღონისძიებები ცნობიერების ამაღლებასთან ერთად საშუალებას გვაძლევს უფრო გავერკვეთ საკუთარ თავში და გარშემომყოფ ადამიანებში. კარგია, რომ იმსხვრევა სტერეოტიპები და მსგავსი შეხვედრები ამას ნამდვილად უწყობს ხელს, რადგან მენტალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური” - ანა გოგოლაძე, თსა-ს მეორე კურსის სტუდენტი.