ჩვენ მოვიგეთ ეს ბრძოლა - კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“
2022-10-28
ჩვენ მოვიგეთ ეს ბრძოლა - კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“

ჩვენ მოვიგეთ ეს ბრძოლა - კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“

„ყველაზე დიდი ფაქტორი, რატომაც განვიკურნე, იყო ექიმის მიდგომა, სწორი დიაგნოზი, სწორი მკურნალობა. გარდა პროფესიონალიზმისა, ექიმი უნდა იყოს თბილი“ - თეონა.

„პაციენტის ფსიქოლოგიური მომზადებაა აუცილებელი. კიბო კი არა, სიტყვა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კლავს. პირველ რიგში, ექიმი უნდა იყოს ადამიანი. მისი სწორი მიდგომაა მთავარი და აუცილებელი“ - ხათუნა.

ხათუნა და თეონა, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ხაზს უსვამენ ექიმის სიტყვის, მისი დამოკიდებულების და პაციენტთან სწორი მიდგომის აუცილებლობას.

შეკითხვაზე თუ ვინ არიან ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები კიბოს დაძლევის მხარდაჭერის კუთხით, ქალებმა „ევროპა დონა საქართველოს“ ორგანიზაციაში გაერთიანებული ქალები დაასახელეს, მათ, ვინც იგივე გზა უკვე გაიარეს.

„ოპერაციის შემდეგ მოვხვდი „ევროპა დონა საქართველოს“ ოფისში. აქ დამხვდა პოზიტიური გარემო. მიუხედავად იმისა, რომ მე თავად სამედიცინო სფეროს წარმოვადგენ, სტომატოლოგი ვარ, ჩემთვის აქ მოხვედრა უდიდესი ფაქტორი იყო. აქ გოგოები მიზიარებდნენ იმდენ ინფორმაციას, რომელსაც ექიმი ფიზიკურად ვერ გაჩვენებს. აქ მე ვნახე “ხელშესახები” ადამიანები. გადარჩენილ პაციენტებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. ახლა უკვე ჩვენ ვართ მაგალითები სხვებისთვის. მე ვარ პაციენტი, რომელმაც 8 წლის წინ დაამარცხა კიბო“ - თამარი.

„როდესაც დიაგნოზს იგებ მოწყვლადობა ძალიან მაღალია, არ იცი რა გინდა, სად უნდა წახვიდე, ვის მიმართო დასახმარებლად. თითქოს დაკარგული ხარ დროსა და სივრცეში. თუმცა, აღმოვჩნდი ისეთ ექიმთან, რომელიც სულ სხვანაირ ემოციურ ძალას მაძლევდა. მოჰყვებოდა ჩემს შეგრძნებებს ფეხდაფეხ. იცვამდა ვარდისფერ სამოსს, იმიტომ რომ მე ეს ფერი მიყვარდა. მიცხადებდა სრულ მხარდაჭერას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ექიმსა და პაციენტს შორის იყოს კავშირი, ძაფი. არ უნდა იყოს მათ შორის დაბრკოლება. ექიმის პოზიტივი გაძლევს სტიმულს. „თუ სანერვიულოა ერთად ვინერვიულოთ” - მითხრა ექიმმა და ჩვენ ერთად ყველაფერი გავაკეთეთ, ჩვენ მოვიგეთ ეს ომი“ - მეგი.

საუბრისას ქალებმა აღნიშნეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის განწყობას და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. მთავარი არის ის, თავად როგორ მიუდგება საკუთარ დიაგნოზს.

“რატომ მოვიდა ჩემთან კიბო? მიჩნდებოდა კითხვა და განცდა. დედა იყო ონკო-პაციენტი და მისი გარდაცვალების შემდეგ დამეწყო პანიკური შიში, რომ არ დამმართოდა კიბო, თუმცა, დამემართა, ჩემთანაც მოვიდა და დიაგნოზის გაგების შემდეგ ამოვისუნთქე, თითქოს ამას ველოდებოდი კიდეც. რა უცნაურია არა? მაგრამ დიაგნოზის გაგებამ დამამშვიდა და დავიწყე ბრძოლა. კიბოს დიაგნოზი იყო შვება, ამ დიაგნოზმა გამომაფხიზლა და უფრო გამაძლიერა. დიახ, მე მინდა სიცოცხლე“ - თიკო.

“დედისერთა ვარ, მამა სიმსივნით გარდამეცვალა. მუდმივად ვიკეთებდი სკრინინგს და ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ მაქვს კიბო. ერთი დღე გამოვიტირე საკუთარი თავი და მეორე დღიდან გადავწყვიტე რომ მორჩა უნდა ვიბრძოლო. პირველ რიგში დედაჩემზე ვფიქრობდი. კითხვა დავუსვი საკუთარ თავს მინდოდა თუ არა სიცოცხლე, რა თქმა უნდა მინდა, უნდა გავიმარჯვო!

მე თავად სამხედრო პირი ვარ და ვთვლი, რომ გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული. ამიტომაც მზად ვარ მოვიგო ეს ომი. თუმცა, ეს ომი, ნამდვილი ომისგან იმით განსხვავდება, რომ აქ ხარ მარტო. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ადამიანი გყავს გარშემო, ამ ბრძოლაში მაინც მარტო ხარ. ომში კი არ ხარ მარტო, მეწყვილე გყავს, ზურგი გყავს, გუნდია დიდი, იქ შენ სიცოცხლეს ანდობ სხვას, პარალელის გავლება შეიძლება, მაგრამ ამ ომში მაინც მარტო ხარ. სულ მარტო ხარ შენს ემოციებთან და ფიქრებთან“ - ამბობს ზოია, რომელიც ახლა გადის მკურნალობის ეტაპს და დარწმუნებულია, რომ ამ ომსაც მოიგებს. ის კარიერის მენეჯერი და გენდერის მკვლევარია. ცხოვრობს საკუთარ დიაგნოზთან ერთად, აგრძელებს მუშაობს ჩვეულ რეჟიმში. ამბობს, რომ ეს მისთვის აუცილებელია, ეს მას ეხმარება. ზოია ის გოგოა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდა. თავის მხრივ, გოგოებიც ამხნევებენ და ეუბნებიან, რომ როგორც ომში, აქაც მის ზურგში დგანან და ამხნევებენ.

ეს იმ ქალების გასაოცარი ისტორიებია, რომლებმაც ძუძუს კიბო დაამარცხეს და დღეს ჩვენს სტუდენტებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება. „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში თსა-ს სტუდენტები „ევროპა დონა საქართველოს” სივრცეში ონკო-პაციენტებს შეხვდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა რეალური პაციენტების რეალური ისტორიების მოსმენას, ექიმის როლის და მნიშვნელობის კიდევ უფრო ღრმად გააზრებას და იმ კავშირის აუცილებლობის დანახვას, რომელიც ექიმსა და პაციენტს შორის ასეთი მნიშვნელოვანია.

„ამ ადამიანებისგან ძალიან დადებითი ემოციები წამოვიდა. რთული გზა გაიარეს საკმაოდ და გავიაზრე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ექიმს და პაციენტს შორის ურთიერთობა იმიტომ რომ ექიმი არის ის ადამიანი, რომელიც გაძლევს საშუალებას არამარტო მკურნალობის სწორი გზა გაიარო, არამედ ემოციურად და მენტალურად მოგცეს იმის ძალა, რომ იბრძოლო. ბავშვობიდან მინდოდა ექიმობა და ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ნამდვილად სწორი პროფესია ავირჩიე” - მარიამ მეფარიშვილი, თსა-ს სტუდენტი.

ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში თსა-მ ხატვის კონკურსი გამოაცხადა, რომლის მიზანია მონაწილეებმა შექმნან ნახატები, რომლებიც შეეხება ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ნახატები გაიყიდება და შემოსული თანხა გადაირიცხება ევროპა დონა საქართველოს ფონდში.