თბილისის სამედიცინო აკადემია

ფოტოპროექტი - „სოფლის ექიმის 6 დღე“
2022-12-09
ფოტოპროექტი - „სოფლის ექიმის 6 დღე“

„ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო. უფრო კარგად დავინახე ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა, ისიც დავინახე თუ როგორ სჭირდებათ ექიმები სხვადასხვა ადგილას. ექიმი ადგილობრივი მოსახლეობისთვის არ იყო მხოლოდ მკურნალი, არამედ უფრო მეტი, ოჯახის წევრი, საყრდენი. ვფიქრობ ახლა უფრო კარგად ვხვდები სად ვარ საჭირო“ - მარიამ ჯორბენაძე, პროექტის მონაწილე სტუდენტი.

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის 30 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენა „სოფლის ექიმის 6 დღე“ გაიმართა.

გვაძლევს თუ არა მედიცინისა და ხელოვნების თანხვედრა კომპლექსური საკითხების გაგების საშუალებას, როგორიცაა სამედიცინო პროფესიონალიზმი? თსა-მამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ახალი, სრულიად განსხვავებული, ტრანს-დისციპლინური ხასიათისსტუდენტური ფოტოპროექტი განახორციელა.

პროექტის ფარგლებში ზემო აჭარაში ორგანიზებული ექსპედიციის მონაწილე თსა-ს ექვსი სტუდენტი ერთი კვირის განმავლობაში სხალთაში, ღორჯომში და დაბა ხულოში სოფლის ექიმების ყოველდღიურობასა და სამუშაო პროცესს აკვირდებოდა და ფოტოკამერით აღბეჭდავდა.

„ძალიან დადებითი მუხტი შემოიტანეს, ჩემმა მომავალმა კოლეგებმა. გაეცნენ სოფლის ექიმის მუშაობას მაღალმთიან რეგიონში, ისწავლეს ურთიერთობა პაციენტთან და დაინახეს დიდი სიყვარული ჩვენსა და მოსახლეობას შორის. სასიამოვნო იყო ისიც, რომ მსგავსი პროექტი არასოდეს განხორციელებულა, მათ შეძლეს და ფოტოებით აჩვენეს სოფლის ექიმის როლი და მნიშვნელობა“ - შორენა ცინარიძე, ოჯახის ექიმი ხულოდან.

ამ ინიციატივის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მომავალ ექიმებს შესაძლებლობა ჰქონდათ სოფლის ექიმის შრომა გვერდიდან დაენახათ, წარმოეჩინათ მათი როლი და ფირზე აღებეჭდათ სამუშაო პროცესი. პროექტი, რომელიც თბილისის სამედიცინო აკადემიის ინსტიტუციურ კულტურას და მისიას ეხმიანება, მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, აამაღლოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ექიმების ცნობადობა და მეორე მხრივ ხელი შეუწყოს სოფლებში ახალგაზრდა ექიმების დასაქმების მოტივაციას.

ჩვენი ინსტიტუციური კულტურიდან და სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე განვახორციელეთ პროექტი „სოფლის ექიმის 6 დღე“, რომლის მიზანია საზოგადოებაში სოფლის ექიმების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამავდროულად, სტუდენტებში პროფესიონალიზმის გაღვივება. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი პროექტებით ჩვენი მომავალი ექიმები ბევრად უფრო დაკვირვებულები, ემპათიურები და გულისხმიერები იქნებიან, ზოგადად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსდისციპლინური მიდგომა. უკვე რამდენიმე წელია ვახორციელებთ პროექტს მედიცინა და ხელოვნება, რომელიც ლოგიკურ ბმაშია ამ ახალ პროექტთან“ - ირინე შოთაძე, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის რექტორი.

ფოტოპროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე სტუდენტებმა ისწავლეს ფოტოგრაფიის საფუძვლები, ორთვიანი მოსამზადებელი ეტაპი ფოტოგრაფთან და პროექტის თანვტორთან, ლელი ბლაგონრავოვასთან ერთად გაიარეს და ასევე, ამბის თხრობის, წერის ტექნიკასაც დაეუფლნენ.

ფოტოგამოფენაზემედიცინის სტუდენტებმა საზოგადოებას გააცნეს მაღალმთიანი აჭარის ექიმების მრავალფეროვანი ცხოვრება, ამასთან, კოლეგებსა და საზოგაოებას თავისი პერსპექტივიდან დანახული ექიმის პროფესია გაუზიარეს.