თსა-ს პროექტი -საბავშვო უნივერსიტეტი "მედიცინა და ხელოვნება"
2020-05-05


პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია გიწვევთ საბავშვო უნივერსიტეტში "მედიცინა და ხელოვნება". აღნიშნული აქტივობა ჩატარდება 2020 წლის ივლისში. ის განკუთვნილია საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების (X, XI, XII) მოსწავლეებისათვის და გულისხმობს მათთვის მედიცინისა და ხელოვნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სახალისო, თვალსაჩინო და ინტეგრაციული ფორმით. აღსანიშნავია, რომ კორელაცია მედიცინასა და ხელოვნებას შორის საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ექიმები ხშირად აკეთებდნენ ჩანახატებს ადამიანის სხეულის შესწავლისას; ყველას ახსოვს ლეონარდო და ვინჩის ჩანახატები. გარდა ამისა, ზოგიერთი ხელოვანის წარმატება სწორედ, რომ ანატომიური თავისებურებებით იყო განპირობებული: ვიოლინოს ვირტუოზს, ნიკოლო პაგანინის, სახსრების უჩვეულო ელასტიურობა ახასიათებდა; მსახიობ ელისაბედ ტეილორს წამწამები ორ რიგად ეზრდებოდა, რაც მის მზერას განსაკუთრებულ სიღრმეს ანიჭებდა, და ა.შ.

საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მსმენელებს ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარები და ასევე შესაძლებლობა ექნებათ თავისი ხელით შეასრულონ მარტივი ექსპერიმენტები თსა-ს ლაბორატორიის, სიმულაციური კლინიკის და ვირტუალური რეალობის შესაძლებლობების გამოყენებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აქტივობებს, რომელთა ფარგლებში საბავშვო უნივერსიტეტის მსმენელები გაეცნობიან სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაგეგმვის პრინციპებს, მოამზადებენ პრეზენტაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე და მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში "მედიცინა და ხელოვნება".
პროექტი საბავშვო უნივერსიტეტი "მედიცინა და ხელოვნება" დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2019 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში. ამჟამად მიმდინარეობს საბავშვო უნივერსიტეტის მსმენელთა რეგისტრაცია.
რეგისტრაციისათვის, მიჰყევით ბმულს - http://tiny.cc/4py5nz