თსა-მ ვილნიუსის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
2021-07-07

6-7 ივლისს, თსა-მ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა ვილნიუსის უნივერსიტეტის დელეგაციას. ვიზიტის მიზანი იყო უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარება და შემდგომი თანამშრომლობის დაგეგმვა. ვილნიუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს აკადემიის შენობა და გაეცნენ იმ სასწავლო რესურსებს, რასაც აკადემია სწავლების პროცესში აქტიურად იყენებს.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სასწავლო პროგრამები და კურიკულუმი. მოწვეულ სტუმრებს თსა-ს გუნდის წევრებმა ობიექტურად სტრუქტურირებული გამოცდების (OSCE) ჩატარების შესახებ გამოცდილებაც გაუზიარეს.

თბილისის სამედიცინო აკადემიას ვილნიუსის უნივერსიტეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში აკადემიის სტუდენტებს საშუალება აქვთ ერთი სემესტრით ან ერთი წლით ვილნიუსის უნივერსიტეტში ისწავლონ. გარდა ამისა, ვილნიუსის უნივერსიტეტი თსა-ს ევროპელი პარტნიორია პოექტში SAFEMED+, რომელიც მიზნად ისახავს სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, საბაზისო კლინიკური უნარ-ჩვევების კურიკულუმის მოდერნიზაციასა და იმპლემენტაციას.